ბრძანება N 5389
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5389
20.03..2023
შპს „---“-ის (ს/ნ ----)
მის.:--------------------
2023 წლის 13 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №22) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) №79055/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №021-125 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი კატეგორიების მიხედვით არის მაღალი. გადამხდელი ითხოვს წლების მიხედვით არაუმეტეს 14%-იანი ფასნამატის გამოყენებას და შესაბამისად, დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 სექტემბრის №22714 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 20 დეკემბრის №45223 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 6 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 20 დეკემბრის №32127 ბრძანება და ამავე თარიღის №021-125 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 78 979 ლარი, მათ შორის, გადასახადი 45 325 ლარი, ჯარიმა 22 663 ლარი, საურავი 10 991 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-----“-ის (ს/ნ ----) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სურსათით ვაჭრობა, ქალაქ ----- იჯარით აღებულ ფართში.
გადამხდელმა შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგინა ახსნა-განმარტებები, საბანკო ამონაწერები და საიჯარო ხელშეკრულება. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საწარმოს დოკუმენტური რეალიზაცია ჰქონდა მხოლოდ 2019 წელს, ი/მ ------ზე (პ/ნ ------). აღნიშნული პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით შპს „-------“-ს ურთიერთდამოკიდებულ პირად ითვლება.
გარდა ზემოაღნიშნულისა გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთზე, რის გამოც შემოწმებისას შედგა საქონლის მოძრაობის ცხრილი 20.10.2014 წლიდან (შპს-ს დაარსების დღიდან) და დადგენილ იქნა 01.01.2019 წლის მდგომარეობით საქონლის ნაშთის ღირებულება. პირს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნია საქონლის ნაშთი, რის გამოც საწყის ნაშთს დამატებული შეძენილი საქონელი მთლიანად იქნა რეალიზებული. რადგანაც გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა და დოკუმენტური რეალიზაციითაც ვერ დგინდებოდა მისი ფასნამატი, შემოწმების მიერ რეალიზაციისას გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი, კატეგორიების მიხედვით. კერძოდ: თამბაქოს ნაწარმი - 5%, ალკოჰოლური სასმელები - 17%, კვერცხი და რძის პროდუქტები - 7%, ლუდი - 26%, პურფუნთუშეული - 13%, სნექი - 22%, ტკბილეული - 21%, უალკოჰოლო სასმელი - 14%, ზეთი - 13%, ძეხვეული - 24% და სხვა დანარჩენზე - 14%. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელის დებიტორული და კრედიტორული დავალიანება შეადგენს 0 ლარს. პირს ასევე არ გააჩნია სალაროში ფულადი სახსრების ნაშთი. გადასახადის გადამხდელი 2017-2022 წლებში არ გასცემდა ხელფასს და დივიდენდს. შემოწმებით, 2017 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 29 აგვისტომდე პერიოდზე შედგენილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს დაუდგინდა განკარგვადი თანხები. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლებით და გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების ნაშთი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით (მათ შორის, დოკუმენტური რეალიზაციითაც ვერ დგინდებოდა რექლიზებული საქონლის ფასნამატი) შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დაადგინა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის საქონლის ნაშთის ღირებულება, გაიანგარიშა საქონლის მოძრაობა და იმის გათვალისწინებით, რომ პირს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნია საქონლის ნაშთი, საწყის ნაშთს დამატებული შეძენილი საქონელი მთლიანად იქნა რეალიზებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატით, კატეგორიების მიხედვით. შედეგად, შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელის დებიტორული და კრედიტორული დავალიანება შეადგენდა 0 ლარს, არ გასცემდა ხელფასის და დივიდენდის სახით განაცემს, ამასთან, სალაროში არ გააჩნდა ფულადი სახსრების ნაშთი, შესამოწმებელ პერიოდზე შედგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით დადგენილი განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და მისი სააღრიცხვო დოკუმენტიით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. ასევე, შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატი კატეგორიების მიხედვით არის მაღალი. გადამხდელი ითხოვს წლების მიხედვით არაუმეტეს 14%-იანი ფასნამატის გამოყენებას და შესაბამისად, დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოება
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებამ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დაადგინა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის საქონლის ნაშთის ღირებულება, გაიანგარიშა საქონლის მოძრაობა და იმის გათვალისწინებით, რომ პირს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნია საქონლის ნაშთი, საწყის ნაშთს დამატებული შეძენილი საქონელი მთლიანად იქნა რეალიზებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატით, კატეგორიების მიხედვით. შედეგად, შემოწმებით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელის დებიტორული და კრედიტორული დავალიანება შეადგენდა 0 ლარს, არ გასცემდა ხელფასის და დივიდენდის სახით განაცემს, ამასთან, სალაროში არ გააჩნდა ფულადი სახსრების ნაშთი, შესამოწმებელ პერიოდზე შედგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით დადგენილი განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 136; 154; 159;