გადაწყვეტილება №21688/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21688/2/2023
19 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 22.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21688/2/2023).
დავის საგანი:
აღურიცხავი ნაღდი ფულის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.08.2023 წლის №066-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26930 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 54 834,55 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 34 350
დღგ - 5 559
საშემოსავლო გადასახადი - 28 791
ჯარიმა - 16 668
საურავი - 3 816,55
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 31.07.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 5.06.2023 წლამდე პერიოდი.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, კომპანიის ფულადი სახსრები გაანგარიშდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ შემოწმებით დადგენილ მთლიან შემოსავალს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის გაცემული ხელფასები და დივიდენდები, გაანგარიშებაში ასევე გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხები (არსებობის შემთხვევაში). შედეგად, გამოვლინდა აღურიცხავი ნაღდი ფული, რომელიც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.08.2023 წლის №066-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26930 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთან, შემოწმებით გამოვლინდა ისეთი თანხების ჩარიცხვა და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც გადამხდელს არ აქვს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული. ასევე, გამოვლინდა აღურიცხავი ნაღდი ფული, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს 2020 წლის თებერვლის თვეში გაცემული აქვს ხელფასები ფიზიკურ პირებზე, რომლებიც არ იყო ასახული შესაბამისი პერიოდის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის №066-11 საგადასახადო მოთხოვნის (№19152 ბრძანება) თანახმად დარიცხულია დღგ 5 559 ლარი და საშემოსავლო გადასახადი 28 791 ლარი. წარდგენილია ყველა დეკლარაცია შესაბამისად და სწორად, მოგების გადასახადი დეკლარირებულია 2023 წლის თებერვლის 123 158 ლარი მოგება და 2023 წლის მარტის 107 368 ლარის მოგება და ეს გადასახადები შესაბამისად აღრიცხულია ბარათზე. ეს გადასახადები არ არის გადახდილი, ამიტომ დარიცხულია საშემოსავლო გადასახადში თანხები და ეს ორმაგ დაბეგვრას ნიშნავს. ამიტომ, უნდა ჩამოიწეროს საშემოსავლო გადასახადი 28 791 ლარი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებით დადგენილ მთლიან შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებს შორის გამოვლინდა სხვაობა.
ვინაიდან შემოწმებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის გაცემული ხელფასები და დივიდენდები, გაანგარიშებაში ასევე გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და ამასთან, გამოვლინდა სხვაობა, რომლის გახარჯვის შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
აღურიცხავი ნაღდი ფულის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, კომპანიის ფულადი სახსრები გაანგარიშდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ შემოწმებით დადგენილ მთლიან შემოსავალს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის გაცემული ხელფასები და დივიდენდები, გაანგარიშებაში ასევე გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხები (არსებობის შემთხვევაში). შედეგად, გამოვლინდა აღურიცხავი ნაღდი ფული, რომელიც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის მიხედვით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის გაცემული ხელფასები და დივიდენდები, გაანგარიშებაში ასევე გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და ამასთან, გამოვლინდა სხვაობა, რომლის გახარჯვის შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275;