ბრძანება N 19195
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19195
26 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------------ის (ს/ნ ---------------)
(ფაქტ. მის.: -------------------------;
იურ. მის.: --------------------------)
2026 წლის 7 და 14 ივლისის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 15 და 30 ივლისის სხდომებზე (ოქმები №62 და №68) განიხილა ფ/პ ფ/პ --------------ის (ს/ნ ---------------) 2026 წლის 7 ივლისის №----/1/2026 და 14 ივლისის №-----/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 ივნისის №006-256 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ იგი დასაქმებული იყო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოში და შესაბამისად აღნიშნული საწარმოდან მიღებულ ხელფასს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავად რიცხავდა ბიუჯეტში. კერძოდ, ფიზიკური პირი საშემოსავლო გადასახადს იხდიდა სს „----“ ბანკში საკუთარ სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშიდან. გადარიცხვის განხორციელებისას, საგადასახადო დავალების „დამატებითი ინფორმაციის“ ველში მიუთითებდა შემოსავლების სამსახურის მიერ მინიჭებულ საიდენტიფიკაციო ნომერს (--------), ხოლო გადამხდელის სახელის შესაბამის გრაფაში აგრეთვე წარმოდგენილი იყო მისი პასპორტის ნომერიც. მიუხედავად ამისა, პირის მიერ განხორციელებული გადარიცხვები ავტომატურად არ აისახებოდა შემოსავლების სამსახურში გადასახადი გადამხდელის სახელზე გახსნილი ანგარიშის პირად ბარათზე. აღნიშნულის შესახებ პირმა მხოლოდ საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდგომ შეიტყო. მომჩივანის განმარტებით, მას სრულად აქვს გადახდილი საშემოსავლო გადასახადი, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ადგილი არ ჰქონია მისი მხრიდან გადასახადის გადახდის ვალდებულების თავიდან არიდების მცდელობას.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ იყო, რომ აღნიშნული გადასახადი გადახდასთან ერთად კანონმდებლობა ასევე ავალდებულებდა ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციის წარდგენას. შესაბამისად, დეკლარაციების წარუდგენლობა გამოწვეული იყო არა საგადასახადო ორგანოს შეცდომაში შეყვანის, გადასახადის დამალვის ან საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდების მიზნით, არამედ კანონით დადგენილი დეკლარირების ვალდებულების შესახებ ინფორმაციის არქონით. ასევე, მომჩივანის განმარტებით, იგი საქართველოს ტერიტორიაზე არ ახორციელებს სხვა საქმიანობას და არ აქვს სხვა შემოსავლის წყარო.
2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 მაისის №10951 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ --------------ის (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდების თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოდან მიღებული ხელფასის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 25 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 26 ივნისის №14137 ბრძანება და ამავე თარიღის №006-256 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 81 328 ლარი, მათ შორის, გადასახადი 45 284 ლარი, ჯარიმა 22 642 ლარი, საურავი 13 402 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, ფ/პ --------------ის (ს/ნ ---------------) დასაქმებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფარგლებში დაფუძნებულ საწარმოში შპს „------ში“ (ს/ნ --------). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების მიხედვით ფ/პ --------------ს (ს/ნ ---------------) 2023-2026 წლების საანგარიშო პერიოდებში თავისუფალი ინდუსტრიული საწარმო შპს „-----------დან“ (ს/ნ --------) ხელფასის სახით მიღებული აქვს შემოსავალი. შემოწმებით დგინდება, რომ ფ/პ „---------“-ს (ს/ნ ---------) საგადასახადო ორგანოში არ აქვს წარდგენილი 2023, 2024 და 2025 წლების წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის შესწავლით დგინდება, რომ ხელფასის დანიშნულებით შპს „--------გან“ (ს/ნ ---------) ჩარიცხული თანხები 2023 წელს შეადგენს - 61 000 ლარს, 2024 წელს - 69 500 ლარს 2025 წელს - 73 040 ლარს და 2026 წელს 22 880 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე, 154-ე, 79-ე, მე-80, მე-100 და 101-ე მუხლების გათვალისწინებით, ფ/პ „----------“-ის (ს/ნ --------) მიერ შპს „----------დან“ (ს/ნ --------) მიღებული ხელფასთან გათანაბრებული შემოსავლები, ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული 20%-იანი განაკვეთით. ვინაიდან ფიზიკური პირის მიერ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოდან მიღებული ხელფასი არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, ამიტომ ფიზიკური პირი ვალდებული იყო წარედგინა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ ერთობლივ შემოსავლებს შორის მიღებული სხვაობა 2023 წელს შეადგენს - 61 000 ლარს, 2024 წელს - 69 500 ლარს, 2025 წელს - 73 040 ლარს, 2026 წელს - 22 880 ლარს, ხოლო დამატებით დასარიცხი საშემოსავლო გადასახადი 2023 წელს 12 200 ლარს, 2024 წელს 13 900 ლარს, 2025 წელს 14 608 ლარს, ხოლო 2026 წელს 4 576 ლარს. შესაბამის პერიოდებში პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საქართველოს რეზიდენტი დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით).
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №291 დადგენილებით განსაზღვრულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესი. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ წესით განსაზღვრული ხელფასის მიმართ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს (შემდგომში - საწარმო) არ ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაქირავებულის მიერ საწარმოში მიღებულ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №291 დადგენილებით განსაზღვრული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დაქირავებული ვალდებულია, ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი დასაქმებული იყო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოში. ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის შესწავლით დადგინდა, რომ ხელფასის დანიშნულებით შპს „---------გან“ (ს/ნ ---------) ჩარიცხული თანხები 2023 წელს შეადგენს - 61 000 ლარს, 2024 წელს - 69 500 ლარს 2025 წელს - 73 040 ლარს, რომელიც არ ჰქონდა დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ 2023-2025 წლის საანგარიშო პერიოდზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება 2026 წლის საანგარიშო პერიოდზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №291 დადგენილებით განსაზღვრული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის მე-4 მუხლის პირველ ნაწილიზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2026 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, მოცემულ საანგარიშო პერიოდზე, არის 2027 წლის პირველი აპრილი, შესაბამისად შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა იმ პერიოდზე, რომლის დეკლარირების ვადა ჯერ არ დამდგარა. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2026 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებებს ასრულებდა სრულად, თუმცა ტექნიკური ცდომილების გამო გადახდილი თანხები არ აისახა მის პირადი აღრიცხვის ბარათზე. კერძოდ, განმარტავს, რომ გადასახადს იხდიდა სს „-------ში“ გახსნილი ანგარიშიდან, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, პირის მიერ განხორციელებული გადარიცხვები ავტომატურად არ აისახებოდა შემოსავლების სამსახურში გადასახადი გადამხდელის სახელზე გახსნილი ანგარიშის პირად ბარათზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად, ფ/პ --------------ის (ს/ნ ---------------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 ივნისის №006-256 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ --------------ის (ს/ნ ---------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2026 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. ფ/პ --------------ი (ს/ნ ---------------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 ივნისის №006-256 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №10951 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდების თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოდან მიღებული ხელფასის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14137 ბრძანება და №006-256 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 81 328 ლარი, მათ შორის, გადასახადი 45 284 ლარი, ჯარიმა 22 642 ლარი, საურავი 13 402 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, ფ/პ-ი დასაქმებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფარგლებში დაფუძნებულ საწარმოში . საიდანაც 2023-2026 წლების საანგარიშო პერიოდებში ხელფასის სახით მიღებული აქვს შემოსავალი. შემოწმებით დგინდება, რომ ფ/პ -ს საგადასახადო ორგანოში არ აქვს წარდგენილი 2023, 2024 და 2025 წლების წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის შესწავლით დგინდება, რომ ხელფასის დანიშნულებით ჩარიცხული თანხები 2023 წელს შეადგენს - 61 000 ლარს, 2024 წელს - 69 500 ლარს 2025 წელს - 73 040 ლარს და 2026 წელს 22 880 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე, 154-ე, 79-ე, მე-80, მე-100 და 101-ე მუხლების გათვალისწინებით, ფ/პ -ის მიერ მიღებული ხელფასთან გათანაბრებული შემოსავლები, ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული 20%-იანი განაკვეთით. ვინაიდან ფიზიკური პირის მიერ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოდან მიღებული ხელფასი არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, ამიტომ ფიზიკური პირი ვალდებული იყო წარედგინა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ ერთობლივ შემოსავლებს შორის მიღებული სხვაობა 2023 წელს შეადგენს - 61 000 ლარს, 2024 წელს - 69 500 ლარს, 2025 წელს - 73 040 ლარს, 2026 წელს - 22 880 ლარს, ხოლო დამატებით დასარიცხი საშემოსავლო გადასახადი 2023 წელს 12 200 ლარს, 2024 წელს 13 900 ლარს, 2025 წელს 14 608 ლარს, ხოლო 2026 წელს 4 576 ლარს. შესაბამის პერიოდებში პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2026 წლის საანგარიშო პერიოდის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
ამასთან,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის №006-256 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 34(2); 79( „ა“); 80(1); 81(1); 100(1.3 „ა“); 101(1); 104(1 „ა“); 153(1 „ა“); 154(1 „ა.ა“); 269(7);