გადაწყვეტილება №18191/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18191/2/2022
16.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ---------- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 14.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18191/2/2022).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 3.06.2021 წლის გადაწყვეტილების (№11510/2/2020) აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2022 წლის №125-19 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 102 136 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 38 479
დღგ - 14 118
მოგების გადასახადი - 2 241
საშემოსავლო გადასახადი - 15 359
ქონების გადასახადი - 6 761
ჯარიმა - 36 630 საურავი - 27 027
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2003 წლის 12 თებერვალს, წარმოადგენს ავტორიზებულ აფთიაქს, რომელიც ახორციელებს როგორც მედიკამენტების შეძენა-რეალიზაციას, ასევე მათ წარმოებას.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 11.09.2019 წლის წერილის (№11421/15-04-07) და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2016 წლიდან 1.10.2019 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2019 წლის 25 დეკემბრის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
- შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხორციელდება საქონლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერა, ვერ იშიფრება საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა და დეკლარირებული საქონლის საბოლოო ნაშთი.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. საგადასახადო ორგანო დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ინვენტარიზაციის შედეგებს (30.09.2019 წ.), რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე (არა ფსიქოტროპულ და ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე) ფასნამატი, კერძოდ: არა ფსიქოტროპულზე გავრცელდა 59%, ხოლო ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე 257%. ამასთან, წარმოებულ მედიკამენტებზე დადგინდა ფასნამატი, რამაც შეადგინა 372%. შედეგად, გაიზარდა 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და განისაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;
- შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულია 113 347 ლარი გაცემული ხელფასი და სხვა განაცემები. წერილობითი ახსნა-განმარტებით ფულის ნაშთი არ ფიქსირდება. ამასთან, არ ხორციელდება ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა.
ნაღდი ფულის მოძრაობის შესწავლით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი შეადგენდა 640 735 ლარს, რაც შემცირდა იმ პერიოდისთვის გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული დანახარჯებით. შედეგად, ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულის დანაკლისი განხილულ იქნა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
- კომპანია არ არის რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად. ამასთან, გარდა მედიკამენტებით ვაჭრობისა შემოსავალს იღებს იჯარიდან, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან მიღებული პრაქტიკანტებისთვის პრაქტიკის მომსახურების გაწევიდან და ასევე, 2017 წლის ნოემბრის თვეში მას შპს „---------ზე“ (ს/ნ --------) მიწოდებული აქვს ძირითადი საშუალება, შენობა 90 000 ლარად.
ზემოაღნიშნული ოპერაციებით კომპანია, ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში, გადასცდა 100 000 ლარიან ზღვარს და საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებული იყო დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად 2017 წლის 20 ნოემბრიდან.
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის მომჩივანი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ასევე 2017 წლის 20 ნოემბრიდან, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე დამატებით დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2019 წლის №47679 ბრძანება და №125-53 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.10.2020 წლის №29844 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გაუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 1.10.2020 წლის №29844 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 3.06.2021 წლის გადაწყვეტილებით (№11510/2/2020) საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ფასნამატის განსაზღვრის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები/გაანგარიშებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/შეფასება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 3.06.2021 წლის გადაწყვეტილების (№11510/2/2020) აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას), მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2022 წლის №125-19 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად განსაზღვრული ვადა საკმარისი არ იყო იმისათვის, რომ სრულად გაეშიფრა 1151-ვე პოზიცია, შემოწმებას წარედგინა საკმარისი მტკიცებულება, რათა დარწმუნებულიყო დარიცხული თანხების უზუსტობაში. რჩება შთაბეჭდილება, რომ შემოწმება ზედაპირული ანალიზის საფუძველზე ცდილობს თავი აარიდოს დავების განხილვის საბჭოს დავალების შესრულებას.
აღნიშნულს ადასტურებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია, რომ თითქოს მიწოდებული ინფორმაციით, საქონლის (მედიკამენტების) „286 პოზიციაზე შესყიდვის ფასი მეტია რეალიზაციის ფასზე“. პრაქტიკულად არ გააჩნია შემთხვევა, მედიკამენტს ყიდდეს უარყოფითი ფასნამატით. რაც შეეხება შემმოწმებლის პოზიციას, იგი განპირობებულია იმით, რომ რიგ შემთხვევაში საქონლის შესყიდვის ფასი მიწოდებულია კოლოფის/ფირფიტის/შეფუთვის მიხედვით, ხოლო ინვენტარიზაციისას (რასაც უპირისპირებს შემოწმება შეძენებს ფასნამატის დადგენის მიზნით) ერთეულად გამოყენებულია ტაბლეტი/ამპულა. მაგალითად, ინვენტარიზაციის აქტში „---------“ ერთეულის (ტაბლეტის) გასაყიდ ფასად მითითებულია 0.68 თეთრი, ხოლო მათ მიერ მიწოდებული ერთეულის თვითღირებულება არის 5.63 ლარი (სასაქონლო ზედნადები №-------------). შემოწმებამ აღნიშნული შემთხვევა განიხილა უარყოფით ფასნამატად და არ დააკვირდა, რომ №----------- სასაქონლო ზედნადებით მედიკამენტები შეძენილია შეფუთვით, რომლის ერთეულის ფასია 5.63 ლარი. ერთ შეფუთვაში თავსდება 10 ცალი ტაბლეტი. შესაბამისად, 1 ტაბლეტის თვითღირებულებას წარმოადგენს 0.56 თეთრი. ამდენად, ფასნამატი არათუ უარყოფითი, არამედ 20.78%-ია. ინვენტარიზაციის აქტში „--------“ ერთეულის (კოლოფის) შესყიდვის ფასი შეადგენს 22.46 ლარს (სასაქონლო ზედნადები №---------------). შემოწმების მიერ ეს შემთხვევაც განიხილა უარყოფით ფასნამატად და ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ერთ კოლოფში თავსდება 30 ტაბლეტი. შესაბამისად, 1 ტაბლეტის თვითღირებულება შეადგენს 0.75 ლარს, რაც თავის მხრივ აძლევს დადებით ფასნამატს 20.21%-ის ოდენობით. ანალოგიური შემთხვევებია შემოწმების მიერ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზებულად განხილულ სხვა მედიკამენტების მიმართებაშიც. მედიკამენტების ღირებულებების და ერთეულების გადამოწმება მარტივად შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით, უკიდურეს შემთხვევაში, მომწოდებლებისგან ინფორმაციის გამოთხოვითაც, რაც მარტივად დაარწმუნებს შემოწმებას ერთი ტაბლეტის და ერთი კოლოფის/ფირფიტის/შეფუთვის საბაზრო ღირებულებაში. ასევე, შემოწმებას კითხვების ან გარკვეული ეჭვების ქონის შემთხვევაში შეეძლო დაკავშირებოდა და მათთან ერთად განეხილა ესა თუ ის პოზიცია, რაც ასევე არ განუხორციელებია.
რაც შეეხება შემმოწმებლის მიერ გადაანგარიშებაზე უარის თქმის მოტივს, რომ თითქოს მიწოდებული იქნა ყველაზე მაღალი შესყიდვის ფასი, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის პოზიცია ამ ნაწილშიც მათთვის მიუღებელია. შემოწმებას წარედგინა საკმარისი ინფორმაცია მედიკამენტების შესყიდვის ფასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ შემოწმება თუ არ ეთანხმება რომელიმე კონკრეტულ პოზიციას, ამ პოზიციისთვის უნდა მოეძებნა უფრო მყარი არგუმენტები (შესყიდვის სასაქონლო ზედნადებები, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილთან) და მის საფუძველზე გადაეანგარიშებინა დარიცხული თანხები, რაც შემოწმების მხრიდან არ განხორციელებულა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ წარდგენილ ინფორმაციაში იყო გარკვეული ხარვეზები, მიაჩნია, რომ შემოწმებას უნდა გამოერიცხა ასეთი ხარვეზები და გადაეანგარიშებინა აქტით დარიცხული თანხები ასეთი ხარვეზების გამორიცხვით. თუმცა შემოწმებამ რამდენიმე ხარვეზის გამო მთლიანი ინფორმაცია მიიჩნია გადაანგარიშებისთვის საფუძველს მოკლებულად.
გამომდინარე იქედან, რომ არ არის ისეთი ბრენდული კომპანია, როგორიცაა --------, --------, ------- და სხვა, ასევე არ ახორციელებს მედიკამენტების იმპორტს და დამოკიდებულია ადგილობრივ მომწოდებლებზე, იძულებულია, ბრენდირებულ კომპანიებთან კონკურენციის გაწევის მიზნით, წამლები გაყიდოს დიდი ფასდაკლებით. გარდა ამისა, წამლის გამოყენების საბოლოო ვადის მოახლოების გამო, ხშირად იძულებულია ასეთი წამლები გაყიდოს კიდევ უფრო დაბალ ფასად. მაგრამ, თუ შემოწმების ფასნამატებით იხელმძღვანელებს, აღმოაჩენს, რომ არათუ რეგიონის, არამედ სრულიად საქართველოს მასშტაბით მათზე მომგებიანი აფთიაქი არ არსებობს. მაგალითად, ფსიქოტროპული საშუალება „----------“ 10 ამპულიანი კოლოფი შეძენილი აქვს 10.64 ლარად (სასაქონლო ზედნადები №--------------), რომლის გასაყიდი ფასი მათ აფთიაქში 2019 წლის 30 სექტემბრისთვის შეადგენდა 11 ლარს (კომპანიის რეალური ფასნამატი ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე მერყეობს 60%-ის ფარგლებში). თუ იხელმძღვანელებს შემოწმების მიერ ფსიქოტროპულ საშუალებებზე დადგენილი ფასნამატით (257%), მაშინ მიიღებს, რომ შემოწმებამ აღნიშნული პრეპარატი (კოლოფი) გაუყიდა 37.98 ლარად, მაშინ როდესაც ამ მედიკამენტის გასაყიდი ფასი დღეის მდგომარეობით ისეთ ბრენდულ აფთიაქში როგორიც -------- შეადგენს 14.25 ლარს. იგივეა ფსიქოტროპულ მედიკამენტზე „----------№30“-ის შემთხვევაშიც, რომლის გასაყიდი ფასი მათ აფთიაქში ინვენტარიზაციის თარიღისათვის შეადგენდა 6.50-7.0 ლარს (კოლოფი), ხოლო შეძენილია 5.0 ლარად (სასაქონლო ზედნადები №----------). შემოწმების ფასნამატის გამოყენების შემთხვევაში ღებულობს, რომ ამ მედიკამენტის გასაყიდი ფასი მათ აფთიაქში შეადგენს 17.85 ლარს, მაშინ როდესაც იგივე მედიკამენტის ფასი --------- აფთიაქში დღეის მდგომარეობით შეადგენს 14.40 ლარს. მოყვანილი მაგალითები კიდევ ერთხელ ადასტურებს შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატების აბსურდულობას.
ასევე გააჩნია საწარმოო განყოფილება, სადაც ამზადებს მედიკამენტებს ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტების საფუძველზე, რა დროსაც, წამალს ამზადებს მკაცრად გაწერილი წესებითა და კანონმდებლობის შესაბამისად. რის გამოც, მათ მიერ დამზადებული წამალს აქვს მაღალი ფასნამატი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ინვენტარიზაციის მსვლელობისას დაშვებული იქნა გარკვეული შეცდომები. კერძოდ, რიგ შემთხვევაში 10 გრამის ან 100 გრამის ფასი ასახულია როგორც 1 გრამის ფასი. მაგალითად, 100 მლ „კამის წყალის“ სარეალიზაციო ფასია 3 ლარი, მაშინ როდესაც, აღწერისას 3 ლარად შეფასებულია 1 მლ „კამის წყალის“ ღირებულება (ნაცვლად 0.03 ლარისა). იგივეა კალცისა და სხვა მედიკამენტების შემთხვევაშიც, იგივე უნდა ითქვას ფხვნილებზე, 10 გრ ცინკი ღირს 1 ლარი, შესაბამისად, 1 გრამის ღირებულებაა 0.10 ლარი, რაც ასევე არასწორადაა ასახული. იგივეა ვაზელინზე, ლანოლინზე და ბევრი სხვა მედიკამენტებზე. თავის მხრივ, ეს ყველაფერი მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფასნამატს არარეალურად ზრდის. შემოწმებას არც ეს გარემოება გაუთვალისწინებია დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშებისას.
მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას, საჭიროების შემთხვევაში მზადაა შემოწმებას დამატებით წარუდგინოს გადაანგარიშებისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის ისეთი, რომელიც აქამდე არ ყოფილა მოთხოვნილი ან/და მათ მერ მიწოდებული).
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 1.10.2020 წლის №29844 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხსენებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 3.06.2021 წლის გადაწყვეტილებით (№11510/2/2020) საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ფასნამატის განსაზღვრის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები/გაანგარიშებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა/შეფასება და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
ასევე დადგენილია, რომ ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აუდიტის დეპარტამენტის 21.10.2022 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, სადაც ინვენტარიზაციის მიერ დათვლილი საქონლის (მედიკამენტების) საბაზრო ფასებთან შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულია ამ მედიკამენტების შესყიდვის ღირებულება, მითითებულია შესაბამისი შესყიდვის დოკუმენტის (ელ. სასაქონლო ზედნადების) ნომერი და გამოყვანილია ფასნამატები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ელექტრონული ცხრილი, გაანალიზდა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზები და წარდგენილი ცხრილის საფუძველზე არ მოხდა აქტით დარიცხული თანხების შემცირება შემდეგ გარემოებათა გამო:
წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად არ მოიცავდა დამუშავებულ მონაცემებს ფასნამატის შესახებ. ინვენტარიზაციის მიერ დათვლილი საქონლის (მედიკამენტების) 1151 პოზიციიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ელექტრონულ ცხრილში შესყიდვის ფასი დაფიქსირებულია მხოლოდ 534 პოზიციაზე, აქედან 286 პოზიციაზე შესყიდვის ფასი მეტია რეალიზაციის ფასზე და შესაბამისად, გამოყვანილია უარყოფითი ფასნამატი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში შესყიდვის ფასებად აღებულია არა მედიკამენტის ბოლო ან/და საშუალო შეწონილი შეძენის ღირებულება, არამედ შეძენის ყველა შესაძლო ღირებულებიდან აღებული ყველაზე მაღალი ფასი, რაც შესაბამისად, ხელოვნურად ამცირებს გაანგარიშებულ ფასნამატს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა აღნიშნა, რომ ითხოვს ინვენტარიზაციის მასალების კორექტირებას, რადგან დაშვებულია უამრავი შეცდომები, ისეთი ფასნამატები და მედიკამენტებია შეტანილი რაც ბუნებაში არ არსებობს, გადაანგარიშების ეტაპზე წარადგინა ცხრილი დოკუმენტურად დადასტურებული და შემდგომ საგადასახადო ორგანოს მხრიდან კომუნიკაცია არ განხორციელებულა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე დამატებით აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ცხრილი, რომლის საფუძველზეც შეადგინეს ცხრილი სადაც ეწერა ინვენტარიზაციის ფასები და დასახელებები, გადასახადის გადამხდელს უნდა ჩაეწერა შესყიდვის სასაქონლო ზედნადებები და ფასები. ინვენტარიზაციის მიერ დათვლილი მედიკამენტების 1151 პოზიციიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ცხრილში შესყიდვის ფასი დაფიქსირებულია მხოლოდ 534 პოზიციაზე, აქედან 286 პოზიციაზე სადაც შესყიდვის ფასი მეტი იყო რეალიზაციის ფასზე უარყოფითი ფასნამატი გამოდიოდა, სწორედ ამ ნაწილში ამბობს მომჩივანი, რომ შეცდომით, აბის ფასის ნაცვლად მიწერილია კოლოფის ფასიო. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, სადაც ეწერა კოლოფი და შესაძლებელი იყო რაოდენობის დადგენა, გაყვეს და ერთი აბის ფასი მიეწერა, ხოლო სადაც შესყიდვის ფასებად აღებული იყო შეძენის ყველა შესაძლო ღირებულებიდან ყველაზე მაღალი ფასი, რის შედეგადაც გამოდიოდა დაბალი ფასნამატი, არ იქნა გათვალისწინებული. სასაქონლო ზედნადებებით (პერიოდების მიხედვით), წინა პერიოდებში ქონდა შეძენები გადასახადის გადამხდელს, სადაც მაღალი იყო შესყიდვის ფასები ის ქონდა მიწერილი და გამოდიოდა ფასნამატი დაბალი, ხოლო ინვენტარიზაცია ჩატარებული იყო სექტემბრის თვეში და ყველაზე მიახლოებული შესყიდვის ფასი რაც იყო ის იქნა მიწერილი შემოწმების მიერ, დატოვეს ფასნამატი რაც იყო დადგენილი შემოწმებით და წარდგენილი ცხრილის გათვალისწინება არ მოხდა.
ამგვარად ირკვევა, რომ მომჩივანი წარმოადგენს საკითხებს, რაც თავის დროზე არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისათვის. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაციით, მომჩივნის მიერ წარდგენილი ცხრილი მოიცავდა წინა პერიოდის შესყიდვებს და შესყიდვის ფასებად მისადაგებული იყო შეძენის ყველაზე მაღალი ფასი, რაც არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო ორგანოს მიერ.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 3.06.2021 წლის გადაწყვეტილება (№11510/2/2020) აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.