ბრძანება N 27048

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.12.2024
№ დოკუმენტი 27048
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27048

24 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 4 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №131) განიხილა სს „-------“ (ს/ნ -------) №200255/21 საჩივარი (შემოსულის №CA00412415843032), რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ოქტომბრის №21-17/79423 გადაწყვეტილებას.

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებების ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით ვალის მართვის დეპარტამენტში წარდგენილი ჰქონდა განცხადება, რაზეც 2024 წლის 24 ოქტომბრის №21-17/79423 წერილით მიიღო უარი. შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №------- და 2021 წლის 2 სექტემბრის №------- შეტყობინებების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრირებული აქვს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება სს „-------“ (ს/ნ -------) საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის არსებობის პერიოდში სს „-------“ გაასხვისა თავის საკუთრებაში არსებული 6 უძრავი ქონება აზერბაიჯანულ კომპანია შპს ,,-------“. გასხვისების შემდეგ ქონებას გადაჰყვა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. სს „-------“ საგადასახადო დავალიანება (მათ შორის, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება) შეადგენს 2 322 787 ლარს. აღნიშნულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით 2024 წლის აგვისტოს თვეში მომზადებულია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ფარგლებში შეფასებულია ამ უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება, რაც ჯამში შეადგენს 3 965 600 აშშ დოლარს, არსებული გაცვლითი კურსით 11 282 132 ლარს. დღეის მდგომარეობით, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელებულია სს „-------“ მთელ ქონებაზე, რომელშიც შედის შპს „-------“ მიყიდული 6 უძრავი ქონება.

გადამხდელი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა მოიხსნას სს „-------“ (ასევე შპს „-------“) საკუთრებაში არსებულ ყველა სხვა აქტივზე, გარდა, №------- (177 კვ.მ.) და №------- (484.5 კვ.მ.) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებებისა. აღნიშნული უძრავი ქონებების (რომლებზეც დარჩება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) ჯამური საბაზრო ღირებულება შეფასების დასკვნის თანახმად შეადგენს 1 024 800 აშშ დოლარს, ამდენად, 2 915 556 ლარს, ხოლო საგადასახადო დავალიანების მოცულობა შეადგენს მხოლოდ 2 322 787 ლარს. შედეგად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონება დაახლოებით 592 000 ლარით აღემატება არსებულ საგადასახადო დავალიანებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელდეს მხოლოდ №------- და №------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ ორ უძრავ ქონებაზე, რომელთა ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება საგადასახადო დავალიანების ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, სს „-------“ (ს/ნ -------) 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 967318.27 ლარი. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, სს „-------“ (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2019 წლის 31 დეკემბრის №094-5208 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 10 იანვრის №------- გადაწყვეტილების თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გაუქმებულ იქნა სს „-------“ (ს/ნ -------) კუთვნილ ერთ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით №-------. ამასთან, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 10 იანვრის №-------

გადაწყვეტილებით საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გაუქმდა სს „-------“ (ს/ნ -------) საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებისა).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №------- (02/09/2021) გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურის №------- (02/09/2021) და №------- (13/01/2020) შეტყობინებების საფუძველზე განხორციელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება გავრცელდა სს „-------“ (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე, გარდა №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთზე და მოძრავ ნივთებზე.

სს „-------“ (ს/ნ -------) და შპს „-------“ (ს/ნ -------) წარმომადგენლებმა 2024 წლის 4 ოქტომბრის №165105//21-11 განცხადებით მიმართეს შემოსავლების სამსახურს სს „-------“ (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმების თაობაზე, მათ შორის, შპს „-------“ (ს/ნ -------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (გარდა უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი ქონებისა).

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სს „-------“ (ს/ნ -------) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით დატვირთული ქონება გაასხვისა შპს „-------“ (ს/ნ -------). შესაბამისად, ქონებას გადაჰყვა და დღეის მდგომარეობით, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია უძრავ ქონებებზე, რომლებიც გადავიდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საკუთრებაში. განცხადებით მოთხოვნილი იყო სს „-------“ (ს/ნ -------) და შპს „-------“ (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმება, გარდა №------- და №------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებებისა, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 1 024 800 აშშ დოლარს, რომელიც განმცხადებლის განმარტებით აღემატებოდა საგადასახადო დავალიანებას, რომელიც შეადგენდა 2 322 787 ლარს.

სს „-------“ (ს/ნ -------) და შპს „-------“ (ს/ნ -------) წარმომადგენლების მოთხოვნა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაზეც განმცხადებელს პასუხი ეცნობა ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ოქტომბრის №21-17/79423 წერილით. აღნიშნული წერილი გადამხდელის წარმომადგენელმა ჩაიბარა ფოსტის საშუალებით 2024 წლის 5 ნოემბერს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, სს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება საგადასახადო დავალიანება (ნაერთი ინფორმაციით) 2382146.94 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილით, ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს:

ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით;

ბ) ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, ამ კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება არ შეიძლება გააუქმოს საგადასახადო ორგანოს უფროსმა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მიზნით პირის ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის გამოყენებაც განსახილველ შემთხვევაში მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს:

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელდეს მხოლოდ რეგისტრირებულ ორ უძრავ ქონებაზე, რომელთა ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება საგადასახადო დავალიანების ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, მომჩივანს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება, რის გამო, მომჩივანის მთელ ქონებაზე შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გაუქმებულ იქნა მომჩივანის კუთვნილ ერთ უძრავ ქონებაზე, საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებისა). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, განხორციელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება გავრცელდა მთელ ქონებაზე, გარდა ერთი უძრავი ნივთისა და მოძრავ ნივთებზე.

მომჩივანმა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით დატვირთული ქონება გაასხვისა. შესაბამისად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება გადავიდა ახალ მფლობელზე. მომჩივანის და ქონების ახალი მფლობელის მიერ განცხადებით მოთხოვნილი იყო მთელ ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმება, გარდა 2 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებებისა, რომელთა ჯამური ღირებულება აღემატებოდა საგადასახადო დავალიანებას. მოთხოვნა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, რაზეც განმცხადებელს პასუხი ეცნობა ვალის მართვის წერილით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(7)