ბრძანება N 6947
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6947
11 აპრილი 2025
ბრძანება
ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------")
(ფაქტ. მის.:"-------")
2025 წლის 2 აპრილის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 აპრილის სხდომაზე (ოქმი №27) განიხილა ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") 2025 წლის 2 აპრილის №94878/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მარტის №002-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ დროულად ვერ განახორციელა დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირება. მიუთითებს შეცდომაზე და ითხოვს ჯარიმა-საურავისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 თებერვლის №3495 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 12 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 27 მარტის №5672 ბრძანება და ამავე თარიღის №002- 23 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 27 748 ლარი, მათ შორის გადასახადი 18 587 ლარი, ჯარიმა 7 517 ლარი და საურავი 1 644 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
● მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ი/მ "-------" (პ/ნ "-------") არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. მცირე მეწარმის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა თეთრეულითა და სარეცხი საშუალებებით "-------"-ში, "-------"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა საქმიანობასთან დაკავშირებული ახსნა-განმარტება და საბანკო ანგარიშები. შემოწმების შესახებ ინფორმაციის გაცნობის შემდგომ გადამხდელმა 03.02.2025 პერიოდიდან მოითხოვა დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირება. შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დეკლარაციები, სალარო აპარატის და პოსტ-ტერმინალის ბრუნვები) დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ჯამურმა ბრუნვამ შეადგინა 380 401 ლარი, ხოლო დღგ-ის დასაბეგრმა ბრუნვამ 150 345 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის გათვალისწინებით პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
● შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დეკლარაციები) შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის შემდგომ პერიოდებში უფიქსირდება საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 8 875 ლარის დღგ-ის ჩასათვლელი თანხით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლებიდან გამომდინარე, შემოწმების მიმდინარეობისას, განისაზღვრა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 8 875 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მარტის №002-23 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ი/მ "-------" (ს/ნ "-------") საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მარტის №002-23 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი განმარტავს, რომ დროულად ვერ განახორციელა დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირება. მიუთითებს შეცდომაზე და ითხოვს ჯარიმა-საურავისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
● მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მომჩივანი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა.შემოწმების შესახებ ინფორმაციის გაცნობის შემდგომ გადამხდელმა 03.02.2025 პერიოდიდან მოითხოვა დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირება. დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ჯამურმა ბრუნვამ შეადგინა 380 401 ლარი, ხოლო დღგ-ის დასაბეგრმა ბრუნვამ 150 345 ლარი. შესაბამისად,პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 282-ე მუხლის შესაბამისად.
●შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის შემდგომ პერიოდებში უფიქსირდება საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები 8 875 ლარის დღგ-ის ჩასათვლელი თანხით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსკ-ის 174-ე და 175-ე მუხლებიდან გამომდინარე, შემოწმების მიმდინარეობისას, განისაზღვრა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 8 875 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მარტის №002-23 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
269(7),282.