ბრძანება N 13980
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13980
25 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ----- ----- (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )
2026 წლის 8 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 18 ივნისის სხდომაზე (ოქმი N 53) განიხილა ი/მ ----- ----- (ს/ნ ----- ) 2026 წლის 8 ივნისის N 102743/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 მაისის N 125-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ თავიდანვე არასწორად იქნა შეფასებული საქმიანობის სახე, კერძოდ, 2019 წლის 29 მარტიდან საწარმოს მინიჭებული ჰქონდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N 415 დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობაზე „ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია“. განმარტავს, რომ ევროკავშირის კომისიის რეგულაცია N 213/2008 CPV განსაზღვრავს შესყიდვების კლასიფიკაციას და ყველა შესყიდვას ახლავს CPV-ს შესაბამისი კოდი. ამ რეგულაციებზე დაყრდნობით სახელმწიფო შესყიდვის ყველა ხელშეკრულებაში ფიგურირებს შესყიდვის კლასიფიკატორის CPV კოდი. მისი მითითების გარეშე ტენდერი ვერ შედგება. ამდენად, საწარმოს მიერ სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია და მომსახურების მიწოდება ცალ-ცალკე ლოტი რომ ყოფილიყო, ყველა ხელშეკრულებაში იქნებოდა მოცემული შესაბამისი კოდები.
გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარს თან დაურთო მტკიცებულებად ხელშეკრულებები, სადაც ნათლად არის მითითებული შესყიდვის საგნის CPV კოდი 50100000 და ხელშეკრულების ღირებულება, რაც აღიარებული უნდა იყოს საწარმოს შემოსავლად და არა სათადარიგო ნაწილების ღირებულება, რომელიც პრეისკურანტის სახით თან ახლავს ყველა ხელშეკრულებას. აღნიშნულ ფასებს ადმინისტრაციული ორგანოები ბაზრის შესწავლის შედეგად განსაზღვრავენ და სათადარიგო ნაწილის ღირებულება საწარმოსთვის არის ხელშეკრულებით და არა თავისუფალი ფასით განსაზღვრული.
გადამხდელი მიუთითებს, რომ ერთდერთ არგუმენტად შემოსავლების სამსახურიდან დასახელდა მეწარმის მიერ პორტალზე შეცდომით ატვირთული სასაქონლი ზედნადებები. აცხადებს, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელს არ ევალება ბუღალტერიის წარმოება, ადმინისტრაციული ორგანოები ხელშეკრულებას ასრულებენ მიღება - ჩაბარების აქტებით. მეწარმე საკუთარი ინიციატივით წერდა სასაქონლი ზედნადებებს, საკითხში გაუცნობიერებლობა ჩანს იქიდანაც, რომ მომსახურების მიწოდებაც ზედნადებით არის დაფიქსირებული. აუდიტორმა მიმდინარე შემოწმების დროს გაითვალისწინა წინა შემოწმებისას სამსახურის მიერ დაფიქსირებული პოზიცია და მხედველობაში არ მიიღო ზემოაღნიშნული არგუმენტები.
ამასთან, წლიური საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისას ანალოგიურად იქნა მცდარი მიდგომა გამოყენებული და ნაცვლად ზემოაღნიშნული ინფორმაციისა, ხელოვნურად გაზრდილ თანხებს დაერიცხა გადასახადი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დღგ-ის თანხის გაუქმებას და საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას რეალური მონაცემების საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 იანვრის N 1603 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ----- (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი აგვისტოდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 19 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 22 მაისის N 11314 ბრძანება და ამავე თარიღის N 125-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 334 572 ლარი, მათ შორის გადასახადი 190 689 ლარი, ჯარიმა 95 344 ლარი და საურავი 48 539 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
. ი/მ ----- გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 6 სექტემბერს. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი. გადამხდელს უფიქსირდება მომსახურების გაწევა მუნიციპალიტეტებისთვის ტენდერის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება ახალი სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებულია 01.01.2020 - 01.08.2023 საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის მიხედვითაც გადამხდელს გაუუქმდა ფიქსირებული გადამხდელის სტატუსი და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის პერიოდად განესაზღვრა 2021 წლის 27 აგვისტო. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება 21 ტენდერში გამარჯვება, ჯამური ღირებულებით 1 067 719 ლარზე, საიდანაც შესამოწმებელ პერიოდში მიღება - ჩაბარებები ფიქსირდება მხოლოდ 901 840 ლარზე. ამასთან, გადამხდელს აქვს გამარტივებული ტენდერებიდან მიღებული შემოსავლები და სხვა არასატენდერო შემოსავლები. ტენდერები ძირითადად დადებულია ----- და ----- მუნიციპალიტეტის მერიასთან, ----- მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოსთან, ----- კეთილმოწყობის ცენტრთან და სხვა. სატენდერო ხელშეკრულებებში შესყიდვის საგანს წარმოადგენს ავტოტექმომსახურება, თუმცა მიღება - ჩაბარებებში გამიჯნულია მომსახურებისა და საქონლის ღირებულებები, ასევე გარკვეული ტენდერები დადებულია მხოლოდ საქონლის მიწოდებაზე. შემოწმების მიმდინარეობისას, როგორც ტენდერების გზით, ასევე კერძო პირებზე მიწოდებული მომსახურების/საქონლის შედეგად მიღებული შემოსავლები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელს არ აქვს წარდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. 2023 და 2024 წლებში მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით, გადამხდელს განესაზღვრა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც იბეგრება საერთო წესით. ამასთან, ხარჯების ნაწილში, ვინაიდან გადამხდელს 2023 და 2024 წელს არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად, აღნიშნულიდან გამომდინარე, გარდა იმ ხარჯისა, რომელიც დასტურდება დოკუმენტურად, 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით დადგინდა სმფ-ების თვითღირებულება, რომელიც ჩაითვალა შესაბამის წელში გაწეულ ხარჯად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის 5 ნაწილის, მე-80, 81-ე, 102-ე და 105-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-102 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც გადამხდელს უფიქსირდება მომსახურების გაწევა მუნიციპალიტეტებისთვის ტენდერის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება ახალი სათადარიგო ნაწილების გათვალისწინებით. წინა საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმებით, გადამხდელს გაუუქმდა ფიქსირებული გადამხდელის სტატუსი და დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის პერიოდად განესაზღვრა 2021 წლის 27 აგვისტო. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება 21 ტენდერში გამარჯვება, ჯამური ღირებულებით 1 067 719 ლარზე, საიდანაც შესამოწმებელ პერიოდში მიღება - ჩაბარებები ფიქსირდება მხოლოდ 901 840 ლარზე. ამასთან, გადამხდელს აქვს გამარტივებული ტენდერებიდან მიღებული შემოსავლები და სხვა არასატენდერო შემოსავლები. სატენდერო ხელშეკრულებებში შესყიდვის საგანს წარმოადგენს ავტოტექმომსახურება, თუმცა მიღება - ჩაბარებებში გამიჯნულია მომსახურებისა და საქონლის ღირებულებები, ასევე გარკვეული ტენდერები დადებულია მხოლოდ საქონლის მიწოდებაზე. გადამხდელის მიერ ტენდერების გზით, ასევე კერძო პირებზე მიწოდებული მომსახურების/საქონლის შედეგად მიღებული შემოსავლები, დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. ამასთან, გადამხდელს განესაზღვრა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და ხარჯები, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----- ----- (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
გადამხდელი ითხოვს დღგ-ის თანხის გაუქმებას და საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას რეალური მონაცემების საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობასთან დაკავშირებით ჩატარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგად გამოვლინდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმების საფუძველზე შედგა შესაბამისი აქტი, გამოიცა ადმინისტრაციული გადაწყვეტილება და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა გადასახადელი თანხა, ჯარიმა და საურავი.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158; 159(1 ,,ა,,ბ"); 73(5,,ა"); 275;.