გადაწყვეტილება №26355/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26355/2/2025
13 თებერვალი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 22.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26355/2/2025).
დავის საგანი:
იჯარის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა და მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.08.2025 წლის №002-113 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25356 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 189 884.64 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 116 287.16
დღგ - 44 071.66
საშემოსავლო გადასახადი - 72 215.50
ჯარიმა - 58 143.60
საურავი - 15 453.88
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენდა არასაცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვა გაქირავება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 2023 წლის პირველი ივნისიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება, შპს ---თან (ს/ნ ---) განხორციელებული საიჯარო მომსახურების საფუძველზე მიღებული/მისაღები შემოსავლების დღგ-ის, საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციებში ასახვისა და 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 31 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი სრულად არ ადეკლარირებდა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. 2023-2025 წლების საანგარიშო პერიოდებში, გადასახადის გადამხდელს შპს ---თვის გაწეული ჰქონდა კომერციული ფართის იჯარის მომსახურება სულ 288 862 ლარის, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში, დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 66 949 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი დეკლარირებული თანხების გაანგარიშება. იმის გათვალისწინებით, რომ არ ყოფილა წარდგენილი დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვის გაანგარიშება, ამასთან დეკლარაციებში ასახული თანხები არ ემთხვეოდა იჯარის მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს, აღნიშნული მომსახურების ღირებულებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან, შემოწმების შედეგად დადგენილი საიჯარო შემოსავალი, 288 862 ლარის ოდენობით, ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში არ დასტურდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ოპერაციასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.08.2025 წლის №17471 ბრძანება და №002-113 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.11.2025 წლის №25356 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის 30 ოქტომბერს 14:30 სთ-ზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 6 ნოემბერს 13:45 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ კომპანიის ბუღალტრის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა შპს ---თან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, რომელში ასახული ინფორმაციაც სრული სიზუსტით ემთხვევა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხულ თანხებს. აგრეთვე, კომპანიის იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს წარმოადგენდა იჯარით გაცემული ფართი, სადაც შპს --- საქმიანობდა, შესაბამისად არ მომხდარა აღნიშნულ მისამართზე ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის ჩატარება. ასევე, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა მითითებული მისამართი, სადაც ინახებოდა კომპანიაში არსებული ნაღდი ფული და არც საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები წარუდგენია შემოწმებისათვის.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში დაფიქსირებულ დარიცხვის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნავს, რომ აღნიშნულის გამო კომპანიას ყავს ახალი ბუღალტერი და რომ მასთან ერთად გაეცნო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ ბრძანებასა და საგადასახადო მოთხოვნას, თუმცა შემოწმების აქტი იმდენად არაფრის მომცემია და არ შეიცავს დეტალებს, რომ მისთვის ამ ეტაპზე სრულიად გაუგებარია დარიცხვის კანონიერება თუ, დარიცხული თანხების ოდენობის სისწორე. არ არის მითითებული თუ რას დაეყრდნო შემმოწმებელი, რა დოკუმენტაციით იხელმძღვანელა შემოწმების დროს, საიდან ამოიღო (ბუღალტერმა მიაწოდა, ელექტრონულ ბაზაში ნახა, საჯარო წყაროდან მოიპოვა თუ..) დასაბეგრი ციფრები, რომელსაც შემდეგ მოაყოლა მთელი კალკულაცია და დააყენა ის შედეგი, რაც დააყენა. შემოწმების აქტი არის დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ფაქტები, უნდა იყოს გაჯერებული არგუმენტებით და შემდეგ, უნდა იყოს სამართლებრივი დასაბუთება. ფაქტების გარეშე სამართლებრივი დასაბუთება შეუძლებელია. სადავო შემთხვევაში, შემოწმების აქტში ფაქტების გადმოცემის მცდელობაც არ არის. ნებისმიერ უცხო ადამიანს, ვინც წაიკითხავს, ვერ მიხვდება, თუ რა მოხდა. ყოველივეს გათვალისწინებით, ითხოვს საჩივრის განხილვამდე მათი შემმოწმებელ ჯგუფთან შეხვედრის უზრუნველყოფას, რათა დეტალურად მოხდეს საკითხის გავლა და თუ შეცდომაა/განზრახვაა კომპანიის ყოფილი ბუღალტრის, ეცოდინებათ და იმოქმედებენ შესაბამისად, თუ არ არის შეცდომა, მაშინ უნდა მოხდეს აქტის კორექტირება. ამასთან, საჩივრის განხილვამდე, დაიწყებენ შიდა შემოწმებას და დეტალურ პოზიციას/საჩივარს წარმოადგენს დამატებით, საჩივრის განხილვის დასრულებამდე. ყოველივეს გათვალისწინებით მიაჩნია, რომ სადავო აქტები არ ეფუძნება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, რის გამოც უნდა მოხდეს მათი ბათილად ცნობა. ზოგადად, დაინტერესებულ მხარეს გასაჩივრების უფლება აქვს იმისათვის, რომ დაიცვას თავისი უფლებები, რომლებზეც თვლის, რომ დარღვეულია. მეორეს მხრივ, საჩივრის განმხილველს აკისრია ვალდებულება, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაასაბუთოს, რომლის არსი არის ის, რომ მომჩივანს ერთგვარად აუხსნას, თუ რატომ იქნა მიღებული ესა თუ ის გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, ეს მის სასარგებლოდ იქნება თუ არა. ასევე, დასაბუთების ერთ ერთი მიზანია მომჩივნის დარწმუნება სადავო აქტის კანონიერებაში, რათა მან არ დაიწყოს დაუსაბუთებელი საჩივრების წერა და ამით დაზოგოს როგორც თავისი, ასევე სახელმწიფოს რესურსი.
სადავო შემთხვევაში, მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში უთითებდა კონკრეტულ პრეტენზიებზე, ქონდა კონკრეტული შედავება აუდიტის მიერ გაკეთებულ დასკვნებზე, რაზედაც შემოსავლების სამსახურისგან ელოდებოდნენ კონკრეტულ განმარტებებს თუნდაც იმაზე, რომ აუდიტის სამსახურის დარიცხვები კანონიერი იყო ამის და ამის გამო. იქნება გაეზიარებინათ მათი დასაბუთება და მიეჩნიათ, რომ ცდებოდნენ. შემოსავლების სამსახურმა გადმოაკოპირა აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმების აქტში დაწერილი, მისი სამართლებრივი საფუძვლებით და ამით დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება. არ არის დასაბუთება, რომლის ვალდებულებაზეც მიუთითებდა ზემოთ. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვაზე მიწვევასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აღნიშნულის თაობაზე შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული არასწორია. პირველი სხდომა ჩანიშნული იყო 30 ოქტომბერს, რასთან დაკავშირებით ეცნობა სატელეფონო კომუნიკაციის გზით, რა დროსაც საკონტაქტო პირს განუმარტა, რომ ვერ გამოცხადდებოდა განხილვაზე, რადგან დაკავებული იყო, შემდგომ დაუკავშირდა იგივე პიროვნება და აცნობა, რომ განხილვა ჩაინიშნა 6 ნოემბერს, რაზეც აცნობა, რომ ქონდა სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რაზეც უთხრა, რომ დავის განმხილველ კომისიას მოახსენებდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა არ გადაიდო განხილვა და მის გარეშე განიხილეს. დანართის სახით წარმოადგენს დოკუმენტს, რაც ადასტურებს, რომ სასამართლო სხდომა დასრულდა 13:01:44 საათზე და ფიზიკურად შეუძლებელი იყო ამ პიკის საათში შემოსავლების სამსახურში მისვლის მოსწრება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ იცვლება მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი შედავება და ვერ შეიცვლება, რამეთუ იგივე პრეტენზიები აქვთ და სხვანაირი ვერ ექნებათ მანამ, სანამ სხვანაირად არ დასაბუთდება გადაწყვეტილება, რომლითაც ან დაარწმუნებთ დარიცხვის კანონიერებაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი სრულად არ ადეკლარირებდა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. 2023-2025 წლების საანგარიშო პერიოდებში, გადასახადის გადამხდელს შპს ---თვის გაწეული ჰქონდა კომერციული ფართის იჯარის მომსახურება სულ 288 862 ლარის, ხოლო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 66 949 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმების პროცესში, წარდგენილი არ ყოფილა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება, ამასთან, დეკლარაციებში ასახული თანხები არ ემთხვეოდა შემოწმების მიერ დადგენილ იჯარის მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს, აღნიშნული მომსახურების ღირებულებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში, ვინაიდან არ დასტურდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ოპერაციასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა, შემოწმების მიერ დადგენილი საიჯარო შემოსავალი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაცია, რომ კომპანიის ბუღალტრის მიერ, შემოწმების პროცესში, წარდგენილი იქნა შპს ---თან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, რომელში ასახული ინფორმაციაც სრული სიზუსტით ემთხვევა შემოწმების შედეგად დარიცხულ თანხებს. აგრეთვე, კომპანიის იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს წარმოადგენდა იჯარით გაცემული ფართი, სადაც შპს ---- საქმიანობდა, შესაბამისად არ მომხდარა აღნიშნულ მისამართზე ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის ჩატარება. ასევე, კომპანიას (გადასახადის გადამხდელს) არ ჰქონდა მითითებული მისამართი, სადაც ინახებოდა კომპანიაში არსებული ნაღდი ფული და არც საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები წარუდგენია შემოწმებისათვის. საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური გარემოებები/არგუმენტები, ამასთან აღნიშნა, რომ შეცდომა გამოწვეულია ძველი ბუღალტრის მიერ, აქტში გაუგებარია დარიცხვის სისწორე. არ არის მითითებული თუ რას დაეყრდნო შემმოწმებელი, რა დოკუმენტაციით იხელმძღვანელა შემოწმების დროს, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა კი განაპირობა იმან, რომ ვერ დაუკავშირდნენ გადასახადის გადამხდელს, თორემ რაიმე თანხა ხარჯის ნაწილში ექნებოდა. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ არანაირი ხარჯის გაწევის, მათ შორის კომუნალური ხარჯებიც, არაფერი წარდგენილა, ამდენად ვინაიდან არანაირი ინფორმაცია არ იქნა წარდგენილი, მიღებული თანხა/შემოსავალი ხელფასად გაცემულად ჩაითვალა.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დავის წარმოების პროცესშიც არ წარუდგენია და მომჩივანი არც ამჟამად წარმოადგენს ისეთ არგუმენტს/მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა. საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
იჯარის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა და მიღებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას შესამოწმებელ პერიოდში წარმოადგენდა არასაცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვა გაქირავება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, საწარმოს მიერ განხორციელებული საიჯარო მომსახურების საფუძველზე მიღებული/მისაღები შემოსავლების დღგ-ის, საშემოსავლო და მოგების გადასახადების დეკლარაციებში ასახვისა და 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 31 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი სრულად არ ადეკლარირებდა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. 2023-2025 წლების საანგარიშო პერიოდებში, გადასახადის გადამხდელს საწარმოსთვის გაწეული ჰქონდა კომერციული ფართის იჯარის მომსახურება სულ 288 862 ლარის, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში, დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 66 949 ლარს. გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი დეკლარირებული თანხების გაანგარიშება. იმის გათვალისწინებით, რომ არ ყოფილა წარდგენილი დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვის გაანგარიშება, ამასთან დეკლარაციებში ასახული თანხები არ ემთხვეოდა იჯარის მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს, აღნიშნული მომსახურების ღირებულებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ამასთან, შემოწმების შედეგად დადგენილი საიჯარო შემოსავალი, 288 862 ლარის ოდენობით, ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში არ დასტურდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ოპერაციასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1); 163 (1,2); 164 (1); 73 (4,9); 101 (1); 154 (1).