ბრძანება N 12362
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12362
05.06.2023
ა(ა)იპ „-----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.:----------------)
2023 წლის 6 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 აპრილის (ოქმი №40) და 11 მაისის (ოქმი №52) სხდომებზე განიხილა ა(ა)იპ „-------------“-ის (ს/ნ -------------) №80226/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 მარტის №001-29 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით 2020 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის დაკისრებას. აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აგვისტოს №1366 განკარგულებით, 2022 წლის 8 აგვისტოს ა(ა)იპ „-------------“-სა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება დავალიანებაზე, რომელიც დარიცხული იყო 2020 წლის 7 ივლისის №18397 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შემოწმებით.
აღნიშნულის შემდეგ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა იგივე პერიოდის ხელახალი შემოწმება და იმავე საგადასახადო ანგარიშფაქტურებზე დამატებით იქნა დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 თებერვლის №2490 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ა(ა)იპ „-------------“-ის (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის: სერია „-----“ №------- დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით.
შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 თებერვალს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 6 მარტის №4171 ბრძანება და 9 მარტის №001-29 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 3 775 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 060 ლარი, ჯარიმა 2 651 ლარი, საურავი 64 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ერთობლიობით დგინდება, რომ ა(ა)იპ „-----------“-ის (ს/ნ -----------) მიერ 2020 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა „---------- (სულ თანხა 6 951.08 ლ., დღგ-ის თანხა 1 060.38 ლ.) არის ყალბი.
ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შემოწმებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 280-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ერთობლიობით დადგენილია ა(ა)იპ „------------“-ის (ს/ნ -----------) მიერ 2020 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის „---------" (სულ თანხა 6 951.08 ლ., დღგ-ის თანხა 1 060.38 ლ.) სიყალბე.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებაში, რომ განმეორებით იქნა შემოწმებული წინა საგადასახადო შემოწმებით მოცული ანგარიშ-ფაქტურა, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 7 ივლისის №18397 ბრძანებისა და მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2020 წლის 6 აგვისტოს №23010 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული იქნა ა(ა)იპ „----------I“-ის (ს/ნ ----------) კამერალური საგადასახადო შემოწმება, შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 თებერვლის №2490 ბრძანების საფუძველზე კი განხორციელდა საგადასახადო შემოწმება ა(ა)იპ „-----------“-ის მიერ 2020 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით, შესაბამისად მიმდინარე შემოწმება არ მოიცავდა წინა საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება და სანქციის შეფარდება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ა(ა)იპ „------------“-ის (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით 2020 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურით დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის დაკისრებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ერთობლიობით დგინდება, რომ ა(ა)იპ ის მიერ 2020 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდზე მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის ყალბი.
ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შემოწმებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება და სანქციის შეფარდება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
173(1);174(1);275(2);280;