გადაწყვეტილება №20063/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20063/2/2023
14 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 26.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20063/2/2023).
დავის საგანი:
1. გონივრულ ფულად ნაშთზე მეტი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. შესყიდვის აქტებით განხორციელებული შეძენის ღირებულების 25%-ის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №072-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №12990 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 687 871,21 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 404 111
დღგ - (- 60)
მოგების გადასახადი - 306 815
საშემოსავლო გადასახადი - 96 875
ქონების გადასახადი - 481
ჯარიმა - 197 371
საურავი - 86 389,21
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №072-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №12990 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. გონივრულ ფულად ნაშთზე მეტი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა წარმოებული აქვს საბუღალტრო პროგრამა ორისის მეშვეობით. შემოწმების პროცესში წარმოდგენილ პროგრამულ მონაცემებსა და საბანკო ანგარიშების ამონაწერებზე დაყრდნობით შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, რომლითაც დადასტურდა საწარმოში არაგონივრული ნაღდი ფულის არსებობა სხვადასხვა პერიოდში. საწარმოს დირექტორისაგან საგადასახადო ორგანომ ვერ მიიღო განმარტება აღნიშნული ფაქტის ასახსნელად. შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების №6 დანართის შესაბამისად, საწარმოში არსებული გონივრულ ნაშთს ზემოთ არსებული თანხები ჩათვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2022 წლის მარტისა და აპრილის თვეებზე განხორციელებულია სავარაუდო დარიცხვა 10 000-10 000 ლარის ოდენობით. ამიტომ შემოწმების აქტით დარიცხული ძირითადი თანხების შესაბამისი ჯარიმები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 274-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების პროცესში წარდგენილია სრული საბუღალტრო ინფორმაცია პროგრამა ორისის სახით, სადაც ჩანს ნებისმიერ პერიოდში, მათ შორის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალარო ნაშთი. ხარჯების გაწევა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით, ფიზიკური პირებიდან ნაღდი ანგარიშსწორებით ხდება სარეალიზაციო საქონელის შეძენა. ამ მიზნით სალაროში ყოველთვის საჭიროა ნაღდი ფულის სახით ნაშთი (იმაზე მეტი, ვიდრე ინსტრუქციით არის გათვალისწინებული - შემოსავლის/ხარჯის 10%). შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაფიქსირებული ნაღდი ფულის ნაშთი გახარჯულია მომდევნო 3 თვის მანძილზე საექსპორტო საქონლის ფიზიკური პირებისგან შესაძენად. აღნიშნულ 3 თვიან პერიოდს ითვალისწინებს მითითება გონივრული ფულადი ნაშთის განსაზღვრის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არ არის გათვალისწინებული არგუმენტაცია, მითითებულია, რომ ვერ იქნა წარდგენილი ნაშთთან დაკავშირებით არგუმენტაცია და არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა მოცემული დარიცხვის გაუქმების შესახებ.
სრულყოფილად უნდა იქნეს შესწავლილი სალაროში ნაღდი ფულის გონივრულობა, გათვალისწინებული იქნას სალაროში ნაღდი ფულის არსებობის აუცილებლობა საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასევე შესამოწმებელი პერიოდიდან 3 თვის განმავლობაში სალაროს ნაშთის ცვლილებების გათვალისწინებით გაუქმდეს ხელფასად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად პროგრამული მონაცემებისა და საბანკო ანგარიშების ამონაწერების მონაცემებით შედგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშით გამოვლინდა არაგონივრული ნაღდი ფულის არსებობა. საწარმოს დირექტორმა ვერ წარმოადგინა განმარტება სალაროს ნაშთის შესახებ.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა ბუღალტრული პროგრამა, რომლის მიხედვითაც სალაროში ფიქსირდებოდა დაახლოებით 370 000 ლარი. ამ თანხის სალაროში არსებობა ვერ იქნა დადასტურებული. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნა, რომ ეს თანხა ჭირდებოდა საქონლის შესაძენად და წარმოადგენდა შეძენების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომ დაედასტურებინა ნაღდი ფულის არსებობა, თუმცა შემოწმების პროცესში დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. სალაროს ნაშთი შესამოწმებელ პერიოდში იზრდებოდა, ნაშთი მიჩნეული იქნა არაგონივრულ ნაშთად, ვინაიდან აღემატებოდა კომპანიისთვის სალაროში საჭირო თანხების ოდენობას. დირექტორის ზეპირი განმარტებით მაქსიმალური საჭირო თანხა შესაძლოა ყოფილიყო 50 000 ლარი, დამატებით თანხის საჭიროების შემთხვევაში, სარგებლობდა საბანკო ანგარიშებით. საწარმოს ყოველთვის ჰქონდა ექსპორტიდან მოთხოვნები, დავალიანება სრულად დაფარული არ იყო, ხდებოდა ნაწილ-ნაწილ დაფარვა, ამიტომ მომდევნო პერიოდში რა დავალიანებები იქნა მიღებული და რა დივიდენდი იქნა გაცემული, შესამოწმებელ პერიოდში ამის გათვალისწინება ვერ მოხდებოდა. საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მისაღები ჰქონდა დაახლოებით 1,2 მლნ ლარის ოდენობით დებიტორული დავალიანება.
მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, ექსპორტისთვის შესაძენი საქონელის ერთი პარტიის თვითღირებულება არის 330 000 ლარიდან 350 000 ლარამდე. დივიდენდად თანხა გაცემულია 2-ჯერ, 2022 წლის ივნისის და ივლისის თვეებში. ივნისის განაცემი გათვალისწინებულია ნაშთის გაანგარიშების დროს, ხოლო ივლისის თვის თანხა არ არის გათვალისწინებული. მეთოდური მითითება ითვალისწინებს შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ 3 თვის მონაცემების გაანალიზებას. გათვალისწინებული უნდა იყოს შესამოწმებელი პერიოდის შემდეგომ საქონლის შეძენის და თანხის გახარჯვის მონაცემები. სალაროს ნაშთად ჩათვლილი თანხით შეძენილია საექსპორტო საქონელი, რისი ექსპორტიც დღეის მდგომარეობით შეზღუდულია. საქონლის შესყიდვისას მონაცემების აღრიცხვა გაკეთებულია ჟურნალში, ხოლო შესყიდვის აქტები შედგენილი არ არის.
საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე და ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი არ არის მომჩივნის მიერ მითითებული ნაშთად არსებული საქონლის შესყიდვის და აღნიშნული შესყიდვისთვის სალაროდან თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. შესყიდვის აქტებით განხორციელებული შეძენის ღირებულების 25%-ის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს მიერ შემოწმებისათვის არასრულად იქნა წარმოდგენილი ფიზიკური პირებისაგან მეორადი კატალიზატორისა და ხე-ტყის შესყიდვის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები - შესყიდვის აქტები. წარმოდგენილი დოკუმენტების ნაწილმა კი ვერ დააკმაყოფილა პირველადი დოკუმენტის კრიტერიუმები, კერძოდ - შესყიდვის აქტში დაფიქსირებული საიდენტიფიკაციო ნომერი არ შეესაბამებოდა ფიზიკური პირის სახელს და გვარს. ვინაიდან საქონლის ექსპორტის სასაქონლო რეჟიმში მოქცევის დოკუმენტაციით უტყუარად დასტურდება საქონლის არსებობისა და რეალიზაციის ფაქტი, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებით, რომლის მიხედვითაც შესყიდვის დოკუმენტებით განხორციელებული შეძენის ღირებულების 25% ჩათვალა საგადასახადო კოდექსის 982 მუხლით გათვალისწინებულ ხარჯად, რომელიც დოკუმენტურად არ დასტურდება და დაიბეგრა მოგების გადასახადით შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, საწარმოს მიერ შემოწმებისთვის არასრულად იქნა წარმოდგენილი ფიზიკური პირებისაგან მეორადი კატალიზატორისა და ხე-ტყის შესყიდვის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები - შესყიდვის აქტები. ხოლო წარმოდგენილი დოკუმენტების ნაწილმა ვერ დააკმაყოფილა პირველადი დოკუმენტის კრიტერიუმები. თუმცა საქონლის ექსპორტის სასაქონლო რეჟიმში მოქცევის დოკუმენტაციით დასტურდება საქონლის არსებობისა და რეალიზაციის ფაქტი.
წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი არ ეთანხმება შესყიდვის აქტების გაუთვალისწინებლობას და აცხადებს, რომ შეუძლიათ გამოასწოროს შესყიდვის აქტებში არსებული ტექნიკური ხარვეზები და წარმოადგინოს ისინი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის, ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შესყიდვის აქტების საერთოდ არგათვალისწინება და 25%-ის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად ჩათვლა მიუღებელია. წარმოდგენილია შესყიდვის პროცესში შედგენილი შესყიდვის აქტები. თუ ამ აქტებიდან რომელიმე მათგანს აქვს ტექნიკური ხარვეზი, შეცდომით არის მითითებულ პირადი ნომრების ციფრები, კონკრეტული აქტების მითითების შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება, დაზუსტდება მომწოდებელი ფიზიკური პირების პირადი ნომრები.
ხოლო უნაკლო და ხარვეზ გასწორებული შესყიდვის აქტები უნდა იქნეს გათვალისწინებული გამოსაქვით ხარჯად. ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტების წარმოდგენის მოთხოვნა წლების წინ შეძენილ საქონელთან (კატალიზატორებთან) მიმართებით არის არარეალური, შეუსრულებელი. საქონლის მომწოდებელი ფიზიკური პირები არ არიან ვალდებული ნოტარიუსთან დაადასტურონ ყიდვა-გაყიდვის ფაქტი მაშინ, როდესაც საქონლის გაყიდვის დროს ყიდვა-გაყიდვის ფაქტი დადასტურებული აქვთ დოკუმენტზე ხელმოწერით.
უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის ბრძანება, სადაც დავალებულია ნოტარიულად დამოწმებული შესყიდვის აქტების წარდგენა, აუდიტორებს უნდა დაევალოთ ყურადღება მიაქციონ წარდგენილ ინფორმაციაში ტექნიკური უზუსტობების გასწორებას, პირადი ნომრების და სხვა ტექნიკურ-საინფორმაციო უზუსტობების აღმოფხვრის შემდეგ ჩათვალონ ხარჯებად საქონლის შეძენები. ხოლო, სრულყოფილად შედგენილი აქტების შემთხვევაში ხარჯებში ჩათვალონ არა განურჩევლად ყველა შეძენაზე 75%, არამედ 100% შეძენის დანახარჯები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:
1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.
3. პირი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს იმ კალენდარული წლის დასრულებიდან არანაკლებ 3 წლის განმავლობაში, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს მიერ არასრულად იქნა წარდგენილი ფიზიკური პირებისაგან მეორადი კატალიზატორისა და ხე-ტყის შესყიდვის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები - შესყიდვის აქტები. დოკუმენტების ნაწილმა ვერ დააკმაყოფილა პირველადი დოკუმენტის კრიტერიუმები, კერძოდ - შესყიდვის აქტში დაფიქსირებული საიდენტიფიკაციო ნომერი არ შეესაბამებოდა ფიზიკური პირის სახელს და გვარს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელს ხე-ტყის შეძენაზე საერთოდ არ გააჩნდა შესყიდვის დოკუმენტი, ხოლო კატალიზატორების შეძენების შემთხვევებში ნაწილობრივ არ გააჩნდა შესყიდვის დოკუმენტები, ხოლო რაც ჰქონდა იმ დოკუმენტებში ზოგში არ ემთხვეოდა პირადი ნომრები, სახელი და გვარები, ხოლო შერჩევით სატელეფონო კომუნიკაციისას უმეტესობამ არ დაადასტურა გაყიდვა ან ვერ გაიხსენა ან მცირე თანხები დაადასტურა. შესაბამისად, არ იქნა გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც შესაძლოა აკმაყოფილებდა პირველადი დოკუმენტის ფორმალურ მოთხოვნებს.
შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №12990 ბრძანებით, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მომჩივანს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის, ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელია და შეუძლებელია ფიზიკური პირის მოძებნა და შემდეგ ნოტარიუსთან ხელმოწერის დადასტურება. ფიზიკურ პირებს მსგავსი ვალდებულება კომპანიის მიმართ არ გააჩნიათ.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ საქონლის შეძენის ღირებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით არ უნდა განხორციელდეს იმ ნაწილში, სადაც საქონლის შეძენაზე შედგენილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნულ ნაწილში საქონლის შეძენის ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს პირველადი საგადასახადო დოკუმენტების მონაცემები.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.06.2023 წლის №12990 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს:
ა) საქონლის შეძენის ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების მონაცემები;
ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გონივრულ ფულად ნაშთზე მეტი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. შესყიდვის აქტებით განხორციელებული შეძენის ღირებულების 25%-ის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა ბუღალტრული პროგრამა, რომლის მიხედვითაც სალაროში ფიქსირდებოდა დაახლოებით 370 000 ლარი. ამ თანხის სალაროში არსებობა ვერ იქნა დადასტურებული. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნა, რომ ეს თანხა ჭირდებოდა საქონლის შესაძენად და წარმოადგენდა შეძენების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომ დაედასტურებინა ნაღდი ფულის არსებობა, თუმცა შემოწმების პროცესში დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. სალაროს ნაშთი შესამოწმებელ პერიოდში იზრდებოდა, ნაშთი მიჩნეული იქნა არაგონივრულ ნაშთად, ვინაიდან აღემატებოდა კომპანიისთვის სალაროში საჭირო თანხების ოდენობას. დირექტორის ზეპირი განმარტებით მაქსიმალური საჭირო თანხა შესაძლოა ყოფილიყო 50 000 ლარი, დამატებით თანხის საჭიროების შემთხვევაში, სარგებლობდა საბანკო ანგარიშებით. საწარმოს ყოველთვის ჰქონდა ექსპორტიდან მოთხოვნები, დავალიანება სრულად დაფარული არ იყო, ხდებოდა ნაწილ-ნაწილ დაფარვა, ამიტომ მომდევნო პერიოდში რა დავალიანებები იქნა მიღებული და რა დივიდენდი იქნა გაცემული, შესამოწმებელ პერიოდში ამის გათვალისწინება ვერ მოხდებოდა. საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს მისაღები ჰქონდა დაახლოებით 1,2 მლნ ლარის ოდენობით დებიტორული დავალიანება. მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, ექსპორტისთვის შესაძენი საქონელის ერთი პარტიის თვითღირებულება არის 330 000 ლარიდან 350 000 ლარამდე. დივიდენდად თანხა გაცემულია 2-ჯერ, 2022 წლის ივნისის და ივლისის თვეებში. ივნისის განაცემი გათვალისწინებულია ნაშთის გაანგარიშების დროს, ხოლო ივლისის თვის თანხა არ არის გათვალისწინებული. მეთოდური მითითება ითვალისწინებს შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ 3 თვის მონაცემების გაანალიზებას. გათვალისწინებული უნდა იყოს შესამოწმებელი პერიოდის შემდეგომ საქონლის შეძენის და თანხის გახარჯვის მონაცემები. სალაროს ნაშთად ჩათვლილი თანხით შეძენილია საექსპორტო საქონელი, რისი ექსპორტიც დღეის მდგომარეობით შეზღუდულია. საქონლის შესყიდვისას მონაცემების აღრიცხვა გაკეთებულია ჟურნალში, ხოლო შესყიდვის აქტები შედგენილი არ არის.
2. საწარმოს მიერ არასრულად იქნა წარდგენილი ფიზიკური პირებისაგან მეორადი კატალიზატორისა და ხე-ტყის შესყიდვის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები - შესყიდვის აქტები. დოკუმენტების ნაწილმა ვერ დააკმაყოფილა პირველადი დოკუმენტის კრიტერიუმები, კერძოდ - შესყიდვის აქტში დაფიქსირებული საიდენტიფიკაციო ნომერი არ შეესაბამებოდა ფიზიკური პირის სახელს და გვარს. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელს ხე-ტყის შეძენაზე საერთოდ არ გააჩნდა შესყიდვის დოკუმენტი, ხოლო კატალიზატორების შეძენების შემთხვევებში ნაწილობრივ არ გააჩნდა შესყიდვის დოკუმენტები, ხოლო რაც ჰქონდა იმ დოკუმენტებში ზოგში არ ემთხვეოდა პირადი ნომრები, სახელი და გვარები, ხოლო შერჩევით სატელეფონო კომუნიკაციისას უმეტესობამ არ დაადასტურა გაყიდვა ან ვერ გაიხსენა ან მცირე თანხები დაადასტურა. შესაბამისად, არ იქნა გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც შესაძლოა აკმაყოფილებდა პირველადი დოკუმენტის ფორმალურ მოთხოვნებს.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე და ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი არ არის მომჩივნის მიერ მითითებული ნაშთად არსებული საქონლის შესყიდვის და აღნიშნული შესყიდვისთვის სალაროდან თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ საქონლის შეძენის ღირებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით არ უნდა განხორციელდეს იმ ნაწილში, სადაც საქონლის შეძენაზე შედგენილია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნულ ნაწილში საქონლის შეძენის ღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს პირველადი საგადასახადო დოკუმენტების მონაცემები.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 72(1); 73(9); 97(1„ბ“); 982; 101(1); 105(2); 154(1„ა“); 274(2); 275(2).