ბრძანება N 10913

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.05.2025
№ დოკუმენტი 10913
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10913

28 მაისი 2025

ბრძანება

ი/მ "-------" (ს/ნ "-------")

(ფაქტ. მის.: "-------")

2025 წლის 10 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №41) განიხილა ი/მ "-------" (ს/ნ "-------") 2025 წლის 10 მაისის №95622/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 აპრილის №007-42 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატის 3 წლიან პერიოდზე გავრცელებას და განმარტავს, რომ აღნიშნული ფასნამატი არსებითად განსხვავდება სხვა მსგავსი საქმიანობის მქონე, იმავე საბაზრო სივრცეში მოქმედ გადასახადის გადამხდელებთან დაფიქსირებული ფასნამატისგან. ამასთან, მომჩივანი ითხოვს ინვენტარიზაციის ან დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებას, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მოქმედ საბაზრო სივრცეში, მსგავსი საქმიანობის მქონე მეწარმეებთან შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი სამართლიანი ფასნამატის გამოყენებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 იანვრის №1145 და 17 მარტის №4386 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "-------"(ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 3 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 4 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 10 აპრილის №6825 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-42 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 47 755 ლარი, მათ შორის გადასახადი 29 544 ლარი, ჯარიმა 12 583 ლარი და საურავი 5 628 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქალის ტანსაცმლის იმპორტი და მისი საბითუმო/საცალო რეალიზაცია. პირი საქონლის რეალიზაციას ახდენს ქალაქ "-------"-ში , „-------“ საკუთრებაში არსებულ ფართში, მეწარმეს ფართი იჯარით აქვს აღებული, რაზეც მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გადამხდელს საბუღალტრო აღრიცხვა არ აქვს მოწესრიგებული, შემოწმებისათვის შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. მეწარმის საწყისი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთი თანხობრივად არის წარმოდგენეილი, ხოლო საბოლოო ნაშთი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით არის განსაზღვრული. დოკუმენტური რეალიზაციის შესწავლისას გამოვლინდა სხვადასხვა ფასნამატები (როგორც მინუსიანი ასევე 100%-ზე მეტი ოდენობის), რომელთა ობიექტურობის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან კონკრეტული რეალიზებული საქონელი, რომელიც შენაძენიდან (მათ შორის შესაძლოა საწყისი ნაშთიდან) არის რეალიზებული ვერ იდენტიფიცირდება. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმებულია სამჯერ. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ასევე, შემოწმების მიერ მთლიან პერიოდში განსაზღვრულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა მესამე პირების აუდირებული ფასნამატი (47.06 %), რომლითაც განისაზღვრა მეწარმის ერთობლივი შემოსავალი.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩაინიშნა 2025 წლის 21 მაისს, 11:40 სთ-ზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმებულია სამჯერ. ამასთან, მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და ვინაიდან, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა პირის საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, შემოწმების მიერ მთლიან პერიოდში განსაზღვრულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა მესამე პირების აუდირებული ფასნამატი (47.06 %) და განისაზღვრა მეწარმის ერთობლივი შემოსავალი.

გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტური ან ინვენტარიზაციის ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში ვერ წარადგინა საქონლის მოძრაობის ამსახველი რაოდენობრივ-თანხობრივი მონაცემი, ამასთან უფიქსირდება სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მზარდი ნაშთი. შემოწმების პროცესში ზუსტი დოკუმენტური და ინვენტარიზაციის ფასნამატის განსაზღვრა ვერ განხორციელდა ორი მიზეზის გამო: პირველი, შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს შესამოწმებელ პერიოდში კონკრეტული რეალიზებული საქონელი შესამოწმებელ პერიოდამდე არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთიდან იყო რეალიზებული თუ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული შენაძენებიდან. ამასთან, საქონლის შესყიდვისა და რეალიზაციის დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე ვერ განხორციელდა კონკრეტულ საქონლის იდენტიფიცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძელო პირისთვის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოეყენებინა მესამე პირების აუდირებული ფასნამატი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ პირისთვის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

 

1.ი/მ "-------" (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დადგენილი ფასნამატის 3 წლიან პერიოდზე გავრცელებას.მომჩივანი ითხოვს ინვენტარიზაციის ან დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებას, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მოქმედ საბაზრო სივრცეში, მსგავსი საქმიანობის მქონე მეწარმეებთან შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი სამართლიანი ფასნამატის გამოყენებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქალის ტანსაცმლის იმპორტი ჩინეთიდან და მისი საბითუმო/საცალო რეალიზაცია.მეწარმეს ფართი იჯარით აქვს აღებული, რაზეც მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გადამხდელს საბუღალტრო აღრიცხვა არ აქვს მოწესრიგებული, შემოწმებისათვის შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. მეწარმის საწყისი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთი თანხობრივად არის წარმოდგენეილი, ხოლო საბოლოო ნაშთი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციით არის განსაზღვრული. დოკუმენტური რეალიზაციის შესწავლისას გამოვლინდა სხვადასხვა ფასნამატები,რომელთა ობიექტურობის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან კონკრეტული რეალიზებული საქონელი, რომელიც შენაძენიდან არის რეალიზებული ვერ იდენტიფიცირდება. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმებულია სამჯერ. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ის კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ასევე, შემოწმების მიერ მთლიან პერიოდში განსაზღვრულ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა მესამე პირების აუდირებული ფასნამატი, რომლითაც განისაზღვრა მეწარმის ერთობლივი შემოსავალი. სსკ-ის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ პირისთვის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),100,102,163,164.