ბრძანება N 12890
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12890
31 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
(ფაქტ. მის.: „-------“ )
2024 წლის 30 აპრილის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 მაისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ „-------“ ) 2024 წლის 30 აპრილის №89453/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 აპრილის №001-45 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. მომჩივნის განმარტებით, საწარმო საქონლის საცალო რეალიზაციისას ბუღალტრულ აღრიცხვაში იყენებს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პირველად დოკუმენტებს - საკონტოლო-სალარო აპარატის ჩეკს და სხვა დოკუმენტის გამოყენება კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნავს, რომ ფასნამატის გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სასოფლო-სამეურნეო ბაზრის სპეციფიკა, მალფუჭებადობა, შრობა და წონის დანაკარგი, ბითუმად საქონლის რეალიზაციის შემთხვევები და ა.შ.
2. არ ეთანხმება ადგილობრივი ფიზიკური პირებისგან შეძენილი ხილ-ბოსტნეულის ღირებულების 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია შეძენილი იყო შესყიდვის აქტებით და გატანილი იყო ექსპორტზე, საქონლის განბაჟებისას აღნიშნული შესყიდვის აქტები თანდართული იყო საქონლის წარმოშობის მტკიცებულების სახით;
3. არ ეთანხმება მომწოდებლებზე გაცემული ავანსების დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის №22992 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ -ის “ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 17 მარტიდან 2024 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 2 აპრილის №7183 ბრძანება და ამავე თარიღის №001-45 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 244 665 ლარი, მათ შორის, გადასახადი 725 319 ლარი, ჯარიმა 358 639 ლარი და საურავი 160 707 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1.საწარმო შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს ხილ-ბოსტნეულის იმპორტს, ექსპორტს და რეექსპორტს, ასევე, ადგილობრივ შესყიდვას და რეალიზაციას (დოკუმენტური, საცალო). მთლიან ადგილობრივ რეალიზაციაში დოკუმენტური რეალიზაციის წილი ფიქსირდება 10%-მდე. საერთო დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 60%-ს, ხოლო საცალო რეალიზაციით საწარმო აფიქსირებს 17%-იან ფასნამატს. საწარმოს სააღრიცხვო მონაცემებით ვერ ხერხდება კონკრეტული რეალიზაციის გაშიფვრა, რა ოდენობის საქონელი გაიყიდა და რა ფასად, შესაბამისად, არსებული დოკუმენტაციით შეუძლებელია ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ რეალიზებული საქონლის შედეგად მიღებული შემოსავლის ოდენობის და შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. საწარმო მოწმდება დაფუძნების თარიღიდან, ასევე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი არ უფიქსირდება.
შემოწმების მიერ ადგილობრივი არადოკუმენტური რეალიზაციის ნაწილში საწარმოს საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის რაოდენობების განსაზღვრის მიზნით, არსებული დოკუმენტაციისა და სააღრიცხვო მონაცემების საფუძველზე განხორციელდა თითოეული საქონლის რაოდენობრივი მოძრაობის აწყობა დღეების ჭრილში, ხილ-ბოსტნეულის ნაშთები სახეობების მიხედვით, განხილულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად იმ თარიღის მდგომარეობით, როდესაც ნაშთი გახდა „უძრავი“. აღნიშნული რაოდენობები გამრავლდა შესაბამისი პერიოდის (თვის) იმავე სახეობის დოკუმენტურ (სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) საქონლის საშუალო შეწონილ ფასებზე. აღნიშნული პრინციპით განსაზღვრული არადოკუმენტური რეალიზაცია აისახა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად და განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2.საწარმოს შეძენილი აქვს ხილ-ბოსტნეული ადგილობრივად ფიზიკური პირებისგან. აღნიშნული შეძენები ფიქსირდება საწარმოს სააღრიცხვო პროგრამაში, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით წარმოდგენილ განცხადებებზე მიტვირთულია შესყიდვის აქტები (არასრულად). გადასახადის გადამხდელს შესყიდვის აქტები შემოწმების პროცესში მატერიალური ფორმით არ წარმოუდგენია. შემოწმების შედეგად, მათ შორის, საქართველოს ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციადოკუმენტაციის ანალიზით აღნიშნული შესყიდვის აქტების რეალურობა არ დადასტურდა, ასევე, შეძენების ნაწილზე არ ფიქსირება ატვირთული შესყიდვის აქტები, და არ არის გადამხდელის მხრიდან მოწოდებული. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება
№22708 ბრძანების შესაბამისად, სააღრიცხვო პროგრამით ფიზიკურ პირებზე ნაჩვენები გადახდების 75% მიჩნეულ იქნა ანაზღაურებულად, ხოლო 25% დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
3. საწარმო სააღრიცხვო მონაცემებით აფიქსირებს ავანსის ნაშთებს უცხოელ მომწოდებლებზე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2023 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით ნაშთი შეადგენს 531 484 ლარს. საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, თანხის გადახდა ძირითადად ხდება სალაროდან და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხებიდან, საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხვები ხშირად ფიქსირდება ფიზიკურ პირებზე, ხოლო ბუღალტრულად გატარებულია როგორც არარეზიდენტ მომწოდებელ კომპანიაზე გადახდილი თანხა. აღნიშნული „ავანსის“ შესაბამისი შეძენა/იმპორტი საწარმოს არ უფიქსირდება. ასევე, არ არის წარმოდგენილი სალაროდან/საქვეანგარიშოდ გაცემული თანხებიდან მომწოდებლის ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმებით, მომწოდებელზე ბუღალტრულად ავანსად ნაჩვენები თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე/დირექტორზე გაცემულ ხელფასად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, მთლიან ადგილობრივ რეალიზაციაში დოკუმენტური რეალიზაციის წილი ფიქსირდება 10%-მდე. საერთო დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 60%-ს, ხოლო საცალო რეალიზაციით საწარმო აფიქსირებს 17%-იან ფასნამატს. საწარმოს სააღრიცხვო მონაცემებით ვერ ხერხდება კონკრეტული რეალიზაციის გაშიფვრა, რა ოდენობის საქონელი გაიყიდა და რა ფასად, შესაბამისად, არსებული დოკუმენტაციით შეუძლებელია ადგილობრივ ბაზარზე საცალოდ რეალიზებული საქონლის შედეგად მიღებული შემოსავლის ოდენობის და შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა მართლზომიერად.
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით განხორციელდა შემდეგნაირად: დოკუმენტაციისა და სააღრიცხვო მონაცემების საფუძველზე განხორციელდა თითოეული საქონლის რაოდენობრივი მოძრაობის აწყობა დღეების ჭრილში, ხილ-ბოსტნეულის ნაშთები სახეობების მიხედვით განხილულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად იმ თარიღის მდგომარეობით, როდესაც ნაშთი გახდა „უძრავი“. აღნიშნული რაოდენობები გამრავლდა შესაბამისი პერიოდის (თვის) იმავე სახეობის დოკუმენტური საქონლის საშუალო შეწონილ ფასებზე. აღნიშნული პრინციპით განსაზღვრული არადოკუმენტური რეალიზაცია აისახა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
ამასთან, საწარმოს შეძენილი აქვს ხილ-ბოსტნეული ადგილობრივად ფიზიკური პირებისგან. გადამხდელს შესყიდვის აქტები შემოწმების პროცესში მატერიალური ფორმით არ წარმოუდგენია. საქართველოს ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია-დოკუმენტაციის ანალიზით აღნიშნული შესყიდვის აქტების რეალურობა არ დადასტურდა, ასევე, შეძენების ნაწილზე არ ფიქსირება ატვირთული შესყიდვის აქტები, და არ არის გადამხდელის მხრიდან მოწოდებული. სააღრიცხვო პროგრამით ფიზიკურ პირებზე ნაჩვენები გადახდების 75% მიჩნეულ იქნა ანაზღაურებულად, ხოლო 25% დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საწარმო სააღრიცხვო მონაცემებით აფიქსირებს ავანსის ნაშთებს უცხოელ მომწოდებლებზე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2023 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით ნაშთი შეადგენს 531 484 ლარს. საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, თანხის გადახდა ძირითადად ხდება სალაროდან და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხებიდან, საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხვები ხშირად ფიქსირდება ფიზიკურ პირებზე, ხოლო ბუღალტრულად გატარებულია, როგორც არარეზიდენტ მომწოდებელ კომპანიაზე გადახდილი თანხა. ამასთან, აღნიშნული გადახდების შესაბამისი შეძენა/იმპორტი საწარმოს არ უფიქსირდება და არ არის წარმოდგენილი სალაროდან/საქვეანგარიშოდ გაცემული თანხებიდან მომწოდებელთან ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმებით, მომწოდებელზე ბუღალტრულად ავანსად ნაჩვენები თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე/დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ კომპანიას შეუძლია წარმოადგინოს შედარების აქტები მომწოდებლებთან ანგარიშსწორების დამადასტურებლად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------- -ის “ (ს/ნ „-------“) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ადგილობრივი ფიზიკური პირებისგან შეძენილი ხილ-ბოსტნეულის ღირებულების 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება მომწოდებლებზე გაცემული ავანსების დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საწარმო შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებს ხილ-ბოსტნეულის იმპორტს, ექსპორტს და რეექსპორტს, ასევე, ადგილობრივ შესყიდვას და რეალიზაციას.საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად და განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
2.საწარმოს შეძენილი აქვს ხილ-ბოსტნეული ადგილობრივად ფიზიკური პირებისგან. აღნიშნული შეძენები ფიქსირდება საწარმოს სააღრიცხვო პროგრამაში, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით წარმოდგენილ განცხადებებზე მიტვირთულია შესყიდვის აქტები. გადამხდელს შესყიდვის აქტები შემოწმების პროცესში მატერიალური ფორმით არ წარმოუდგენია. შემოწმების შედეგად, მათ შორის, საქართველოს ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციადოკუმენტაციის ანალიზით აღნიშნული შესყიდვის აქტების რეალურობა არ დადასტურდა, ასევე, შეძენების ნაწილზე არ ფიქსირება ატვირთული შესყიდვის აქტები, და არ არის გადამხდელის მხრიდან მოწოდებული.ფიზიკურ პირებზე ნაჩვენები გადახდების 75% მიჩნეულ იქნა ანაზღაურებულად, ხოლო 25% დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
3.შემოწმებით, მომწოდებელზე ბუღალტრულად ავანსად ნაჩვენები თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე/დირექტორზე გაცემულ ხელფასად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
პირველ და მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,105,154.