ბრძანება N 7523

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.04.2023
№ დოკუმენტი 7523
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7523

06.04.2023

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 10 და 23 აგვისტოს საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №27) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 18 ნოემბრის №17776/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №73593/1/2022 და №74126/1/2022 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივლისის №032-1 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ჩასათვლელი მოგების გადასახადის კორექტირების შედეგად დარიცხულ მოგების გადასახადს, ასევე არ ეთანხმება აღნიშნულ ნაწილში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 აპრილის №10574 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 8 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 21 ივლისის №19460 ბრძანება და ამავე თარიღის №032-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 155 453 ლარი, მათ შორის, გადასახადი 86 829 ლარი, ჯარიმა 47 046 ლარი და საურავი 21 578 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და 2022 წლის 5 სექტემბრის №22857 ბრძანებით საჩივარი მე-3 დავის საგნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 სექტემბრის №22857 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2022 წლის 18 ნოემბრის №17776/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი ჩასათვლელი მოგების გადასახადის თანხის კორექტირების ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 18 ნოემბრის №17776/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია:

„საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი, საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მოგების ყოველთვიური დეკლარაციებით, 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შედეგად დეკლარირებული და ჩათვლილი მოგების გადასახადი შეადგენს 16 866 ლარს. ანგარიშგების პორტალზე (reportal.ge) წარდგენილია ფინანსური ანგარიშგება 2018 წლის 31 დეკემბრის დასრულებული წლისთვის, რომელშიც მითითებულია გაუნაწილებელი მოგება 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რაც შეადგენს 199 733 ლარს. გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია 2017 წლის გაუნაწილებელი მოგება/ზარალის შესახებ, შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით (შემოსავლების (დღგ-ის დეკლარაციებში მითითებული შემოსავალი) და ხარჯების (ხარჯები ელ. საგადასახადო დოკუმენტებით, გაცემული ხელფასები) სხვაობა) განისაზღვრა 2017 წლის ფინანსური შედეგი, შესაბამისად წარმოდგენილ გაანგარიშებაში დაფიქსირებულ გაუნაწილებელ მოგებას ( 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით), შემოწმებით განსაზღვრულ 2017 წლის ფინანსურ შედეგს შორის სხვაობას გამოაკლდა 2017 და 2018 წლების საანგარიშო პერიოდში გაცემული დივიდენდი (რაზეც გადამხდელმა განახორციელა მოგების ჩათვლა). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების გათვალისწინებით, გაანგარიშდა მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხა, რაც განსხვავდება გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემებისგან. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახამდ, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.

ამავე მუხლის 93-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ კანონით არ არის აკრძალული ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მემორიალური ორდერებით. მიუთითებს, რომ საწარმო მონაწილეობს საგზაო ტენდერებში და თითოეულ შესრულებაზე დამკვეთს წარუდგენს ფორმა N2-ს, რომლის სისწორეს ჯერ ამოწმებს დამკვეთი (სახელმწიფო ორგანო) და შემდეგ აწერს ხელს გადამხდელი. შესაბამისად, შესრულებულ სამუშაოზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით ხორციელდება გახარჯული მასალების ჩამოწერაც. ასევე, მემორიალურ ორდერებში აღრიცხული აქვთ დებიტორების/კრედიტორების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება უსაფუძვლოა. ასევე, მიუთითებს, რომ შემოწმებამ მოახდინა ხანდაზმული პერიოდის ინფორმაციის დამუშავება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლს. აცხადებს, რომ შემოწმებას შეეძლო დაყრდნობოდა წარდგენილი და გასაჯაროებული ფინანსური ანგარიშგების 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გაუნაწილებელი მოგების ნაშთს (199 733 ლარი) და ამ ციფრზე დაყრდნობით მოეხდინა ჩასათვლელი მოგების გადასახადის გადაანგარიშება. ასეთ შემთხვევაში დამატებით თანხები არ დაერიცხებოდათ. ასევე აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბაზაში არ არსებობს სრული ინფორმაცია, რომელიც გადამხდელების ფინანსურ მონაცემებს ეხება. თვლის, რომ შემოწმებამ გაიანგარიშა სავარაუდო მოგება 2017 წელზე, რომელზე დაყრდნობა წარმოუდგენელია. ითხოვს დარიცხული მოგების გადასახადის გაუქმებას. ამასთან, მიუთითებს, რომ თუ დაუშვებთ იმ მოცემულობას, რომ ხანდაზმული პერიოდის შემოწმება არის კანონშესაბამისი, ასეთ შემთხვევაში შემოწმებამ 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების გადამოწმებისას დაუშვა შემდეგი შეცდომა, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში ჩანს, რომ 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე საწარმოს დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლები შეადგენდა 2 390 143 ლარს დღგ- ის გარეშე, ხოლო ხარჯები -2 109 959. მათ შორის სხვაობა შეადგენს 280 184 ლარს, ნაცვლად 199 733 ლარისა. გამოდის, რომ შემოწმებით განსაზღვრული 2017 წლის ფინანსური შედეგი უნდა გაზრდილიყო. გარდა ამისა, საწარმოს 2008-2016 წლების საანგარიშო პერიოდზე ბიუჯეტში გადახდილი მოგების გადასახადი შეადგენს 96 033 ლარს, რომლის ჩათვლის უფლებაც აქვს. შესაბამისად მიაჩნია, რომ შემოწმებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილით დადგენილი ფორმულით სწორად რომ გაეანგარიშებინა ჩასათვლელი თანხის მოცულობა, დამატებით თანხების დარიცხვა არ მოხდებოდა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს მიერ ფინანსური მოგების შეცვლას და მის საფუძველზე ჩათვლის გაუქმებას, აღნიშნულისათვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, კერძოდ, შემმოწმებელი შეეხო ხანდაზმულ პერიოდს, გადასახადის გადამხდელმა 2017 წლის გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება ვერ წარადგინა, რადგან ასეთი სახის ფინანსური ანგარიშგება არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მოგება/ზარალის შესახებ ანგარიშგება. ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით არსებული შემოსავლების და ხარჯებს შორის სხვაობით, მათი გაანგარიშებით ღებულობს 280 184 ლარს, ნაცვლად 199 733 ლარისა, ამდენად 2017 წლის ფინანსური შედეგი უნდა გაზრდილიყო 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე. მოგების გადასახადის ჩათვლის გაანგარიშებისათვის 4 მოცემულობიდან ეხება 3 და ამ მონაცემებით, შემმოწმებელმა შეცვალა ფინანსური მოგება. შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 აპრილის №5568 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდურ მითითებაში არ არის გაწერილი ფინანსური მოგების გაანგარიშების შემოწმება არაპირდაპირი მეთოდით, რადგან არ არის გაწერილი ეს პროცედურა, არ ჰქონდა უფლება ამ მეთოდით გადაემოწმებინა ხანდაზმული პერიოდი. მზადაა წარადგინოს 2017 წლის ფინანსური დოკუმენტები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მასალებით და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ჩასათვლელი მოგების გადასახადის კორექტირების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება ჩასათვლელი მოგების გადასახადის კორექტირების შედეგად დარიცხულ მოგების გადასახადს, ასევე არ ეთანხმება აღნიშნულ ნაწილში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით (შემოსავლების (დღგ-ის დეკლარაციებში მითითებული შემოსავალი) და ხარჯების (ხარჯები ელ. საგადასახადო დოკუმენტებით, გაცემული ხელფასები) სხვაობა) განისაზღვრა 2017 წლის ფინანსური შედეგი, შესაბამისად წარმოდგენილ გაანგარიშებაში დაფიქსირებულ გაუნაწილებელ მოგებას ( 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით), შემოწმებით განსაზღვრულ 2017 წლის ფინანსურ შედეგს შორის სხვაობას გამოაკლდა 2017 და 2018 წლების საანგარიშო პერიოდში გაცემული დივიდენდი (რაზეც გადამხდელმა განახორციელა მოგების ჩათვლა). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, გაანგარიშდა მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხა, რაც განსხვავდება გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემებისგან. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ჩასათვლელი მოგების გადასახადის კორექტირების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 275; 309(92,93)