გადაწყვეტილება №19471/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.08.2023
№ დოკუმენტი 19471/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19471/2/2023

08 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ს 21.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19471/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 26.04.2021 წლის №12459 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №006-29 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7318 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 695 052 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 304 586

დღგ - 74 299

მოგების გადასახადი - 60 544

საშემოსავლო გადასახადი - 159 550

ქონების გადასახადი - 10 193

ჯარიმა - 214 335

საურავი - 176 131

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა მარგანეცის მადნის ზედაპირული დამუშავება (მოპოვება)/გადაზიდვა/გამდიდრება და მიღებული მზა პროდუქციის გადაცემა. შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნულ მომსახურებას უწევს შპს ---------ს (ს/ნ -------), რომელიც თავის მხრივ ასრულებს შპს -------თან (ს/ნ -------) დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. კომპანიის დამატებით საქმიანობას წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურების გაწევა, ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მიწოდებული აქვს სამედიცინო/არასამედიცინო დანიშნულების საქონელი სსიპ -------თვის (ს/ნ --------).

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.05.2020 წლამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.12.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა, შემდეგი:

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დირექტორს უფიქსირდება საქვეანგარიშოდ გატანილი/გადახდილი თანხების მზარდი დავალიანება, რაც პერიოდულად მცირდება. 2017-2020 წლებში, კომპანიას ფიზიკური პირებისთვის გადახდილი აქვს თანხები ზიანის მიყენებისათვის ჯამში სულ 2 725 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხების ანაზღაურება ხდებოდა ანგარიშვალდებული პირის (დირექტორის) მიერ. საგადასახადო შემოწმების პროცესში აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა სრულყოფილად არ განხორციელდა. ამასთან, მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დადასტურდა, რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული ფულადი თანხები მკვეთრად განსხვავდება კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებში არსებული მონაცემისგან. შესაბამისად, თანხების ფულის მოძრაობაში სრულად გათვალისწინება არ განხორციელდა. შედეგად, ანგარიშვალდებულ პირზე სამეურნეო დანიშნულებით გაცემული თანხები, რომლის ნაშთი პერიოდულად მცირდებოდა საწარმოს კრედიტორული დავალიანებით და კვლავ იზრდებოდა ბანკიდან გაცემული თანხებით 2018 წლის აპრილის თვიდან შემოწმების პერიოდის დასასრულამდე, კერძოდ, 2020 წლის 1 მაისამდე, დაფიქსირდა მზარდი ნაშთის მაჩვენებლით 5 000 ლარიდან 2 130 000 ლარამდე (საკასო ხარჯის გათვალისწინებით). არსებული დავალიანების შესწავლის შედეგად ვერ დგინდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების სხვა მიზნობრიობა პერიოდების მიხედვით. ამასთან, ზემოაღნიშნული გაცემული ფულადი ნაშთის პარალელურად, გადამხდელს ჰქონდა ლიზინგით აღებული ძირითადი საშუალებები -------დან. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა მიჩნეულია კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო მიღებული სესხის პროცენტის სარგებელი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. 2020 წლის იანვარში ანგარიშვალდებული პირის დავალიანება შემცირებულია --------- კომპანიისთვის გადახდილი თანხით, ჩამოწერილი დავალიანებით შემცირდა გაცემული სესხის ოდენობა, შემოწმებით აღნიშნული დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას/ჩათვლას შესაბამის საანგარიშო პერიოდებში, შედეგად კომპანიას დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2017-2019 წლებში გადასახადის გადამხდელს სსიპ -------თვის მიწოდებული აქვს საქონელი, რომელსაც არ განიხილავს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტად. ამასთანავე, აღნიშნულ საქონელთან მიმართებაში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს შესაბამისი ჩათვლები. საგადასახადო შემოწმების პროცესში მოთხოვნილია ინფორმაცია/დოკუმენტაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა კომპანიის უფლებამოსილი პირების მიერ აღნიშნულის წარდგენა არ განხორციელებულა, რასთან დაკავშირებითაც შეეფარდა შესაბამისი ჯარიმები საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად. გადამხდელს შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

- შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2020 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში ჩამოწერილი აქვს დირექტორის მიერ საქვეანგარიშოდ გატანილი თანხები, რომელიც გადახდილია არარეზიდენტი კომპანიისთვის ძირითადი საშუალების შესაძენად. აღნიშნულ გადახდებზე გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ძირითადი საშუალება დღემდე შეძენილი არ არის. ამასთან, კომპანიას მთავარი კონტრაქტორისგან, შპს „--------გან“ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე კომპანიის მიერ მიღებულია დებიტორული დავალიანება 2019 წლის ივნისის თვეში 12 500 ლარის ოდენობით, რისი ბუღალტერიაში ასახვა საწარმოს არ უფიქსირდება. საგადასახადო შემოწმებით, არასრულყოფილი დოკუმენტებით ჩამოწერილი საქვეანგარიშო თანხები და მიღებული, აღურიცხველი დებიტორული დავალიანების თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2020 წლის №39431 ბრძანება და ამავე თარიღის №006-843 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 26.01.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.04.2021 წლის №12459 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პირველ, მე-2 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 26.04.2021 წლის №12459 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა 2.02.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით შემცირებას დაექვემდებარა სულ 771 778 ლარი, მათ შორის გადასახადი 529 688 ლარი და ჯარიმა 242 090 ლარი.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა 6.02.2023 წლის №1952 ბრძანება და ამავე თარიღის №006-29 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 7.03.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.04.2023 წლის №7318 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილი და შემოწმების მიერ მოპოვებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირება სულ 771 778 ლარით, მათ შორის, გადასახადი 529 688 ლარით და ჯარიმა 242 090 ლარით. ხოლო დანარჩენ ნაწილში ვერ იქნა წარდგენილი სათანადო დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც გახდებოდა შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი 26.01.2021 წელს საჩივრით არ გამხდარა სადავო, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

- იმისათვის, რომ მოხდეს მარგანეცის მადნის მოპოვება/ამოღება, იგულისხმება მის ზედაპირულ დამუშავებას, ამისათვის სჭირდება ნებართვა ფიზიკური პირებისგან, კერძოდ, მითითებულ კონტურზე არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებისგან, რათა მიეცეს საშუალება მათი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გათხრის საშუალებით მოიპოვოს/ამოიღოს წიაღისეული მადანი, რის შედეგადაც დგება შედეგი: ნადგურდება ხეხილი, ბოსტანი, ინგრევა საცხოვრებელი სახლები. შემდგომ ხდება ხსენებული ნაკვეთის რეკულტივაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებული გეგმის და საქართველოში კანონით მოთხოვნილი მეთოდების მიხედვით. მიყენებული ზიანისათვის ფიზიკურ პირის უხდის თანხას.

კორექტირების შედეგებში გათვალისწინებული არ იქნა --------ზე (პ/ნ -------) გადახდილი ანაზღაურების თანხა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული პირი გარდაცვლილია და საგამოძიებო სამსახურის მიერ ვერ განხორციელდა პირის გამოკითხვა და პირის მიერ თანხის მიღების ფაქტის დადასტურება. მიაჩნია, რომ განსახილველ ნაწილში კორექტირების შედეგები არამართლზომიერია და მხოლოდ პირის გარდაცვალების ფაქტი არ უნდა გახდეს კომპანიისთვის საგადასახადო ტვირთის დაკისრების საფუძველი.

უნდა აღინიშნოს, რომ სხვა პირებთან გაფორმებული დოკუმენტაცია თავისი ფორმითა და შინაარსით იგივეა, რაც ხსენებულთან, მოიძია დამატებითი მტკიცებულებები რაც მეტი რწმუნების საშუალებს მისცემს შემმოწმებლებს, ასე მაგალითად: ნებართვა ხსენებულ კოორდინატებზე დაშვების შესახებ, გაცემული შპს ------- სპეციალური მმართველის მიერ, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი ფოტო მასალისა და კოორდინატების ამსახველი ხელმოწერილი რუკა, რომლის გარეშე ხსენებული პირის კუთვნილ ტერიტორიაზე მსგავსი სამუშაოების წარმოება აკრძალულია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აგრეთვე ხელეწიფება დამატებით მტკიცებულებების მოძიება გონივრულ ვადაში (გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული), რაც დაადასტურებს მადნის მოპოვების და ნაკვეთის შემდგომი სამუშაოების ჩატარების ფაქტს, რაც შემატებს მეტ ნამდვილობას ხსენებულ სამეურნეო ოპერაციას, ხოლო თუ გადახდილი თანხის ოდენობა მაინც გახდება საეჭვო, შემმოწმებლებს შეუძლიათ ფასის განსასაზღვრად იხელმძღვანელონ იგივე პერიოდში მსგავსი ნაკვეთის (ფართობის) მქონე პირებთან დადებული შეთანხმებებით, რომლებიც მათთვის გახდა სარწმუნო, აქვე დასძენს, რომ ე.წ. „ფასი“ თითქმის იგივეა სხვა პირებთანაც. ამასთან, კვლავ მზად არის ითანამშრომლოს შემმოწმებლებთან და დამატებით მიაწოდოს მათთვის სასურველი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

ადმინისტრაციულ ორგანოებს ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას გააჩნიათ ვალდებულება თანაზომიერების პრინციპის დაცვისა და საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევის. განსახილველ შემთხვევაში კი უგულვებელყოფილი იქნა ზემოაღნიშნული და მხოლოდ ის გარემოება რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ ვერ განხორციელდა პირის გამოკითხვა იმ საფუძვლით, რომ პირი გარდაცვლილია, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმსჯელა ზემოაღნიშნულ ნაწილში კომპანიისთვის საგადასახადო ტვირთის დაკისრების მართლზომიერების თაობაზე და კომპანიის მიმართ განახორციელა საგადასახადო ტვირთის კანონიერ ძალაში დატოვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის №ბს-566-561(2კ-16) გადაწყვეტილებით სასამართლო იზიარებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვით, „იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება“.

ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად, მიაჩნია რომ ადმინისტრაციულ ორგანოს რომ შეესწავლა, გაეანალიზებინა და შეეფასებინა განსახილველი სადავო საკითხის მიხედვით კომპანიის მიერ ფიზიკური პირებისთვის ზიანის მიყენებისთვის გაცემული საკომენსაციო თანხების აღრიცხვა და საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაცია, ფიქრობს განსხვავებული გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული და განსახილველ ნაწილშიც განხორციელდებოდა დარიცხული თანხების შემცირება. ყურადღება გასამახვილებელია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თავდაპირველად აღნიშნული სადავო საკითხის მიხედვით დარიცხული თანხებისა და კორექტირების შედეგად ზემოაღნიშნული საკითხის მიხედვით განსაზღვრულ ვალდებულებებზე. კერძოდ, საგამოძიებო ორგანოების მიერ დადასტურდა, რომ კომპანიის მიერ ზიანის ანაზღაურებისთვის გადახდილად აღრიცხული თანხები ნამდვილად მიღებული აქვთ ფიზიკურ პირებს (განხორციელებულია 90%-ის დადასტურება) და აღნიშნული აისახა კიდეც კორექტირების შედეგებში. შესაბამისად, მიუხედავად იმ გარემოებისა რომ პირის გარდაცვალების გამო ვერ განხორციელდა ფ/პ ------- მიერ ზემოაღნიშნული თანხების მიღების ფაქტის დადასტურება, მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულების სწორედ განსაზღვრის მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ იმის ვალდებულება, რომ ფიზიკურ პირებზე ზიანის ანაზღაურებისთვის გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება განეხორციელებინათ იმავე პროპორციით რა პროპორციითაც განხორციელდა საგამოძიებო ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხების დადასტურება.

აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელებულა შემოსავლების სამსახურის 26.04.2021 წლის №12459 ბრძანების აღსრულება და მიაჩნია, რომ კომპანიისთვის ზიანის ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხების დირექტორზე სესხის სახით განაცემად განხილვის ნაწილში გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრული ვალდებულებები ექვემდებარება კორექტირებას.

- შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა დღგ-ში როგორც დასაბეგრი ბრუნვების კორექტირების, ასევე ჩასათვლელი დღგ-ის კორექტირების საფუძვლით. გადაანგარიშების ეტაპზე ჩვენს მიერ დაიდენტიფიცირდა, რომ შემოწმების შედეგებში კომპანიის ჩასათვლელ დღგ-ში გათვალისწინებული არ არის 17 547 ლარის დღგ-ის ჩათვლა. მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას უნდა უზრუნველყოფდეს საგადასახადო ვალდებულებების სწორ და სამართლიან გაანგარიშებას. აღნიშნული ასევე დადგენილია საგადასახადო კანონმდებლობით, 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შემმოწმებლების მიერ უნდა უზრუნვეყოფილი ყოფილიყო გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულებების სამართლიანად განსაზღვრა და მათ მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის განსაზღვრისას გამორჩენილი 17 547 ლარის დღგ-ის ჩათვლის განხორციელება. ამდენად, მიაჩნია, რომ მოქმედი საგადასახადო და ზოგადი ადმინისტრაციული კანონმდებლობით ადმინისტრაციული ორგანოებისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისა და სამართლიანობის პრინციპების უგულვებელყოფით იქნა დღგ-ში საგადასახადო ვალდებულებები, რამდენადაც შემმოწმებელს გააჩნდა ვალდებულება მის მიერ გამოთვლასთან დაკავშირებული შეცდომის გასწორების და აღნიშნული არ იქნა უზრუნველყოფილი. ითხოვს ზემოაღნიშნული ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას და შემოწმების შედეგად განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირებას.

შემოწმების პროცესში და შემდგომ ზეპირსიტყვიერად ითხოვდა შემმოწმებლებს წარედგინათ ხსენებული დარიცხვის გაანგარიშების ამსახველი ცხრილები, რაც სამწუხაროდ ვერ მიიღო და შესაბამისად გაუგებარი დარჩა დასაბეგრი ობიექტის განსაზღვრის და გაანგარიშების პრინციპები, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მისი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, გაწეულ მომსახურებაზე და მიწოდებულ პროდუქციაზე წერს ელექტრონულ ანგარიშფაქტურებს და ზედნადებებს, ხსენებული დარიცხვა დღგ-ის კუთხით „დოკუმენტის გარეშე რეალიზაციის დასაბეგრ ბრუნვაში ჩაურთველობა“ ნაკლებად არგუმენტირებულია.

ხსენებული ფაქტურები არ არის მიბმული დღგ-ის დეკლარაციებზე და შესაბამისად არ არის ჩათვლილი, რაც მარტივად სანახავია გადასახადის გადამხდელთა ვებ პორტალზე. შემმოწმებლების განმარტებით მათ ისინი გაანგარიშებაში არ გაუთვალისწინებიათ, მიუხედავად ზეპირსიტყვიერი მოთხოვნისა შემოწმებისა და დავის პერიოდში კომპანიის მიერ ხსენებული დეკლარაციის დაზუსტება ვერ მოხერხდა (შემოსავლების სამსახურის გადასახადის გადამხდელთა ვებ პორტალის სპეციფიკიდან გამომდინარე), დღეის მდგომარეობით კი მათი დეკლარაციებზე მიბმა ხანდაზმულობის გამო შეუძლებელი ხდება, რაც კომპანიას ამ აქტივის გამოყენების საშუალებას არ აძლევს, მზად არის ითანამშრომლოს შემმოწმებლებთან და დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრის პროცესში მიიღოს აქტიური მონაწილეობა, საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს (გონივრულ ვადაში) შესაბამის დოკუმენტაციას/მტკიცებულებებს.

- აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავოდ იქნა მიჩნეული არარეზიდენტი კომპანიისთვის ძირითადი საშუალებების შეძენის მიზნით თანხის გადახდის ფაქტი და აღნიშნული განხილულია დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. ყურადღება გასამახვილებელია იმ გარემოებაზე, რომ შემმოწმებლის მიერ ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის და შეფასების გარეშე იქნა სადავო საკითხის ირგვლივ გადაწყვეტილება მიღებული და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა კანონმდებლობის უხეში დარღვევით. შემმოწმებლის მიერ ვალდებულებები რეალურად განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძველზე, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტი არათუ არ შეიცავს აღნიშნული ნორმის გამოყენების თაობაზე დასაბუთებას, არამედ შემოწმების აქტი არ არის მითითებული შესაბამისი ნორმაც კი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის (საქმე Nბს-854- 846(კ-16)) გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას. ოპერაციის შინაარსის და ფორმის შესაბამისობა ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დგინდება. მხარეთა რეალური ნების შესწავლის გარეშე არ დაიშვება გარიგების კვალიფიკაციის შეცვლა. დაუშვებელია მხარის რეალური ნების იგნორირება, თუ არ არის საკმარისად დიდი ალბათობა იმისა, რომ მხარე თვალთმაქცობს ან ცდება თავისი ნების გამოხატვაში. ფორმა წარმოადგენს მხარეთა შეთანხმების კანონმდებლობით დადგენილ შინაარსს, ხოლო შინაარსი კი მხარეთა რეალურ ნებას. ამასთან, ოპერაციის ფორმისა და შინაარსის შეუსაბამობის, კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროების მტკიცების ტვირთი აკისრია აღნიშნულის შესახებ აქტის გამომცემ ორგანოს. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით უნდა იკვეთებოდეს/დასტურდებოდეს ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც მიუთითებს ნების გამოვლენის ნაკლზე, ეკონომიკური რეალობის, შინაარსის და სამართლებრივი ფორმის შეუსაბამობაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების აქტით, შემოწმების მასალებით და დავის წარმოებისას წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.

გარდა ზემო აღნიშნულისა, შემმოწმებლის მიერ უგულვებელყოფილი იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას სამეურნეო ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე მეთოდური მითითება, რომლითაც ცალსახად განიმარტა, რომ საეჭვო სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების ფარგლებში, აუდიტორის მიერ გასავლელი სავალდებულო საფეხურებია: საფეხური I - საეჭვო სამეურნეო ოპერაციის მოძიება და პირველადი შესწავლა. საფეხური II - საეჭვო სამეურნეო ოპერაციის აღწერა და ანალიზი. საფეხური III - საეჭვო სამეურნეო ოპერაციის არსებითობის შეფასება. საფეხური IV - გადასახადის გადამხდელის გამოკითხვა. საფეხური V- მესამე პირებისგან ინფორმაციის გამოთხოვა. საფეხური VI - საეჭვო სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილება და შედეგების გაფორმება.

განსახილველ შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტის მიერ უგულვებელყოფილი იქნა ზემოაღნიშნული პრინციპები და ამასთან, საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში შემმოწმებელი აპელირებს, რომ კომპანიის მხრიდან წარდგენილი იყო მხოლოდ ახსნა-განმარტებები. გაურკვეველია რა სარწმუნო ინფორმაცია შეიძლებოდა წარედგინა აღნიშნული თანხების ------- რეზიდენტი კომპანიის მიერ მიღების დადასტურების მიზნით.

კომპანიამ 27.01.2020 წელს გააფორმა ხელშეკრულება №27/01 -------- რესპუბლიკის რეზიდენტ კომპანიასთან ------- (I/D -------), მისი წარმომადგენელი და ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი გახლდათ: -------- (პ/ნ -------). ხელშეკრულების საგანი იყო კომპანიისათვის მძიმე სპეც. ტექნიკის, კერძოდ KOMATSU PC 300 (დეტალური სპეციფიკაცია ხელშეკრულებაშია აღწერილი), 2 ერთეულის მოწოდება, რისთვისაც, ხელშეკრულების თანახმად, კომპანიის დირექტორმა გადაიხადა ავანსის სახით ნაღდი ანგარიშსწორებით 27.01.2020 წელს 155 020 აშშ დოლარი, რაზედაც შედგა შესაბამისი ნაღდი ფულის მიღება ჩაბარების აქტები. ანგარიშსწორების ეს ფორმა გამოწვეულია კონტრაქტორი მხარის რეზიდენტობასთან (------- რესპუბლიკის ემბარგო და სხვა) დაკავშირებული ზოგადი პრობლემებიდან. ხსენებული პერიოდი გახლდათ პანდემიური, რაც თავის მხრივ აისახა სხვადასხვა სირთულეებით ზოგადად ეკონომიკურ ურთიერთობებზე, კერძოდ ამ ხელშეკრულების პირობები ------- მხარის მიერ ვერ შესრულდა, მიუხედევად კომპანიის მიერ მოწოდების ვადების გადაწევის შეთავაზებისა, მათივე განმარტებით ობიექტური მიზეზების გამო, კერძოდ: შეკვეთილი ტექნიკის ძრავის ტვინების „ჩიპების“ წარმოების შეჩერება -------ში. საბოლოოდ ხელშეკრულება გაუქმდა და მეორე მხარე აღიარებს გადახდილი ავანსის დაბრუნების ვალდებულებას.

ვინაიდან თავდაპირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი საშუალების მოწოდება ვერ განხორციელდა ------- რეზიდენტი კომპანიის მიერ, მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება ძირითადი საშუალების მიწოდებისთვის გადახდილი თანხების უკან დაბრუნების თაობაზე, რის საფუძველზეც --------- რეზიდენტი კომპანიის წარმომადგენლის, -------ის მიერ თანხის ნაწილი დაბრუნებულია, კერძოდ, 18.02.2023 წელს 30 000 დოლარის ექვივალენტი, 21.02.2023 წელს 30 000 დოლარის ექვივალენტი, 20.06.2023 წელს 26 000 დოლარის ექვივალენტი, 30.06.2023 წელს 24 000 დოლარის ექვივალენტი. აღნიშნული ძირითადი საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულებას, არარეზიდენტი კომპანიისთვის თანხის გადახდის და გადახდილი თანხების კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარმოადგენს დანართების სახით.

ზემოაღნიშნული გარემოებით ნათლად დასტურდება, რომ არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი თანხების დირექტორის ხელფასად განხილვა მოკლებულია როგორც სამართლებრივ ასევე ფაქტობრივ გარემოებებს, რამდენადაც აღნიშნული თანხები დაბრუნებულია საწარმოში, ხოლო ხელფასი თავისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავალს, ან სარგებელს, რომელიც არ ატარებს ვალდებულებით ხასიათს კომპანიაში ფულადი ფორმით თანხების დაბრუნების თაობაზე. შესაბამისად, კომპანიაში განსახილველი სადავო საკითხის მიხედვით დაბრუნებული თანხები ვერ იქნება განხილული დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიაჩნია რომ აღსრულების შედეგების განხილვისას შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ უგულვებელყო წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები და სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამდენად, ითხოვს მითითებული გარემოებების გათვალისწინებას და საგადასახადო შემოწმების შედეგების კორექტირებას და არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი თანხების დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების სრულად შემცირებას.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე მითითებით ითხოვს:

- გათვალისწინებულ იქნას ახლად წარდგენილი დოკუმენტები/მტკიცებულებები, ფაქტები, არგუმენტები და მათ საფუძველზე შეუმცირდეს შესაბამისი დარიცხვები, ხოლო მათი დამატებითი წარდგენის აუცილებლობის შემთხვევაში, საკითხი მისი თავიდან შესწავლის მიზნით, დაბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტში გადასაანგარიშებლად, რა დროსაც, მზად არის ითანამშრომლოს შემმოწმებლებთან და დამატებით მიაწოდოს მათთვის სასურველი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

- 2019 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდზე მისაღები დღგ-ს ჩათვლები, საერთო თანხით 17 547,77 ლარი გათვალისწინებულ იქნას დღგ-ის გაანგარიშებისას და შესაბამისად ამ თანხით შემცირდეს დამატებით დარიცხული გადასახადის თანხა. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ში დამატებით დარიცხული თანხების თავიდან გადაანგარიშება, რა დროსაც მიეცემა საშუალება მიიღოს აქტიური მონაწილეობა გადასახადით დასაბეგრი ობიექტის განსაზღვრის განმარტებებისას და საჭიროების შემთხვევაში შემმოწმებლებს გონივრულ ვადაში წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

- კომპანიის დირექტორზე არარეზიდენტისათვის ავანსის გადასახდელად საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა, რომელიც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, როგორც ხელფასად მიღებული, დაკვალიფიცირდეს დებიტორულ დავალიანებად, შესაბამისად შეუმცირდეს დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. ხოლო თუ მიიჩნევს, რომ დოკუმენტები/მტკიცებულებები არასაკმარისია, ითხოვს მიეცეს საშუალება შემმოწმებლებს წარუდგინოს (გონივრულ ვადაში) მოძიებადი დამატებითი დოკუმენტაცია და მტკიცებულებები, რაც კომპანიის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს მეტად გაამყარებს და ხსენებული საკითხი, თავიდან შესწავლის მიზნით, დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტში გადასაანგარიშებლად.

კომპანიას არ ჰქონია მიზნად გადასახადების დამალვა და წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს მრავალი წლის განმავლობაში. მის ქმედებებში არ შეინიშნება კრიმინალის ელემენტები და ბოროტი განზრახვა, რაც ნაკარნახევია მისი აქტიური და წარმატებული ეკონომიკური საქმიანობით. ითხოვს, აღნიშნული დარიცხვა, რომელიც გამოწვეულია ადამიანური ფაქტორით, შეცდომით/არცოდნით, ჩაეთვალოს საპატიოდ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით და მოეხსნას დამატებით დარიცხული ჯარიმები და საურავები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 26.04.2021 წლის №12459 ბრძანებით პირველ, მე-2 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 26.04.2021 წლის №12459 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნით:

- კომპანიის მიერ 2017-2020 წლებში ფიზიკური პირებისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებულ იქნა ინფორმაცია საწარმოდან ზიანის ანაზღაურებისთვის გაცემული და ფიზიკური პირების მიერ მიღებული თანხების შესახებ. მოწოდებული მონაცემების გათვალისწინებით, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დარიცხული თანხები;

- აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი 2017-2019 წლებში გადასახადის გადამხდელის მიერ სსიპ -------თვის მიწოდებული საქონლის დღგ-ით დაბეგვრის მართლზომიერება. ვინაიდან შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმები. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაციით დადგინდა, რომ აღნიშნული ოპერაციები განხორციელებულია „საქართველოს მთავრობასა და ევროპის გაერთიანებათა კომისიას შორის ჩარჩო შეთანხმების“ ფარგლებში და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, გათავისუფლებულია დღგ-ისგან. ამდენად, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხა;

- დირექტორის მიერ საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილია მხოლოდ ახსნა-განმარტება და სხვა სახის დოკუმენტაცია 2020 წელს განხორციელებულ ოპერაციასთან დაკავშირებით არ არის წარდგენილი. ამასთან, 2020 წლის იანვარში გაცემულ თანხასთან დაკავშირებული ოპერაცია (სპეც. ტექნიკის შეძენა) დღემდე არ არის განხორციელებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით:

- კორექტირების შედეგებში გათვალისწინებული არ არის --------ზე (პ/ნ --------) გადახდილი ანაზღაურების თანხა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული პირი გარდაცვლილია და საგამოძიებო სამსახურის მიერ ვერ განხორციელდა პირის გამოკითხვა და პირის მიერ თანხის მიღების ფაქტის დადასტურება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პირი გარდაცვლილია მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება უნდა განხორციელდეს იმავე პროპორციით რა პროპორციითაც განხორციელდა საგამოძიებო ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხების დადასტურება ანუ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების 90% დადასტურებულია, რომ მიზნობრივად არის მიღებული ფიზიკური პირების მიერ;

- გადაანგარიშების ეტაპზე კომპანიის მიერ დაიდენტიფიცირდა, რომ შემოწმების შედეგებში ჩასათვლელ დღგ-ში გათვალისწინებული არ არის 17 547 ლარის დღგ-ის ჩათვლა. საგადასახადო და ზოგადი ადმინისტრაციული კანონმდებლობით შემმოწმებელს გააჩნდა ვალდებულება გაესწორებინა მის მიერ გამოთვლასთან დაკავშირებული შეცდომა, რაც არ იქნა უზრუნველყოფილი;

- ------ რეზიდენტი კომპანიის მიერ თავდაპირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი საშუალების მიწოდება ვერ განხორციელდა. მხარეთა შორის მიღწეულია შეთანხმება ძირითადი საშუალების მიწოდებისთვის გადახდილი თანხების უკან დაბრუნების თაობაზე, რის საფუძველზეც -------ს რეზიდენტი კომპანიის წარმომადგენლის, ------- მიერ თანხის ნაწილი დაბრუნებულია, კერძოდ, 18.02.2023 წელს 30 000 დოლარის ექვივალენტი, 21.02.2023 წელს 30 000 დოლარის ექვივალენტი, 20.06.2023 წელს 26 000 დოლარის ექვივალენტი, 30.06.2023 წელს 24 000 დოლარის ექვივალენტი. აღნიშნული ძირითადი საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულებას, არარეზიდენტი კომპანიისთვის თანხის გადახდის და გადახდილი თანხების კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებები ერთვის საჩივარს (მტკიცებულებების ნაწილი ერთვოდა შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარსაც). ამდენად, არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი თანხების დირექტორის ხელფასად განხილვა მოკლებულია, როგორც სამართლებრივ ასევე ფაქტობრივ გარემოებებს, რამდენადაც აღნიშნული თანხები დაბრუნებულია საწარმოში, ხოლო ხელფასი თავისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავალს, ან სარგებელს, რომელიც არ ატარებს ვალდებულებით ხასიათს კომპანიაში ფულადი ფორმით თანხების დაბრუნების თაობაზე.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით:

- კომპანიის მიერ 2017-2020 წლებში ფიზიკური პირებისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაკორექტირდა (გარდა გარდაცვლილი ფიზიკური პირისა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული (საწარმოდან ზიანის ანაზღაურებისთვის გაცემული და ფიზიკური პირების მიერ მიღებული თანხების შესახებ) ინფორმაციის საფუძველზე;

- დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 26.04.2021 წლის №12459 ბრძანებით დავალება არ იყო განსაზღვრული;

- დირექტორის მიერ საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ დოკუმენტაცია წარდგენილია მხოლოდ დასკვნის შედგენის შემდგომ საჩივართან ერთად. კერძოდ, წარდგენილია ფიზიკურ პირებს შორის ნაღდი ფულის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც არ არის დადასტურებული ნოტარიულად.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით კომპანიის მიერ 2017-2020 წლებში ფიზიკური პირებისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები უნდა დაკორექტირდეს და განხილულ იქნეს ხელფასად შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად;

- დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის 26.04.2021 წლის №12459 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის მიმართ ამ ნაწილში დავალება არ იყო განსაზღვრული მიაჩნია, რომ ამ სადავო საკითხზე საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

- არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი თანხების დირექტორის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ წარმოდგენილი (კომპანიის -------ის რეზიდენტობის ცნობა, 27.01.2020 წლის №27/01 ხელშეკრულება, 27.01.2020 წლის №27/01-01 და №27/01-02 ნაღდი-ფულის მიღება-ჩაბარების აქტი, 20.05.2020 წლის შეთანხმება, სალაროს შემოსავლის ორდერები, საგადახადო დავალებები) არ არის სათანადო და საკმარისი მტკიცებულებები საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 26.04.2021 წლის №12459 ბრძანება, გარდა პირველი დავის საგნისა, აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ 2017-2020 წლებში ფიზიკური პირებისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხები შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად განხილულ უნდა იქნეს ხელფასად.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7318 ბრძანება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ 2017-2020 წლებში ფიზიკური პირებისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, კერძოდ აღნიშნული განხილულ იქნეს ხელფასად, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 26.04.2021 წლის №12459 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დირექტორს უფიქსირდება საქვეანგარიშოდ გატანილი/გადახდილი თანხების მზარდი დავალიანება, რაც პერიოდულად მცირდება. დავალიანების შესწავლის შედეგად ვერ დგინდება საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების სხვა მიზნობრიობა პერიოდების მიხედვით. ამასთან, ზემოაღნიშნული გაცემული ფულადი ნაშთის პარალელურად, გადამხდელს ჰქონდა ლიზინგით აღებული ძირითადი საშუალებები. საგადასახადო შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა მიჩნეულია კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო მიღებული სესხის პროცენტის სარგებელი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს სსიპ -თვის მიწოდებული აქვს საქონელი, რომელსაც არ განიხილავს დღგ-ით დაბეგვრის ობიექტად. ამასთანავე, აღნიშნულ საქონელთან მიმართებაში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს შესაბამისი ჩათვლები. გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმებით, არასრულყოფილი დოკუმენტებით ჩამოწერილი საქვეანგარიშო თანხები და მიღებული, აღურიცხველი დებიტორული დავალიანების თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.04.2021 წლის №12459 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა დასკვნა და 6.02.2023 წლის №1952 ბრძანება, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.04.2023 წლის №7318 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 26.04.2021 წლის №12459 ბრძანება, გარდა პირველი დავის საგნისა, აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ 2017-2020 წლებში ფიზიკური პირებისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხები შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად განხილულ უნდა იქნეს ხელფასად.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 69(3), 304(1"ბ").

შემოსავლების სამსახურის უფროსის 08.07.2019 წლის N 22708 ბრძანება.