გადაწყვეტილება №25131/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2025
№ დოკუმენტი 25131/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25131/2/2025

15 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 29.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25131/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №161-12 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.04.2025 წლის №6421 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 279 906,94 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 164 291

დღგ - 59 331

მოგების გადასახადი - 251

საშემოსავლო გადასახადი - 104 709

ჯარიმა - 83 824

საურავი - 31 791,94

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობაა ძირითადად იმპორტირებული ხახვის საცალო და საბითუმო რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 3.04.2024 წლამდე, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 5.04.2024 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 899 228 ლარს. შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 16%-ს, ბუღალტრულ ჩანაწერებში საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერა ხდებოდა დღის/თვის ბოლოს ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის შესაბამისად, თვეების მიხედვით საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და მერყეობდა 2%-42%-ის ფარგლებში.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლის თვითღირებულება კი არაარსებითია. შედეგად, საცალო რეალიზაციის ნაწილში, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემოსავლის გაანგარიშება განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ: საცალოდ (დოკუმენტების გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე (მხოლოდ ხახვის რეალიზაციის ნაწილში) გავრცელდა ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატი 64%, გაიზარდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 355 004 ლარით (დღგ-ის გარეშე). ასევე, შემოწმებით დამატებით დადგენილი შემოსავალი 418 904 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შემოწმების შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციები.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №161-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.01.2025 წლის №916 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 27.02.2025 წლის №24761/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 4.04.2025 წლის №6421 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61- ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საცალო რეალიზაციის ნაწილში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოსავლის გაანგარიშება მართლზომიერია. ამასთან, საცალოდ რეალიზებულ ხახვის თვითღირებულებაზე ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატის გავრცელება (64%), რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების მიერ დამატებით დადგენილი შემოსავალი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლის/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურმა მომჩივნის თანდასწრებით განიხილა საჩივარი და კვლავ არ დააკმაყოფილა, თუმცა უარის თქმის არანაირი საფუძველი არ გააჩნდა. შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

მიუხედავად მომჩივნის მიერ წარდგენილი ერთი კი არა, რამოდენიმე არგუმენტირებული მოთხოვნისა, ფაქტობრივად, შემოსავლების სამსახურმა გაიმეორა იგივე, რაც წინა განხილვისას. მომჩივნის არგუმენტები აღებული იყო პორტალ RS.GE-ზე არსებული მონაცემების საფუძველზე, მაგალითად: დოკუმენტალურად დადასტურებული გაყიდვების წილი მთლიან გაყიდვებში 7%-ს წარმოადგენს, რაზედაც წარდგენილი იყო სათანადო ფასნამატის ცხრილი. აქ მთავარი ისაა, რომ დოკუმენტალურად დადასტურებული გაყიდვებიც არსებითი იყო და ამავდროულად 2023 წლის სექტემბრის თვეში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვისას არ გამოვლინდა სამართალდარღვევა, ხოლო აღნიშნული საცალო შესყიდვის დრო დაფიქსირებული ფასები ედრებოდა ამავე პერიოდში დოკუმენტური რეალიზაციის დროს დაფიქსირებულ ფასებს. რაზედაც ასევე წარდგენილია სათანადო მტკიცებულება, კერძოდ, დოკუმენტალურად დადასტურებული გაყიდვების ცხრილი, არსებული ცხრილის მიხედვით გამოვლენილი დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 15%-ს, რაც ასევე თანხვედრაშია დეკლარირებულ ფასნამატთან, დოკუმენტური რეალიზაცია კი მთლიანი ბრუნვის 7%-ს შეადგენს, რაც საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არსებითია, ამიტომ ჯერ აუდიტორებს, ხოლო შემდგომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის ორგანოს კანონის შესაბამისად პრიორიტეტულად უნდა ჩაეთვალათ, თუმცა მათ ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატის მიხედვით განახორციელეს დარიცხვა. ისინი არსებითად არ თვლიან დოკუმენტალურად დადასტურებულ გაყიდვებს და მათ არ მიიღეს ეს არგუმენტები და ისინი ჯიუტად იმეორებენ იგივეს, ანუ პროგრამა ორისში ბუღალტრულ ჩანაწერებში საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერა ხდებოდა დღის/თვის ბოლოს ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით (თუმცა ეს არსებით განსხვავებულ შედეგს ვერ მოიტანს). ამიტომ აღადგინა პროგრამა „ორისი“ იმგვარად როგორც ამას აუდიტორები ითხოვდნენ.

ვინაიდან მომჩივანმა წაშლილი პროგრამა აღადგინა იმგვარად, როგორც აუდიტორები ითხოვდნენ და მათ მხარს უჭერდა შემოსავლების სამსახურიც (რისთვისაც კოლოსალური შრომა გასწიეს) მომჩივანი ითხოვს აღნიშნული ჩაგვითვალოთ ახალ გარემოებად და საჩივარი კვლავ გადაუგზავნოთ შემოსავლების სამსახურს, რათა შემდგომ აუდიტის დეპარტამენტმა მოახდინოს პროგრამა ორისის გადამოწმება და მის კვალობაზე მოახდინოს თანხების დარიცხვა. მომჩივანი ითხოვს მათი წარმომადგენლის მონაწილეობით იქნას განხილული საჩივარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საწარმო ახორციელებს ძირითადად იმპორტირებული ხახვის საცალო და საბითუმო რეალიზაციას. საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 899 228 ლარს. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ მოწოდებული იქნა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, ასევე საბანკო ანგარიშიდან ამონაწერები. წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი შეადგენს 16%-ს, ბუღალტრულ ჩანაწერებში საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერა ხდება დღის/თვის ბოლოს ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით, აღრიცხვის პროგრამის შესაბამისად თვეების შესაბამისად საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან და მერყეობს 2-42%-ის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიმდინარეობისას არსებული მონაცემებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლის თვითღირებულება არაარსებითია, შესაბამისად შემოსავლის გაანგარიშება საცალო რეალიზაციის ნაწილში საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ: საცალოდ (დოკუმენტების გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე (მხოლოდ ხახვის რეალიზაციის ნაწილში) გავრცელებული იქნა ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებლ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატი 64%, შესაბამისად გაიზარდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა 355 004 ლარით (დღგ-ის გარეშე), რაც დამატებით დაიბეგრა დღგ-ით, ასევე შემოწმებით დამატებით დადგენილი შემოსავალი 418 904 ლარი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი მიუთითებს შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებულ საკონტროლო შესყიდვას და აცხადებს, რომ იგი თანხვედრაშია დოკუმენტური რეალიზაციის ფასთან, რომელზეც ვლინდება 15% იანი ფასნამატი. 2023 წლის 20 სექტემბრის №21518 ბრძანებით ჩატარებული მიმდინარე კონტროლის შედეგად, საწარმოსგან 72 თეთრად (დღგ-ის ჩათვლით) შეძენილია 1 კგ ხახვი, საწარმოს 2023 წლის 13 ივნისის შემდეგ არ აქვს იმპორტის სასაქონლო ოპერაცია, ხოლო ადგილობრივი შეძენების მიხედვით უახლოესი შეძენის მიხედვით კილოგრამი ხახვი შეძენილი აქვს 77 თეთრად (დღგის ჩათვლით), ნაცვლად 15% ვლინდება უარყოფითი ფასნამატი, ასევე გადასახადის გადამხდელს ფასნამატთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული სხვა მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი. წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილია ფასნამატის ცხრილი, რომელიც შედგენილია კომპანიის დოკუმენტალურად დადასტურებული გაყიდვებიდან, მაგრამ საჩივარზე აღნიშნული ცხრილი არ არის დართული. გადასახადის გადამხდელს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში 2025 წლის 16 თებერვალს წარმოდგენილ საჩივარს ახლავს ფაილი (შპს „-------“-ის ფასნამატის ცხრილი), სადაც მოცემულია საქონლის შეძენის (აფასებული) ღირებულება და საქონლის დოკუმენტური რეალიზაციის ფასი, რაც ცნობილი იყო შემმოწმებლებისთვის და აღნიშნული ინფორმაცია (შპს „-------“-ის ფასნამატის ცხრილი) არ ახდენს გავლენას შემოწმების შედეგებზე.

საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივანს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ამგვარად, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამით და საბანკო ამონაწერებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საცალოდ (დოკუმენტების გარეშე) რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე (მხოლოდ ხახვის რეალიზაციის ნაწილში) ტერიტორიული ნიშნით შერჩეული სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგენილი ფასნამატის გამოყენებით მართებულია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს,რომ საჩივარი კვლავ გადაუგზავნოთ შემოსავლების სამსახურს, რათა შემდგომ აუდიტის დეპარტამენტმა მოახდინოს პროგრამა ორისის გადამოწმება და მის კვალობაზე მოახდინოს თანხების დარიცხვა. მომჩივანი ითხოვს მათი წარმომადგენლის მონაწილეობით იქნას განხილული საჩივარი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 899 228 ლარს. შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 16%-ს, ბუღალტრულ ჩანაწერებში საცალო რეალიზაციის ნაწილში საქონლის ჩამოწერა ხდებოდა დღის/თვის ბოლოს ერთიანად და არა ყოველი ოპერაციის მიხედვით. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის შესაბამისად, თვეების მიხედვით საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და მერყეობდა 2%-42%-ის ფარგლებში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლის თვითღირებულება კი არაარსებითია. შედეგად, საცალო რეალიზაციის ნაწილში, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემოსავლის გაანგარიშება განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.შემოწმების შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და ასევე შეეფარდა სსკ-ის 275-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციები.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),101,154,158,163,164,275,291.