გადაწყვეტილება №18865/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.03.2023
№ დოკუმენტი 18865/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18865/2/2023

24.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ-------------- )

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----------ის 13.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №18865/2/2023; №18866/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.03.2022 წლის №CAR0067587 და 18.04.2022 წლის №CAR0077982 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები;

2. შემოსავლების სამსახურის 7.02.2023 წლის №003768 და №003769 ბრძანებები.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 200 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა საინფორმაციო ბარათში არასწორად ასახა ინფორმაცია წარსადგენი დეკლარაციების შესახებ (თებერვლის და მარტის თვის საანგარიშო პერიოდზე მონიშნა - წარმოსადგენი დეკლარაცია (მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადი), არ წარადგინა დეკლარაცია), რაც ჩაითვალა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევად.

აღნიშნულზე მომჩივანს 17.03.2022 წლის NCAR0067587 და 18.04.2022 წლის NCAR0077982 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა თითოეულზე 100 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.02.2023 წლის №003768 და №003769 ბრძანებებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის მე-7 პუნქტით, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით და 291-ე მუხლის თანახმად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, როდესაც შეწყვიტა მცირე მეწარმის საქმიანობა, შემოსავლების სამსახურში მოითხოვა სტატუსის გაუქმება, რაც დაკმაყოფილდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა სტატუსი არ შეცვლილა მის ელექტრონულ გვერდზე. საქმიანობა შეწყვიტა ჯანმრთელობის გაუარესების გამო. მომჩივანი უთითებს, რომ არ იცოდა, თუ სტატუსის შეცვლა თავად უნდა მოეხდინა. ჩათვალა, რომ შემოსავლების სამსახურში სტატუსის შეწყვეტის მოთხოვნა საკმარისი იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით გადამხდელი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ჯარიმის მოხსნას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 111 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი (გარდა უმოქმედო გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისა და ფიზიკური პირისა, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ვალდებულია შეავსოს გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათი.

ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, არაუგვიანეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლო რიცხვისა გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათში ასახოს ინფორმაცია იმ დეკლარაციის შესახებ (განახორციელოს შესაბამისი მონიშვნა), რომლის წარმოდგენის ვალდებულება წარმოეშობა მიმდინარე საანგარიშო პერიოდის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ პირს არ გააჩნია საინფორმაციო ბარათში ასახული დეკლარაციის წარმოდგენის ვალდებულება, იგი ვალდებულია საინფორმაციო ბარათში ასახოს აღნიშნული ინფორმაცია (გააუქმოს შესაბამისი მონიშვნა) ან შესაბამის საანგარიშო პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი თანხა ნულის ტოლია.

ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომჩივანი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები,საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ინსტრუქციის 111 მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობით, მომჩივანმა არ შეასრულა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულება, რაზეც ამავე კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებულია შესაბამისი სანქცია.

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებში არ არის მსჯელობა მომჩივნის არგუმენტებზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ყოფილა დაბარებული შემოსავლების სამსახურში საჩივრების განხილვისას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები“.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებები უნდა გაუქმდეს და საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.02.2023 წლის №003768 და №003769 ბრძანებები და საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადაო საკითხიი:

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოება

მომჩივანმა საინფორმაციო ბარათში არასწორად ასახა ინფორმაცია წარსადგენი დეკლარაციების შესახებ (თებერვლის და მარტის თვის საანგარიშო პერიოდზე მონიშნა - წარმოსადგენი დეკლარაცია (მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადი), არ წარადგინა დეკლარაცია). აღნიშნულზე მომჩივანს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა თითოეულზე 100 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებები უნდა გაუქმდეს და საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1)

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი