გადაწყვეტილება №20417/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20417/2/2023
12 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------29.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20417/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №081-57 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14473 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 59 333,69 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 34 856
დღგ - 25 940
მოგების გადასახადი - 3 501
საშემოსავლო გადასახადი - 5 415
ჯარიმა - 16 212
საურავი - 8 265,69
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა სანტექნიკური მოწყობილობებით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 21 აგვისტოდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდის, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 23 მარტის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 მარტის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 21 აგვისტოს, ხოლო დღგ- ის გადამხდელად - 2022 წლის 17 იანვარს. საქონლის რეალიზაცია ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით. საქონლის შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე.
გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 322 291 ლარის საქონელი. 2023 წლის 23 მარტის №5737, №5738, ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. გამომდინარე იქიდან რომ გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანხმად, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. გაანგარიშდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი. საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის გათვალისწინებით, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 5 ივნისი. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლების საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 20 აპრილის №8592 ბრძანება და ამავე თარიღის №081-57 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14473 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლებიდან შემოსული წერილის თანახმად არ იქნა განხილული ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის კოეფიციენტი, დამატებით გაანგარიშებულია წინა პერიოდის შემოსავლები, რაც დაუშვებელია, იმ მოტივით რომ ელექტრონულ გვერდზე ნათლად სჩანს რეალიზებული საქონლის დასახელება, აღნიშნული ფასნამატი უნდა გაანგარიშებულიყო გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დადასტურებული შეძენა (რეალიზებული საქონლის მიხედვით საშუალო შეწონილი მეთოდით, ამავე დროს ფასნამატი გავრცელებულია როგორც საბუთით საქ. ზედნადებით), ასევე უსაბუთოდ რეალიზებულ საქონელზე.
რეალიზებული საქონლის ფასნამატი უფრო ნაკლებია, ვიდრე შემოწმების დროს იქნა გამოყენებული. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი საგადასახადო ვალდებულება მაქსიმალურად უნდა იყოს რეალურ (ობიექტურ) საგადასახადო ვალდებულებასთან, შპს დროულად ბეგრავს და ახდენს შესაბამისად ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.
ზემოთ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით ითხოვს მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების შედეგად შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო საქონლის კატეგორიების მიხედვით და შემოწმებით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი, რის საფუძველზეც მომჩივანს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის 5 ივნისის თარიღით და გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების და შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის, დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა სანტექნიკური მოწყობილობებით.შპს არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების შედეგად შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო საქონლის კატეგორიების მიხედვით და შემოწმებით არადოკუმენტურ რეალიზაციაზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი, რის საფუძველზეც მომჩივანს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის 5 ივნისის თარიღით და გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);165(2);159(1ა,ბ);163(1,2);