ბრძანება N 8503
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8503
19.04.2023
შპს „--ის“ (ს/ნ --)
(მის.: --) 2023 წლის 6 თებერვლის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მარტის სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა შპს „--ის“ (ს/ნ --) 2023 წლის 6 თებერვლის №18791/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №081-331 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილ ფულად სხვაობას და ამ თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებულ 2019 წლის სექტემბერი-დეკემბრის თვის პერიოდში იმპორტის საბაჟო დეკლარაციებზე მიბმულია შპს „--ის“ ინვოისები და CMR-ები. ინვოისებზე არსებული ხელმოწერა და CMR-ზე არსებული ხელმოწერა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან, მხოლოდ CMR-ზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნის შპს „--ის“ დირექტორს (ხელმოწერა იდენტურია პირადობის დამადასტურებელ მოწმობაზე არსებულისა). მიიჩნევს, რომ დოკუმენტები შეცვლილია და ის გარემოება, რომ ინვოისზე დასმულია საწარმოს საფირმო ბეჭედი არ ნიშნავს, რომ ინვოისი კომპანიის მომზადებულია. აცხადებს, რომ ბეჭდის დამზადება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ საკანცელარიო მაღაზიაში. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ნოემბრის №28971 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--ის“ (ს/ნ --) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება -- 05/09/2019; -- 04/11/2019; 11112/D--- და-- 28/12/2019 აღრიცხვის მოწმობებით განხორციელებული რეექსპორტის ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33307 ბრძანება და ამავე თარიღის №081-331 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 48 658 ლარი, მათ შორის, გადასახადი 23 698 ლარი, ჯარიმა 11 949 ლარი, საურავი 13 011 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის მიერ რეექსპორტში მოქცეული პროდუქციის ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმომ 05.09.2019წ. --; 04.11.2019წ. --; 09.12.2019წ. --2 და 28.12.2019წ. -- აღრიცხვის მოწმობებით თურქეთის რესპუბლიკაში განახორციელა 98 280 კგ დამუშავებული ტყავის რეექსპორტი, რომელიც შემოტანილი ჰქონდა სომხეთის რესპუბლიკიდან, საერთო საინვოისო ღირებულებით 35 030 აშშ დოლარი. ზემოთ აღნიშნული პროდუქციის თურქეთის რესპუბლიკაში გატანის დროს საქართველოს საბაჟოზე წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულება შეადგენს 35 813 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში (105 124 ლარი), ხოლო თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურიდან მიღებული მონაცემების მიხედვით იგივე ოპერაციაზე ზემოთ ნახსენები 98 280 კგ დამუშავებული ტყავის სარეალიზაციო ღირებულება შეადეგნს 68 114 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, (199 920 ლარი), ხოლო სხვაობა შეადგენს 97 797 ლარს. აღნიშნული სხვაობის თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე და ამავე დროს დამფუძნებელზე (100%-იანი წილის მფლობელი) გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლებით დაიბეგრა კუთვნილი გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ასევე, დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული აქვს დამუშავებული ტყავის რეექსპორტი. შპს „--“-ის მიერ რეესქსპორტით გატანილი ერთი კგ ტყავის ღირებულება საქართველოს საბაჟოზე დაფიქსირებულია 0,36 აშშ დოლარი, ხოლო თურქეთის საბაჟოდან მოწოდებული ინფორმაციით ფიქსირდება 0,69 აშშ დოლარი. შესაბამისად, შემოწმებით გამოვლინდა სხვაობა პროდუქცის სარეალიზაციო ღირებულებებთან მიმართებით. თურქეთში რეექსპორტით გატანის დროს საქართველოს საბაჟოზე წარდგენილ დოკუმენტაციასა და თურქეთის საბაჟო ორგანოდან მიღებულ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობა, შემოწმების მიერ ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე/დამფუძნებელზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--ის“ (ს/ნ --) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილ ფულად სხვაობას და ამ თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის მიერ რეექსპორტში მოქცეული პროდუქციის ანალიზი, რის შედეგადაც დადგინდა,რომ პროდუქციის თურქეთის რესპუბლიკაში გატანის დროს საქართველოს საბაჟოზე წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულება შეადგენს 35 813 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში (105 124 ლარი), ხოლო თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურიდან მიღებული მონაცემების მიხედვით იგივე ოპერაციაზე 98 280 კგ დამუშავებული ტყავის სარეალიზაციო ღირებულება შეადეგნს 68 114 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, (199 920 ლარი), ხოლო სხვაობის თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე და ამავე დროს დამფუძნებელზე (100%-იანი წილის მფლობელი) გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლებით დაიბეგრა კუთვნილი გადასახადით.
გადაწყვეტილება
საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 306 (2,); 136 (3); 49(1); 61 (3); 73 (4,5,9); 101 (1);154; 43 (3).