გადაწყვეტილება №26576/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.03.2026
№ დოკუმენტი 26576/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26576/2/2026

26 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,20.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 4.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26576/2/2026).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2025 წლის №023-23 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.02.2026 წლის №2061 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 498 436,37 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 322 333,00

დღგ - 109 001,93

საშემოსავლო გადასახადი - 213 331,07

ჯარიმა - 167 275,10

საურავი - 8 828,27

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობაა ფეხსაცმლისა და ჩანთების იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 27 ნოემბერს.

აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 27.11.2024 წლიდან 1.11.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი აქვს მხოლოდ ნულოვანი დეკლარაციები (საშემოსავლო, მოგება). ამასთანავე, ვერ განხორციელდა საქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის განსაზღვრა, რადგან ვერ მოხერხდა გადამხდელის ობიექტის მოძიება. საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით (400 ლარი).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, იმპორტირებული საქონელი დაიყო კატეგორიებად და თითოეულ კატეგორიაზე გავრცელდა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მსგავსი საქმიანობის გადამხდელის აუდიტირებული ფასნამატი. ფასნამატის კოეფიციენტმა ფეხსაცმელზე შეადგინა - 66%, ჩანთებზე - 57%, სხვა საქონელზე - 62%. ფასნამატის გავრცელების შედეგად მიღებული შემოსავლები დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან გათვალისწინებული იქნა საბაჟო დეკლარაციების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების პროცესში განხორციელდა საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლისა და ხარჯების (საბაჟო ხარჯი, დოკუმენტური ხარჯი, ბიუჯეტში გადახდილი თანხები) გათვალისწინებით საწარმოში დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რაც დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად.

შემოწმების შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2025 წლის №023-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.02.2026 წლის №2061 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 22 იანვარს 11:30 საათზე გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, მართზლომიერად განისაზღვრა პირის საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ასევე მართლზომიერად განხორციელდა იმპორტირებულ საქონელზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გავრცელება. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

რევიზიის აქტის მიხედვით, დღგ-ის დარიცხვა უკავშირდება საწარმოს მიმართ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არაპირდაპირი მეთოდის, კერძოდ, ფასნამატის გამოყენებას: შემოწმების აქტის მიხედვით კომპანიას არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული აქვს მიღებული/მისაღები შემოსავალი, მაშინ როდესაც ასეთი შემოსავალი არ ჰქონია კომპანიას. ასევე განბაჟების დროს იქნა ინვოისთან შედარებით გაზრდილი - აფასებით განბაჟება პროდუქციის. აქედან გამომდინარე ფასნამატი ძალიან დიდია. შემოწმების აქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი რადგან, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული მიღებული/მისაღები შემოსავლებით და ხარჯებით გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა და სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანი საგადასახადო ორგანოს პოზიციას არ ეთანხმება შემდეგი გარემოებების გამო: არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების გამოანგარიშება არ არის მართებული და არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, რადგან გადამხდელმა არა თუ სარგებელი მიიღო არამედ მისი კუთვნილი თანხა შეიტანა კომპანიაში, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. ასევე ზედმეტად დარიცხული შემოსავალი რომელიც გამოიწვია არაპირდაპირმა მეთოდმა და რის გამოც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი არარეალური და ამიტომ გადასახადის გადამხდელი ითხოვს, შემოწმება დაეყრდნოს უტყუარ მონაცემებს და არა საეჭვო რიცხვებს და მოხდეს აღნიშნული დარიცხვის ბათილად ცნობა. ყოველივე ზემოაღნიშნული მოწმობს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არსებითადაა დარღვეული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც სზაკ-ის მე-601 მუხლის თანახმად, ამ აქტის ბათილობის საფუძველია. ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ აქტის გამოცემის პროცესში არ მომხდარა საკითხის ყოველმხრივ შესწავლა. საკითხისათვის არსებითი ხასიათის გარემოებების შესწავლის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. არგუმენტები, რაზეც გადასახადის გადამხდელი საუბრობს, არ მიგვაჩნია დამაჯერებლად

მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ზემოაღნიშნული და ბათილად იქნას ცნობილი: შემოსავლების სამსახურის, დავების სამსახურის 2026 წლის №2061 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2026 წლის №------ წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილი იქნა სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც არ იქნა წარმოდგენილი, რის საფუძველზეც საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის 2025 წლის 19 ნოემბერს გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით (400 ლარი), (ოქმი №188943). ამასთან გადამხდელის მიერ მოწოდებული იქნა მხოლოდ საბანკო ამონაწერები, რომელიც ვერ ჩაითვლება დაბეგვრასთან დაკავშირებულ სრულ დოკუმენტაციად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმება წარმიმართა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონელი დაიყო კატეგორიებად და თითოეულ კატეგორიაზე გავრცელდა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მსგავსი საქმიანობის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს სულ უფიქსირდება 9 იმპორტის დეკლარაცია, აქედან აფასება შეეხო მხოლოდ სამ დეკლარაციას აფასებულმა თანხამ შეადგინა 77 340 ლარი, რომელიც შემოწმების დროს გათვალისწინებული იქნა და ფასნამატი გავრცელდა საინვოისო ღირებულებაზე ნაცვლად აფასებული ღირებულებისა. აქედან გამომდინარე გადამხდელის არგუმენტაცია მოკლებულია საფუძველს.

დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომას.

მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის, დავების სამსახურის 2026 წლის №2061 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი აქვს მხოლოდ ნულოვანი დეკლარაციები ამასთანავე, ვერ განხორციელდა საქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის განსაზღვრა, რადგან ვერ მოხერხდა გადამხდელის ობიექტის მოძიება. საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა სსკ-ის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით.ფასნამატის გავრცელების შედეგად მიღებული შემოსავლები დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან გათვალისწინებული იქნა საბაჟო დეკლარაციების მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოწმების პროცესში განხორციელდა საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი,საწარმოში დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რაც დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შემოწმების შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ხოლო საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის შეეფარდა სანქცია.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),164,275,279.