გადაწყვეტილება №23678/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23678/2/2024
09 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,---”-ის 8.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23678/2/2024).
დავის საგანი:
ფულის ნაშთის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2024 წლის №081-124 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17219 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
1 534 914,57 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 790 164
ჯარიმა - 395 182
საურავი - 349 568,57
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავტომანქანის მაყუჩის ამორტიზებული ფილტრის (კატალიზატორის) შეძენა ფიზიკური პირებისგან და ექსპორტი. აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.11.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილია 5 029 ერთეული, ფიზიკური პირისგან საქონლის ავტომანქანის მაყუჩის ამორტიზირებული ფილტრის (კატალიზატორი) შეძენის დამადასტურებელი შესყიდვის აქტი. საწარმოს წარმომადგენლის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების მიხედვით საწარმოს ექსპორტიდან მიღებული აქვს შემოსავალი 13 839 427 ლარი. 2021 წლის შემდეგ საწარმო წყვეტს ეკონომიკურ საქმიანობას.
შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, საწარმოს მიერ წარმოდგენილ შესყიდვის აქტებში ხელოვნურად მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულება. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად ცალკეულ შემთხვევებში დაბეგვრის ობიექტის და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია ერთობილი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი განისაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. შედეგად შემოწმებით რეალიზებული საქონლის იმ ნაწილზე, რომელზეც არ ფიქსირდება შეძენის დოკუმენტები, ხარჯები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით (სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ გადასახადის გადამხდელებთან ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგებზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების პრაქტიკის მიხედვით), კერძოდ: გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2.02.2012 წლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო, შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში ხარჯად აღიარებული იქნა მიღებული შემოსავლის 75% - 10 379 570 ლარი, ასევე ხარჯებში გათვალისწინებული იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, სულ 299 202 ლარის ოდენობით, შესაბამისად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 3 160 655 ლარი.
შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის 3 160 655 ლარის (გადასახადების გარეშე) საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე და 291-ე მუხლებით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2024 წლის №081-124 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17219 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილია 5 029 ერთეული, ფიზიკური პირისგან საქონლის ავტომანქანის მაყუჩის ამორტიზირებული ფილტრის (კატალიზატორი) შეძენის დამადასტურებელი შესყიდვის აქტი.
საწარმოს წარმომადგენლის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების მიხედვით საწარმოს ექსპორტიდან მიღებული აქვს შემოსავალი 13 839 427 ლარი. შემოწმების მიერ ხარჯები განსაზღვრული იქნა არაპირდაპირი მეთოდით და ხარჯად აღიარებული იქნა მიღებული შემოსავლის 75% - 10 379 570 ლარი, ასევე ხარჯებში გათვალისწინებული იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, სულ 299 202 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. აცხადებს, რომ შემოწმებას ელექტრონული და მატერიალური სახით მიეწოდა საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, თუმცა არ იქნა სრულად და კვალიფიციურად შესწავლილი და გადასახადების დაანგარიშება განხორციელდა სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული მსჯელობების საფუძველზე.
გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოსავლის აღიარების ნაწილში არ არის გათვალისწინებული უცხოურ ვალუტაში ჩარიცხული თანხების განაღდების (ნაღდი ფულის სალაროში შემოსვლა) თარიღების კურსი, რომლითაც უგულვებელყოფილია ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები. ხოლო ხარჯებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტში მოყვანილი გარემოებებით შეუძლებელია დადგენა რომელ რეალიზებულ საქონელზე არ ფიქსირდება შეძენის დოკუმენტი, როდესაც ამავე აქტშია მოცემული ფაქტი, რომ შესამოწმებელ პერიოდზე საწარმოს მიერ წარმოდგენილია 5 029 ერთეული ფიზიკური პირებისგან საქონლის ავტომანქანის მაყუჩის ამორტიზირებული ფილტრის (კატალიზატორის) შეძენის დამადასტურებელი შესყიდვის აქტი. გადამხდელი აღნიშნავს, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომლის არსებობის შესახებაც მათ შეიტყვეს საგადასახადო შემოწმების აქტის გაცნობის დროს, ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში არც ერთხელ არ იქნა მომართული შპს ----ს უფლებამოსილ წარმომადგენელზე მოკვლეულ ფაქტებზე განმარტებების წარდგენის მიზნით, რითაც არ მიეცათ შესაძლებლობა დაეცვათ მათი კანონიერი ინტერესები და საქმის მიმდინარეობის პროცესშივე დაგვემტკიცებინა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში მოყვანილი მონაცემების სისწორე.
შპს -----მა 20.06.2024 წლის შემოსავლების სამსახურს მიმართა წერილობითი თხოვნით დაუბრუნოს შემოწმების ჯგუფისათვის წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და გადმოეცეს შემოწმების აქტში ნახსენები საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე საგამოძიებო სამსახურში შპს საქმიანობის მოკვლევისათვის დაკავშირებით შედგენილი დოკუმენტების გაცნობის შემდეგ მიეცათ ჩატარებული ღონისძიების თაობაზე უფრო სიღრმისეული დეტალური და სამართლებრივი პოზიციის წარმოდგენის შესაძლებლობა.
ასევე დოკუმენტაციის დაბრუნების შემდეგ გვექნება საჩივარში მოყვანილი ფაქტების რიგი მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ მის მიერ გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, გარდა შესყიდვის აქტების საფუძველზე შეძენილ საქონელზე გადახდილი თანხებისა, შეადგენს 2 076 227 ლარს, რაც 1 777 025 ლარით მეტია შემოწმებით დადგენილ ხარჯებზე, მათ შორის: 2020 წელს შეძენილი და 2021 წელს რეალიზებული სმფ-ების დავალიანების და აღებული სესხის ნაწილის დასაფარად გადახდილი თანხა, ბანკის საკომისიოს თანხები, ტვირთის გადაზიდვის მომსახურების თანხები, ასევე დამფუძნებელზე გადახდილი და დეკლარირებული თანხები, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, ხელფასის სახით გაცემული და საპენსიო შენატანის სახით გადახდილი თანხები.
შედეგად, გადამხდელი აღნიშნავს, რომ ცალსახად და არაორგანიზებულად დაადასტურეს, რომ გასაჩივრებულ ბრძანებაში და კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში სრულადაა უგულებელყოფილი საგადასახადო კოდექსით და ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი სამართლებრივი ნორმები და მოთხოვნები.
საჩივრის განხილვისას და შემოწმების დროს არ იქნა შესწავლილი საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი პირველადი დოკუმენტაცია, ინფორმაცია და გადასახადების დაანგარიშება განხორციელდა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებული სუბიექტური მსჯელობის საფუძველზე. ამასთან, გადამხდელს საჩივრებზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების მიხედვით საწარმოს ექსპორტიდან მიღებული აქვს შემოსავალი 13 839 427 ლარი.
გამოძიებით დადგენილია, რომ საწარმოს მიერ წარმოდგენილ შესყიდვის აქტებში ხელოვნურად მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულება. გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, ხარჯად აღიარებული იქნა მიღებული შემოსავლის 75% - 10 379 570 ლარი, ასევე ხარჯებში გათვალისწინებული იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, სულ 299 202 ლარის ოდენობით.
სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მიღებული შემოსავლის და დოკუმენტურად დადასტურებული სხვა ხარჯების გაანგარიშებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ფულის ნაშთის განსაზღვრისას, შემოსავალი გაანგარიშებულ იქნა უცხოური ვალუტის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის დღეს არსებული ვალუტის კურსის შესაბამისად, ხოლო საქონლის შეძენის ხარჯი გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით და ჩათვლილ იქნა მიღებული შემოსავლის 75%, ასევე გათვალისწინებულ იქნა სხვა დოკუმენტურად დადასტურებული, მათ შორის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული ხარჯები.
საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
ფულის ნაშთის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, საწარმოს მიერ წარმოდგენილ შესყიდვის აქტებში ხელოვნურად მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფიზიკური პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულება. შემოწმებით რეალიზებული საქონლის იმ ნაწილზე, რომელზეც არ ფიქსირდება შეძენის დოკუმენტები, ხარჯები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით (სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ გადასახადის გადამხდელებთან ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგებზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების პრაქტიკის მიხედვით).
შემოწმების შედეგად დამატებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის 3 160 655 ლარის (გადასახადების გარეშე) საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია, ასევე არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დამატებით დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 105; 72; 101; 154.