ბრძანება N 33272
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33272
27 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ -----)
(მის.: -------)
2023 წლის 7 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) №84758/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №040-22 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება საბანკო ანგარიშიდან სამეურნეო ხარჯებისათვის გატანილი თანხების ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას და განმარტავს, რომ აღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელია.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე ფიზიკური პირებისათვის გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხების ხელფასად კვალიფიკაცია არასწორია და შემოწმებამ არ გაითვალისწინა კომპანიასა და მცირე მეწარმეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები მომსახურების გაწევის შესახებ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7444 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 10 ოქტომბრის №25133 ბრძანება და 2023 წლის 11 ოქტომბრის №040-22 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 592 852 ლარი, მათ შორის გადასახადი 329 463 ლარი, ჯარიმა 164 580 ლარი და საურავი 98 809 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ დირექტორის მიერ ანგარიშიდან გატანილი იყო თანხები სამეურნეო ხარჯებისათვის. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 5 აპრილს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი იყო ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხების ის ნაწილი, რომელთა ხარჯვაც არ დადასტურდა დოკუმენტურად, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. 2021 წლიდან კომპანია არ გასცემდა ხელფასებს და სამუშაოს შესრულების მიზნით ხელშეკრულებას აფორმებდა მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ პირებთან, რომელთა მიერ დეკლარირებული შემოსავალი არ აღემატებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ ჩარიცხულ თანხას. ასევე, ზოგიერთ მათგანს მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე ერიცხებოდა ხელფასი შპს „------გან“. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად და აღნიშნული განაცემები დაკვალიფიცირდა როგორც გაცემული ხელფასი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში დირექტორის მიერ ანგარიშიდან გატანილი იყო თანხები სამეურნეო ხარჯებისათვის, რომელთა ნაწილის ხარჯვაც დოკუმენტურად არ დადასტურდა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხების ის ნაწილი, რომელთა ხარჯვაც არ დადასტურდა დოკუმენტურად, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, კომპანია 2021 წლიდან არ გასცემდა ხელფასებს და სამუშაოს შესრულების მიზნით ხელშეკრულებას აფორმებდა მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ პირებთან, რომელთა მიერ დეკლარირებული შემოსავალი არ აღემატებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ ჩარიცხულ თანხას. ასევე, ზოგიერთ მათგანს მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე ერიცხებოდა ხელფასი შპს „------გან“. ამდენად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად და აღნიშნული განაცემები დაკვალიფიცირდა როგორც გაცემული ხელფასი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება საბანკო ანგარიშიდან სამეურნეო ხარჯებისათვის გატანილი თანხების ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე ფიზიკური პირებისათვის გადარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ დირექტორის მიერ ანგარიშიდან გატანილი იყო თანხები სამეურნეო ხარჯებისათვის. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 5 აპრილს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი იყო ახსნა-განმარტება, რომლის თანახმადაც ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხების ის ნაწილი, რომელთა ხარჯვაც არ დადასტურდა დოკუმენტურად, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. 2021 წლიდან კომპანია არ გასცემდა ხელფასებს და სამუშაოს შესრულების მიზნით ხელშეკრულებას აფორმებდა მცირე მეწარმედ რეგისტრირებულ პირებთან, რომელთა მიერ დეკლარირებული შემოსავალი არ აღემატებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ ჩარიცხულ თანხას. ასევე, ზოგიერთ მათგანს მცირე მეწარმედ რეგისტრაციამდე ერიცხებოდა ხელფასი მომჩივნისგან. შემოწმებით აღნიშნული განაცემები დაკვალიფიცირდა როგორც გაცემული ხელფასი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა")(2"ა""ბ").