გადაწყვეტილება №22152/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.04.2024
№ დოკუმენტი 22152/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 22152/2/2024

10 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 3.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22152/2/2024).

 

დავის საგანი:

ჩამოწერილი საქონლის რეალიზებულად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 დეკემბრის №024-86 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 იანვრის №242 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 31 645 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 20 239

ჯარიმა - 10 113

საურავი - 1 293

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა ფარმაცევტული საქონლით ვაჭრობა. კერძოდ, სამედიცინო ტესტებით (მაგ. COVID-19 და ა.შ.).

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 სექტემბრის №23206 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 24 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, არ უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი და ფული საბანკო ანგარიშებზე. ასევე, კომპანიას, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2021 წლის მაისის თვის შემდგომ საქონლის რეალიზაცია არ აქვს განხორციელებული. გარდა ამისა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22431 ბრძანების საფუძველზე, 2023 წლის 21 სექტემბერს განხორციელდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა,რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო და არ გამოვლენილა ნაღდი ფულის ნაშთი, რაზეც შევსებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. მომჩივნის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამის მონაცემების მიხედვით გაირკვა, რომ 2022 წლის 26 დეკემბრის ჩამოწერის აქტის საფუძველზე, საწარმოს ჩამოწერილი აქვს სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო ტესტი, ხოლო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის თანახმად, კომპანიას აღნიშნულის თაობაზე საგადასახადო ორგანოსთვის არ მიუმართავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, შეცვალა ოპერაციის კვალიფიკაცია, რომლის შემდეგაც ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩაითვალა რეალიზებულად. შედეგად, მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 დეკემბრის №30423 ბრძანება და 6 დეკემბრის №024-86 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 31 645 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 21 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 12 იანვრის №242 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 145-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სმფ-ს ჩამოწერის შესახებ განცხადების რეგისტრაცია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ბუღალტრულად ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზებულად ჩათვლა, ფულადი სახსრების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საკითხი აუდიტორთან შემოწმების პროცესშივე იქნა განხილული, სადაც მომჩივნის მიერ დაფიქსირდა პოზიცია, რომ „საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სამედიცინო ტესტებით ვაჭრობა. რეალიზაცია ხდებოდა ყოველთვის სასაქონლო ზედნადების მეშვეობით იურიდიულ პირებზე და შესაბამისი საქონლის ღირებულების ანაზღაურება კლიენტების მიერ ხორციელდებოდა საბანკო ანგარიშსწორების გზით. კომპანიას არცერთხელ არ განუხორციელებია საცალო ვაჭრობა. საწარმოს ბოლო რეალიზაცია უფიქსირდება 2021 წლის მაისში. ამავე თვეში კომპანიამ სხვადასხვა მომწოდებლებს უკან დაუბრუნა პროდუქცია, ხოლო ის პროდუქცია, რომელიც ნაშთად დარჩა, დროთა განმავლობაში ან დაზიანდა ან ვადა გაუვიდა, რის შედეგადაც 2022 წლის 26 დეკემბერს მოხდა აღნიშნული ნაშთად არსებული პროდუქციის გადაყრა/განადგურება. აღნიშნული ფაქტის შესახებ ბუღალტერმა შეიტყო გვიან და ვეღარ მოხერხდა საგადასახადო ორგანოს მოწვევა, რათა დასწრებოდა განადგურება/გადაყრის პროცესს და დოკუმენტურად დაედასტურებინა აღნიშნული ფაქტი. ზემოაღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე, აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯს და უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადით“. აქედან გამომდინარე, არგუმენტებს მოკლებულია აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია, აღნიშნული საქონელი ჩათვლილიყო რეალიზებულად, ხოლო საქონლის ღირებულება მიღებულად და დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად. მითუმეტეს რომ, საქმე გვაქვს ისეთ სპეციფიკურ სამედიცინო საქონელთან, რომლის შესყიდვაც გამორიცხულია ფიზიკური პირების მიერ, რადგან ხსენებული ტესტების უმრავლესობა საჭიროებს ლაბორატორიას, სპეციფიურ დანადგარებს და ცოდნას, რათა მოხდეს მათი სათანადოდ გამოყენება. შესაბამისად, გაუგებარია თეორიულად ვისზე შეიძლება ყოფილიყო რეალიზებულად ჩათვლილი აღნიშნული პროდუქცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 იანვრის №242 ბრძანება და დაკორექტირდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 დეკემბრის №024-86 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. ასევე, საწარმოს 2021 წლის მაისის თვის შემდგომ არ განუხორციელებია საქონლის რეალიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო. შემოწმებისას მომჩივანმა წარადგინა სააღრიცხვო პროგრამა, რომლის მიხედვით, საწარმოს, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე, 2022 წლის 26 დეკემბერს ჩამოწერილი აქვს სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო ტესტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ ჩამოწერილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები ჩათვალა რეალიზებულად, თანხა მიღებულად და აღნიშნული თანხა განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სმფ-ს ჩამოწერის შესახებ განცხადების რეგისტრაცია.

ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ჩამოწერილი საქონლის რეალიზებულად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. ასევე, საწარმოს 2021 წლის მაისის თვის შემდგომ არ განუხორციელებია საქონლის რეალიზაცია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სალარო. შემოწმებისას მომჩივანმა წარადგინა სააღრიცხვო პროგრამა, რომლის მიხედვით, საწარმოს, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე, 2022 წლის 26 დეკემბერს ჩამოწერილი აქვს სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო ტესტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ ჩამოწერილი სასაქონლომატერიალური ფასეულობები ჩათვალა რეალიზებულად, თანხა მიღებულად და აღნიშნული თანხა განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);101(1);154(1);