გადაწყვეტილება №20341/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.11.2023
№ დოკუმენტი 20341/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№20341/2/2023

16 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 21.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20341/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 29.03.2021 წლის №8991 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №036-1 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.06.2023 წლის №13848 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 400 001 ლარი.

მათ შორის:

ბუნებრ. რესურს. სარგებლ. მოსაკრ. - 387

გადასახადი - 186 409

დღგ - 63 982

ქონების (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) გადასახადი - 579

საშემოსავლო გადასახადი - 108 737

ქონების გადასახადი - 13 111

ჯარიმა - 94 736

საურავი - 118 469

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.07.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. 2018 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში საწარმოს ფიზიკურ პირზე გადარიცხული აქვს 5 000 ლარი ღვინის ჭურების შესაძენად. აღნიშნული ხარჯი მიჩნეულ იქნა ხარჯად, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან და საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე ღვინის ჭურებში გადახდილი თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით.

2. გადასახადის გადამხდელს ნაწარმოები არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა და შემოწმებისათვის არ აქვს წარდგენილი დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, საგადასახახადო ვალდებულებების დადგენის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი. ამ მიზნით, შემოწმების მიმდინარეობისას გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია გარემოს დაცვის დეპარტამენტიდან, ეროვნული სატყეო სააგენტოდან და სურსათის ეროვნული სააგენტოდან. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საშუალებით ჩატარდა საქონლის მოძრაობის ანალიზი სახეობების მიხედვით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საწარმოს უფიქსირდება სატვირთო მანქანები, რომელიც შეძენილია 2017 წლამდე და მათი ნაწილი რეგისტრაციიდან მოხსნილია შესამოწმებელ პერიოდში. ასევე, შემმოწმებლების მიერ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე (ხე-ტყის ჭრასთან დაკავშირებული გადასახადის გადამხდელზე გაცემული ნებართვები და ლიცენზიები) დადგინდა მოჭრილი მორების რაოდენობა სახეობების მიხედვით და დაკლული ცხოველების რაოდენობა შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შემოსავლების გაანგარიშებისას ჩატარდა საქონლის მოძრაობის ანალიზი. კერძოდ, ხის მასალის (მორის) გადამუშავებით (გამოყენებულ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა) დადგინდა მისაღები ფიცრის და ნარჩენის მოცულობა და შეუდარდა დოკუმენტურად რეალიზებული მასალების მოცულობას. დოკუმენტურად შეძენილი/მოპოვებული და რეალიზებული საქონლის რაოდენობრივი მოძრაობით განისაზღვრა წარმოებული მზა პროდუქციის ნაშთი, რაც შესაბამისი პერიოდების მიხედვით, დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად ჩაითვალა რეალიზებულად. სამშენებლო ბლოკის წარმოების ნაწილში დაანგარიშდა ბლოკის საწარმოებლად შეძენილი მასალების მოცულობა და აუდირებული ფასნამატის გამოყენებით განისაზღვრა მისაღები შემოსავლები. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა დაკლული ცხოველების რაოდენობა და საერთო მომსახურების ღირებულება განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამის მომსახურებაზე გამოწერილი დოკუმენტის საფუძველზე. რეგისტრაციიდან მოხსნილი სატვირთო მანქანები ჩაითვალა რეალიზებულად საბაზრო ფასებით (საბაზრო ფასი დადგენილ იქნა myauto.ge-ს საშუალებით). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. გადასახადის გადამხდელს 2019 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდში შეძენილი აქვს 30 000 ცალი კალმახის ლიფსიტა გარდა ამისა 2018 წლის აგვისტოში გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით, კალმახის ნაშთი შეადგენს 5 620 კგ.-ს. მათ შორის, გაყინული კალმახი 2 120 კგ. და ცოცხალი 3 500 კგ. შემოწმებით, მოპოვებული თევზის (კალმახის) ნაწილში, ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით და შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის საშუალებით დადგინდა შეძენილი ლიფსიტების რაოდენობა. ლიფსიტების კვების, ზრდის ტემპისა და სხვა პრაქტიკული გათვლების გამოყენებით, პერიოდების მიხედვით განსაზღვრულ იქნა თევზის რეალიზაციით მისაღები შემოსავლები. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდებოდა ძროხის ხორცის დოკუმენტური რეალიზაცია. რაზეც, გადასახადის გადამხდელს შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარუდგენია. შემოწმებით დაანგარიშდა დოკუმენტურად რეალიზებული ხორცით მიღებული შემოსავლები. აღნიშნული ოპერაციები, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, ჩაითვალა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვად.

4. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები შემოსავლის და გასავლის ორდერები. შემოწმების პროცესში არ არის წარდგენილი დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაცია. შემოწმების პროცესში ფულადი სახსრების მოძრაობის კუთხით გაკეთდა ანალიზი და სრულად მიღებული შემოსავლები ჩაითვალა თანხის შემოსვლად და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯი ჩაითვალა თანხის გადახდად. გადასახდელი დავალიანების ნაწილში გათვალისწინებულ იქნა ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტებიდან მიღებული და გადასახდელი სესხის მოცულობა. შედეგად, სხვაობები ჩაითვალა დაქირავებულზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

5. შემოწმების მიმდინარეობისას გარემოს დაცვის დეპარტამენტიდან, ეროვნული სატყეო სააგენტოდან და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით, საწარმოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ გაცემული ხე-ტყის დამზადებული ლიცენზიებით გათვალისწინებული ტერიტორიების მდებარეობა და ფართობი განსაზღვრულია წლების მიხედვით სულ 381 ჰა. საგადასახადო კოდექსის 204-ე და 205-ე მუხლების მიხედვით დაანგარიშდა საწარმოს სარგებლობაში არსებული ტყის მიწების ფართობის შესაბამისად ქონების გადასახადი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

6. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებით, საწარმოს წარდგენილი აქვს მოპოვებული ხე-ტყის მასალის მოცულობის მიხედვით შესაბამისი დეკლარაცია. შემოწმების მიმდინარეობისას გარემოს დაცვის დეპარტამენტიდან და ეროვნული სატყეო სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა მოპოვებული ხეტყის მასალების ოდენობები შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შედეგად, გამოიკვეთა პერიოდის ცვლილება საწარმოს მიერ დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმების მიერ დადგენილ მონაცემებს შორის. ზოგიერთ შემთხვევაში არასრულად არის დეკლარირებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა მოსაკრებელი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 29.12.2020 წლის №39462 ბრძანება და №036-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.03.2021 წლის №8991 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. პირველ, მე-2, მე-3, და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, მ.შ. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეესწავლა სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განსაზღვრული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

2. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.03.2021 წლის №8991 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 104 729 ლარით, მათ შორის გადასახადი 70 022 ლარით, ხოლო ჯარიმა 34 707 ლარით.

აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №7922 ბრძანება და №036-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.06.2023 წლის №13848 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგრილი ღვინის ჭურების შესაძენად გადახდილი თანხა გადაანგარიშებით დაექვემდებარა შემცირებას. ასევე, საკალმახე მეურნეობის საქმიანობის ფარგლებში, ლიფსიტის გამოზრდასა და შემდგომში თევზის რეალიზაციასთან დაკავშირებულ შემოსავალთან მიმართებაში არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული ხარჯები გათვალისწინებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის კუთხით. ასევე, ფულის მოძრაობაში შემოსავალი შემცირებულია და გათვალისწინებულია დაკლული საქონლის რაოდენობა, რომელზეც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შესაბამისად, დაქირავებულ პირზე გაცემული სარგებელი გადაანგარიშებით დაექვემდებარა შემცირებას. აგრეთვე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ფაქტობრივი მოპოვების მიხედვით, ათვისებული მიწის ფართობი შეადგენს 62.4 ჰექტარს. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა საკუთარი-წარმოების ძირითადი საშუალების შეფასების დასკვნა, რის საფუძველზეც გაანგარიშდა ქონების გადასახადი. ასევე ქონების შეფასების დასკვნის საფუძველზე დადგინდა გახარჯული მასალების მოცულობა. შესაბამისად, დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა რეალიზაციაში გათვალისწინებული ის სამშენებლო მასალები, რომელიც გაიხარჯა საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების საწარმოებლად. დღგ-ის ნაწილში ასევე დასაბეგრი ბრუნვა შემცირებულია და გათვალისწინებულია დაკლული ცხოველების რაოდენობა და საერთო მომსახურების ღირებულება განისაზღვრა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საფუძველზე.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული წარდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები. აცხადებს, რომ ექვსივე სადავო საკითხთან მიმართებაში მიღებულია მცდარი გადაწყვეტილება. აღნიშნავს, რომ დამატებით წარმოადგენს დასაბუთებულ და არგუმენტირებულ პოზიციას. მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 98- ე, 53-ე და 601 მუხლების დარღვევაზე.

მომჩივანმა 3.10.2023 წელს წარმოადგინა განცხადება დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე, სადაც განმარტა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებენ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციას და ხაზს უსვამს დარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების არამართებულობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახურის 29.03.2021 წლის №8991 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. პირველ, მე-2, მე-3, და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, მ.შ. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეესწავლა სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განსაზღვრული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

2. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 29.03.2021 წლის №8991 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე საკითხი შესწავლილ იქნა დამატებით გადასახადის გადამხდელთან ერთად, რომლის შედეგად:

1. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, მოგების გადასახადით დაბეგრილი ღვინის ჭურების შესაძენად გადახდილი თანხა გადაანგარიშებით დაექვემდებარა შემცირებას.

2. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით განხილულ იქნა სადავო საკითხი. კერძოდ, საკალმახე მეურნეობის საქმიანობის ფარგლებში, ლიფსიტის გამოზრდასა და შემდგომში თევზის რეალიზაციასთან დაკავშირებული არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული შემოსავალი დარჩა უცვლელი, ხოლო აღნიშნულ შემოსავალთან მიმართებაში არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული ხარჯები (ლიფსიტების კვების, ზრდის ტემპისა და სხვა პრაქტიკული გათვლების გამოყენებით გასაწევი ხარჯის ოდენობა) გათვალისწინებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის კუთხით. ასევე, ფულის მოძრაობაში შემოსავალი შემცირებულია და გათვალისწინებულია დაკლული საქონლის რაოდენობა, რომელზეც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შესაბამისად, დაქირავებულ პირზე გაცემული სარგებელი გადაანგარიშებით დაექვემდებარა შემცირებას.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „-------“-ზე (ს/ნ -------) რამდენი ჰექტარი იყო გამოყოფილი 2017-2020 წლებში უშუალოდ ტყეკაფისთვის (მ.შ. რა მოცულობის მიწის ნაკვეთს ფლობდა პირი ფაქტობრივად). მიღებული ინფორმაციის შედეგად დგინდება, რომ ფაქტობრივი მოპოვების მიხედვით ათვისებული მიწის ფართობი შეადგენს 62.4 ჰექტარს. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების შეფასების დასკვნა, რის საფუძველზე გაანგარიშდა ქონების გადასახადი.

4. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების შეფასების დასკვნა. ქონების შეფასების დასკვნის საფუძველზე დადგინდა გახარჯული მასალების მოცულობა. შესაბამისად, დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირებას დაექვემდებარა რეალიზაციაში გათვალისწინებული ის სამშენებლო მასალები, რომელიც გაიხარჯა საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების საწარმოებლად. დღგ-ის ნაწილში, ასევე დასაბეგრი ბრუნვა შემცირებულია და გათვალისწინებულია დაკლული ცხოველების რაოდენობა და საერთო მომსახურების ღირებულება განისაზღვრა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები საფუძველზე. დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 104 729 ლარით, მათ შორის გადასახადი 70 022 ლარით, ხოლო ჯარიმა 34 707 ლარით.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. ამასთან, მომჩივნის მიერ 3.10.2023 წლის განცხადებით წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები არ არის შესწავლილი და შეფასებული. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.06.2023 წლის №13848 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 29.03.2021 წლის №8991 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.03.2021 წლის №8991 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 29.03.2021 წლის №8991 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე, მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.06.2023 წლის №13848 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. ამასთან, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები არ არის შესწავლილი და შეფასებული. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 97; 101; 154; 203(ბ); 204(3); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი 161(1-ა); 168(4);