ბრძანება N 16953

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.07.2023
№ დოკუმენტი 16953
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 16953

13.07.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: ქ. ----------)

2023 წლის 7 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი ივნისის (ოქმი №69) და 6 ივლისის სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა შპს „-----------“-ის (ს/ნ --------) 2023 წლის 7 თებერვლის №78916/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №006-662 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი საჩივარში უთითებს, რომ 2020-2023 წლებში საწარმოს მიერ არასწორად განხორციელებული დეკლარირება განპირობებულია არაკომპეტენტური მენეჯერის მიზეზით, რომლის მიერ ხორციელდებოდა სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების ორგანიზება და გადაგზავნა ბუღალტერთან. როგორც ირკვევა, არ ხდებოდა მობინადრეების მიერ ქეშად გადახდილი თანხების დღგ-ით დაბეგვრა. აღნიშნულის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 შპს „--------“-ის (ს/ნ --------) საქმიანობაა საცხოვრებელი შენობების მშენებლობა, შემოწმების პროცესში გადამხდელმა განაცხადა რომ ააშენა ერთი, 10 სართულიანი კორპუსი. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება 164 ფართის რეალიზაცია, რაც სრული გასაყიდი ფართის 84 პროცენტია. შემოწმების მიერ მოხდა რეალიზებული ბინების ნასყიდობის ხელშეკრულებების, საჯარო რეესტრის მონაცემებისა და საბანკო ამონაწერების ანალიზი, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ განხორციელდა ბინების რეალიზაცია, რომელიც არ არის გათვალისწინებული შესაბამისი პერიოდის დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, შემოწმების მიერ აღნიშნული საკითხის მიხედვით დადგენილი შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარება დაბეგვრას. პირს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, საბანკო ამონაწერები, საჯარო რეესტრისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების შესაბამისად შესწავლილ იქნა საწარმოს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებს შორის, რაც ძირითადად გამოწვეულია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების არასრულად განაშთვით. გამოვლენილ სხვაობაზე საწარმოს დაერიცხა დღგ, ასევე, შესაბამისი ჯარიმა.

 შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, საბანკო ამონაწერები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომელთა მიხედვით საწარმოს დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული აქვს ხელფასი, ასევე შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი აქვს შესაბამისი ანაზღაურება. აღნიშნული განაცემები საწარმოს აღრიცხული აქვს ბუღალტრულად, თუმცა არ აქვს დეკლარირებული და დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით სრულყოფილად. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გაანგარიშებულ იქნა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის ოდენობა, რაც შედარებულ იქნა დეკლარირებულ მონაცემებთან. გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე, შესაბამისი ჯარიმა.

 გადასახადის გადამხდელს 2020 და 2021 წლებში წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის დეკლარაციები. შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა საჯარო რეესტრისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, შემოწმებით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს საკუთრებაში არსებული მიწის გადასახადი, რომელიც შედარებულ იქნა დეკლარირებულ მონაცემებთან. გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა ქონების (მიწის) გადასახადი. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების (შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ) შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა შპს „--------“-ის (ს/ნ -------) ნაღდი ფულის მოძრაობა, დეკლარირებული შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად, ხოლო დოკუმენტური ხარჯი სრულად ანაზღაურებულად. ამასთან, გადამხდელს შემოწმებით დაუდგინდა დეკლარირებულისაგან განსხვავებული (მეტი) შემოსავლები. შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი შემცირებული იქნა საწარმოში არსებული საწესდებო კაპიტალის ნაშთის ოდენობით. ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი პერიოდის ბოლოს განხილულ იქნა პასუხისმგებელ პირზე დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ქვეპუნქტის შესაბამისად მოგების გადასახადით. საწარმოს განესაზღვრა ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275 მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33262 ბრძანება და ამავე თარიღის №006-662 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 2 404 781 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 456 906 ლარი, ჯარიმა 727 993 ლარი და საურავი 219 882 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4), 269(1)(7), 270(1), 272(1), 275.