ბრძანება N 23080

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.10.2024
№ დოკუმენტი 23080
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23080

29 ოქტომბერი 2024

ბრძანება

შპს „------“-ის (ს/ნ „------“)

(ფაქტ. მის.: „------“)

2024 წლის 26 აპრილის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №107) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 სექტემბრის №23096/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ის (ს/ნ „------“) 2024 წლის 26 აპრილის №71390/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მარტის №249-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელისთვის გაუგებარია მომსახურების ხელშეკრულებებისა და კაპიტალის შემცირების ხარჯებში გაუთვალისწინებლობა. ინდივიდუალურ მეწარმეებთან და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებთან გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულებებთან დაკავშირებით გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილი იყო თავდაპირველი შემოწმების შემდეგ მოთხოვნილ სხვა დოკუმენტებთან ერთად, მათ შორის, კრების ოქმების და კაპიტალის გატანის დოკუმენტაციაც. აღნიშნულიდან გამომდინარე დაინიცირდა, რომ შემმოწმებლებს თავიდანვე არ ჰქონდათ გათვალისწინებული კაპიტალის შემცირების თანხები და არა მცირე მეწარმეებზე გაწეული მომსახურების ხარჯები, რომელიც ისედაც ჩანს შემმოწმებლების მიერ გადმოგზავნილ გაანგარიშებაში „რემონტის ხარჯი და მცირეებზე გადახდილი თანხები - 119 700 ლარი“, რაც გულისხმობს მცირე მეწარმეებსა და რემონტზე გაწეული ხარჯების გამოქვითვას და არა კაპიტალის.

გადამხდელი მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში არაა დაკონკრეტებული უშუალოდ რომელ პიროვნებაზეა ხელფასი გაცემული შესამოწმებელ პერიოდში. აცხადებს, რომ მის მიერ გადამოწმდა თითოეული პირი 2023 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში, რის საფუძველზეც ირკვევა, რომ არც ერთ პიროვნებას არ მიუღია კომპანიის მხირიდან ხელფასის დანიშნულებით თანხები.

გადამხდელი აცხადებს, რომ აუდიტორების მიერ გადაგზავნილ გაანგარიშებაში არსად არ არის მითითებული 120 000 ლარის კრების ოქმის ხარჯვითი ნაწილის გათვალისწინება, პირიქით, გაანგარიშებაში მითითებულია „რემონტის ხარჯები და მცირეებზე გადახდილი თანხები“, რაც პირდაპირ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ გათვალისწინებული იყო მხოლოდ მცირე მეწარმეებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებზე 119 700 ლარის ოდენობის ხარჯვითი ნაწილი.

გადამხდელი ითხოვს მომსახურების ხელშეკრულებების და კაპიტალის შემცირების ხარჯებში გათვალისწინებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №33117 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ „------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“-ის (ს/ნ „------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №33117 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 27 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 29 მარტის №249-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 26 აპრილს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №10938 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 11 სექტემბრის №23096/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №10938 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 სექტემბრის №23096/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.

შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შპს „------"-ის მიერ წარმოდგენილია ხარჯის ამსახველი დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ. ინდ. მეწარმეებთან (მათ შორის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებთან და კოპანიაში დასაქმებულ პირებთან) გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე დამფუძნებლის მიერ კაპიტალში განხორციელებული შენატანების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ მოხდა წარდგენილი მასალების შესწავლა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით შესწავლილ იქნა ზემოაღნიშნული გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირების მონაცემები, მათ მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და წარდგენილი დეკლარაციები, ამასთან აღმოჩნდა, რომ „მომსახურების გამწევი ფიზიკური პირი“ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დასაქმებულია შპს „-------“-ში.

ასევე, განხორციელდა კაპიტალის ფორმირების შესახებ წარმოდგენილი კრების ოქმების ანალიზი და დადგინდა, რომ აღნიშნული უკვე გათვალისწინებული იყო შემოწმების ეტაპზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმების ეტაპზე შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით, კერძოდ, კომპანიის მიერ განმარტებული ფასები, ასევე საქმიანობის მარჟა შეუდარა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასებს და მარჟას, რაც მოვიდა ერთმანეთთან შესაბამისობაში, ხოლო ზემოხსენებული დამატებით წარმოდგენილი „ხარჯების“ გათვალისწინების შემთხვევაში კომპანიის ეკ. საქმიანობის ე.წ. მარჟა ვერ მოვა შესაბამისობაში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებული პირების მაჩვენებლებთან. შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტების ყოველმხრივი შესწავლიდან გამომდინარე არ არსებობს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების სათანადო საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ გამოთქმულ არგუმენტებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული მომსახურების ხარჯები, კერძოდ, არ იქნა გათვალისწინებული ინდივიდუალურ მეწარმეებთან და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. მცირე მეწარმეების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე გაწეული მომსახურებების შესახებ). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ „------“ ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. მცირე მეწარმეების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე გაწეული მომსახურებების შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს მომსახურების ხელშეკრულებების და კაპიტალის შემცირების ხარჯებში გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის მიერ წარმოდგენილია ხარჯის ამსახველი დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ. ინდ. მეწარმეებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე დამფუძნებლის მიერ კაპიტალში განხორციელებული შენატანების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია.შესწავლილ იქნა გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირების მონაცემები, მათ მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და წარდგენილი დეკლარაციები, ამასთან აღმოჩნდა, რომ „მომსახურების გამწევი ფიზიკური პირი“ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დასაქმებულია. ასევე, განხორციელდა კაპიტალის ფორმირების შესახებ წარმოდგენილი კრების ოქმების ანალიზი და დადგინდა, რომ აღნიშნული უკვე გათვალისწინებული იყო შემოწმების ეტაპზე.კომპანიის მიერ განმარტებული ფასები, ასევე საქმიანობის მარჟა შეუდარა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების ფასებს და მარჟას, რაც მოვიდა ერთმანეთთან შესაბამისობაში, ხოლო ზემოხსენებული დამატებით წარმოდგენილი „ხარჯების“ გათვალისწინების შემთხვევაში კომპანიის ეკ. საქმიანობის ე.წ. მარჟა ვერ მოვა შესაბამისობაში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებული პირების მაჩვენებლებთან. შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტების ყოველმხრივი შესწავლიდან გამომდინარე არ არსებობს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების სათანადო საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

101,154.