ბრძანება N 13364
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13364
14.06.2023
-------------ის (პ/ნ -------------)
(მის.: ----------------)
2023 წლის 26 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ივნისის სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა -------------ის (პ/ნ -----------) №81291/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 23 მაისის №EL210449 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №EL11113-112 (№261-112) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გამოცხადდა ავტოსატრანსპორტო საშუალების განსაბაჟებლად. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ავტომანაქანაზე არ იკითხებოდა ვინკოდი. ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნა საგამოძიებო შემოწმების მიზნით ------------ რაიონულ სამმართველოში. ამიტომ ვერ მოხერხდა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების დადგენილ ვადაში დეკლარირება.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს დაუბრუნდეს სადავო აქტების საფუძველზე გადახდილი თანხა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 23 მაისს ------------ სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართა სატრანსპორტო საშუალების (შასის №-------------) თავისუფალ მიმოქცევაშვი გაშვების მიზნით, რის შედეგად შედგენილ იქნა დათვალიერების აქტი №2497249.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის რეგისტრაციის №------------ თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2023 წლის 13 იანვარს და დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2023 წლის 14 მარტი, რომელიც გაგრძელებულ იქნა 2023 წლის 11 აპრილის ჩათვლით.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 23 მაისს შედგენილი №EL210449 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით --------- სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. ამასთან, გამოიცა №EL11113/112 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით იმპორტის გადასახდელებზე დაერიცხა საურავი 37.8 ლარის ოდენობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის რეგისტრაციის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება 2023 წლის 23 მაისს ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში.
2023 წლის 17 მარტს, ------------- მიმართა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენის მიზნით. №------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანას საიდენტიფიკაციო ნომრისათვის განკუთვნილ მიდამოში აღენიშნება კოროზიისათვის დამახასიათებელი კვლები, რაც გამოწვეულია შესაბამის მიდამოში განვითარებული კოროზიით. შესაბამისად, ვერ მოხერხდა საიდენტიფიკაციო ნომრის აღნიშვნების გამოვლენა. ს/ნ იკითხება წინა სახუფის ქვეშ დამაგრებულ ბირკაზე, რომლის დათვალიერების და გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათზე მოხსნისთვის დამახასიათებელი ზემოქმედების კვლები არ აღინიშნება. ასევე, ---------- მიერ წარმოდგენილ იქნა შსს------- პოლიციის დეპარტამენტის-------- რაიონული სამმართველოს 2023 წლის 10 მაისის MIA --------ცნობა, რომლის თანახმად, ზემოთხსენებული სატრანსპორტო საშუალება წინასაგამოძიებო შემოწმების მიზნით 2023 წლის 10 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით გაჩერებული იყო შსს ---------რაიონულ სამმართველოში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში“.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის, დეკლარირების ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხას, საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას შემდგომ დარიცხული და აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად მიმართავს. გადასახადის გადამხდელისთვის მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის.
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ან/და სისხლის სამართლის საქმეზე ავტოსატრანსპორტო საშუალების ამოღების შემთხვევაში, საქონლის წარდგენისა და გაფორმებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების დენა შეჩერდება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება განახლდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების (შეცვლის) ან/და მტკიცებულების სახით ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების დღიდან, ხოლო თუ ვადის შეჩერების თარიღი ემთხვეოდა საქონლის წარდგენისა და გაფორმებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ბოლო დღეს, განახლებული ვადა გადაიწევს მომდევნო სამუშაო დღემდე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრება და იმპორტის გადასახდელებზე საურავის დარიცხვა მართლზომიერია. საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სამართალდარღვევისთვის გამოყენებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და მიყენებული ზიანის მოცულობას. კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევის ადეკვატური უნდა იყოს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შსს ----------- პოლიციის დეპარტამენტის ---------- რაიონული სამმართველოს 2023 წლის 10 მაისის MIA --------- ცნობის თანახმად, ზემოთხსენებული სატრანსპორტო საშუალება წინასაგამოძიებო შემოწმების მიზნით 2023 წლის 10 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით გაჩერებული იყო შსს -------- რაიონულ სამმართველოში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოიკვლევის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტმა დამატებით უნდა შესწავლოს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის ოდენობის მართლზომიერების საკითხი.
სადავო ატების საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით კი, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომელიც ადგენს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესს - თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად, გამოყენებულ უნდა იქნეს გაფრთხილება, ხოლო სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის ოდენობის მართლზომიერების დადგენის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------------- (პ/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. 2023 წლის 23 მაისის №EL210449 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა შეიცვალოს გაფრთხილებით;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს 2023 წლის 23 მაისის №EL11113- 112 (№261-112) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის ოდენობის მართლზომიერების საკითხი;
4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტისა და მე3 პუნქტის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს დაუბრუნდეს სადავო აქტების საფუძველზე გადახდილი თანხა.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში.რაზეც სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.იმპორტის გადასახდელებზე დაერიცხა საურავი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის ნაცვლად, გამოყენებულ უნდა იქნეს გაფრთხილება, ხოლო სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის ოდენობის მართლზომიერების დადგენის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
საგ.კოდ:63;272;
საბაჟ.კოდ.163(1,15);165;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი;მე-5 პუნქტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივი ბრძანება;