ბრძანება N 677
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 677
20.01.2023
შპს „-------------” (ს/ნ -----------)
(მის.: -------------)
2022 წლის 13 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა შპს „-------------” (ს/ნ -----------) №226027/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №EL192753 და №EL192754 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვების საფუძველზე შპს „-------------” (ს/ნ -----------) კუთვნილ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ორი საბაჟო საწყობი.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მეწარმის საფირმო სახელი უნდა იყოს ქართულ ენაზე. შესაბამისად, კომპანიის პარტნიორთა გადაწყვეტილებით მოხდა მისი სახელწოდების პრაქტიკული ტრანსკრიბირება - ინგლისური სახელწოდების ქართულ ენაზე გადმოტანა/ჩაწერა და ამ გზით რეესტრის მონაცემებში ასახვა. მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-8 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამასთან აღნიშნავს, რომ საბაჟო საწყობის სანებართვო პირობის დაკმაყოფილებისთვის წარმოდგენილია ერთი საბანკო გარანტია, რაც საკმარისია და არ ეთანხმება თითოეულ საბაჟო საწყობზე ცალ-ცალკე ოქმების შედგენას.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 7 ნოემბერს, შპს „-------------” (ს/ნ -----------) №202056/21-10-19 განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ნებართვის მფლობელი საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში პირველ სექტემბერს განხორციელებული საწარმოს საფირმო სახელწოდების ცვლილების შესაბამისად წარმოადგინა გარანტია.
ზემოაღნიშნულ კომპანიაზე მომსახურების დეპარტამენტის 2012 წლის 24 დეკემბრის №30582 და საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 18 ოქტომბრის №32865 ბრძანებებით გაცემულია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვები ორ საბაჟო საწყობზე (GE----- – WHS4------; GET--- – WHS-----------------------A)
შპს „-------------” (ს/ნ -----------) საწარმოს საფირმო სახელწოდების ცვლილება განახორციელა 2022 წლის პირველ სექტემბერს, ხოლო შემოსავლების სამსახურს გარანტია წარუდგინა 2022 წლის 7 ნოემბერს. ვინაიდან შპს „-------------” (ს/ნ -----------) აღნიშნული გარანტიის წარდგენა ვერ უზრუნველყო საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში (საწარმოს საფირმო სახელწოდების ცვლილებიდან 7 დღის ვადაში), მისი მხრიდან დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობები.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ ორ საბაჟო საწყობზე (GE--- – WHS-----------; GET--- – WHS---------A) ცალ-ცალკე 2022 წლის 30 ნოემბერს შედგენილ იქნა №EL192753 და №EL192754 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „-------------” (ს/ნ -----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 2 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელი საწარმოს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს გარანტია, რომელშიც „------“ ან „-----“ გრაფაში მიეთითება, ნებართვის მფლობელი საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სრული საფირმო სახელწოდება.
ამავე დადგენილების მე-8 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი ჰქონდეს გარანტიით.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ კომპანიაზე მომსახურების დეპარტამენტის 2012 წლის 24 დეკემბრის №30582 და საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის ----№---- ბრძანებებით გაცემულია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვები ორ საბაჟო საწყობზე (GE--- – WHS-----------; GET--- – WHS---------A).
დადგენილია ასევე, რომ მომჩივანმა შემოსავლების სამსახურში გარანტიის წარდგენა ვერ უზრუნველყო „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, რაც წარმოადგენს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით მე-8 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობას. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა კი არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (176-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტებით, თითოული საბაჟო საწყობზე, საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისთვის კომპანიის დაჯარიმება მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------------” (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2022 წლის 30 ნოემბრის №EL192753 და №EL192754 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმებისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.