გადაწყვეტილება №24351/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.12.2024
№ დოკუმენტი 24351/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24351/2/2024

25 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 27.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24351/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა;

2. ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2024 წლის №007-225 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.11.2024 წლის №23888 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 063 623,01 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 672 066

დღგ - 271 664

საშემოსავლო გადასახადი - 400 402

ჯარიმა - 336 033

საურავი - 55 524,01

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით. აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 27.02.2023 წლიდან 1.07.2024 წლამდე პერიოდი, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 29.07.2024 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2024 წლის №007-225 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.11.2024 წლის №23888 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

ფაქტობრივად არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების შესახებ საწარმოდან მიღებულ წერილობით ინფორმაციაში დაფიქსირებულია ნულოვან ნაშთი, თუმცა შემდგომ მოწოდებულ ბუღალტრულ პროგრამაში ნაშთად ფიქსირდება 421 133.85 ლარის ღირებულების საქონელი. სალაროში ფულის ნაშთად დაფიქსირებულია 160 699.57 ლარი.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.07.2024 წლის №17595 ბრძანების საფუძველზე მომჩივნის კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის კონტროლის ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა, რომ სასაქონლომატერიალური ფასეულობებისა და სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობა ნულის ტოლია.

გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას სტანდარტებით დადგენილი წესით, ვერ ხდება ოპერაციის დაწყება დასრულებაზე კონტროლი, წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში მონაცემები აღრიცხულია არასრულყოფილად. გადამხდელს უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია ფიზიკურ პირებზე, თუმცა მცირე, არაარსებითი რაოდენობით. ამავდროულად, ვერ იშიფრება დოკუმენტით რეალიზებული საქონლის ტიპი და შესყიდვის ფასი (არსებობს ერთი და იგივე დასახელების პროდუქტი განსხვავებული ფასით როგორც შეძენაში, ისე რეალიზაციაში).

აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო ორგანომ დოკუმენტური ფასნამატის დადგენა შეუძლებლად მიიჩნია. შემოსავლების დადგენის მიზნით, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის დოკუმენტური ფასნამატები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვერ ხდება ოპერაციის დაწყება დასრულებაზე კონტროლი, წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში მონაცემები აღრიცხულია არასრულყოფილად. გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტისა და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს პოზიციას, მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, განიხილავს თითოეული პუნქტს ცალ-ცალკე და აღნიშნავს შემდეგს:

1 - თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გადასახადის გადამხდელს გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბუღალტრული ჩანაწერები ნაწარმოებია სააღრიცხვო პროგრამა ორისში, აღრიცხულია ყველა სამეურნეო ოპერაცია, სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღება ასახულია დოკუმენტების მიხედვით, ხოლო მისი გასვლა და ჩამოწერა კი, პერიოდის მიხედვით, აღრიცხულია ყველა შემოსავალი და დოკუმენტალურად დადასტურებული ყველა ხარჯი, ყველა მოთხოვნა და ვალდებულება. ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერები წარედგინა შემოსავლების სამსახურს შემოწმების მიზნით. აღნიშნული დოკუმენტაციით სავსებით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

2 - ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას-არც აღნიშნული შემთხვევა არ ფიქსირდება არც საბუღალტრო მონაცემებით არც სხვა რაიმე წყაროდან მიღებული მონაცემებით;

3 - პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს-არც ეს ფაქტი არ ფიქსირდება არანაირი წყაროდან;

4 - მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევაშესამოწმებელ პერიოდში, არ ფიქსირდება გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა

5 - გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის-ამ პუნქტში მოყვანილი ღონისძიებების შედეგად შემოწმების აქტის შედგენის პერიოდისთვის საერთოდ არ არის გამოვლენილი სხვაობები.

გამომდინარე აღნიშნულიდან, მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოს შემოსავლების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, რადგან საგადასახადო კოდექსში მოყვანილი არცერთი დებულება არ კმაყოფილდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისთვის მიყენებული ფასნამატი 58.6 პროცენტი არ შეესაბამება რეალურ ფასნამატს, რადგან გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული ჩანაწერებით ფასნამატი არ აღემატება 10 პროცენტს. ამასთან გიდასტურებთ, რომ შემოწმების პერიოდისთვის ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა არც სასაქონლო-მატერიალური მარაგები, რომელიც ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით შეადგენს 421 134 ლარს და არც სალაროს ნაშთი რომელიც ბუღალტრულად შეადგენს 160 700 ლარს. სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისი საგადასახადო კანონმდებლობით წარმოადგენს დღგ-ით და მოგებით დასაბეგრ ობიექტს, ფასნამატის გათვალისწინებით, ხოლო სალაროს ნაშთი წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ბაზას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, ვერ ხდება ოპერაციის დაწყება დასრულებაზე კონტროლი, წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში მონაცემები აღრიცხულია არასრულყოფილად და მიაჩნევს, რომ ვინაიდან საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის (მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის დოკუმენტური ფასნამატების) გამოყენებით, მართლზომიერად განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

მომჩივანი ვერ მიუთითებს, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ბუღალტრული აღრიცხვის კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. შემოწმების პროცესში არ წარმოუდგენია სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტისა და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა. გადამხდელს 2024 წლიდან საქმიანობა აღარ უფიქსირდება. საგადახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, მ.შ გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს უნდა გააჩნდეს 1 601 609 ლარის ფულის ნაშთი. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარატამენტის 29.07.2024 წლის №17595 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვროს შესახებ პროცედურა, რის შედეგადაც გადამხდელის სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი განსაზღვრულია და იგი ნულის ტოლია. საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, გროს თანხა 2 002 011 ლარის ოდენობით ფორმა შინაარსის გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების პერიოდისთვის ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა არც სასაქონლომატერიალური მარაგები, რომელიც ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით შეადგენს 421 134 ლარს და არც სალაროს ნაშთი, რომელიც ბუღალტრულად შეადგენს 160 700 ლარს. სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისი საგადასახადო კანონმდებლობით წარმოადგენს დღგ-ით და მოგებით დასაბეგრ ობიექტს, ფასნამატის გათვალისწინებით, ხოლო სალაროს ნაშთი წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ბაზას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელახლა უნდა გადაანგარიშდეს გადასახადის გადამხდელისთვის დამატებით დარიცხული გადასახადები, კერძოდ დასაბეგრ ბაზად განხილული უნდა იყოს მხოლოდ დანაკლისი ბუღალტრული ჩანაწერებით განსაზღვრული ფასნამატის გამოყენებით, ასევე მხოლოდ სალაროს ნაშთი გამოიყენოთ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატის ოდენობა;

2. ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, ვერ ხდება ოპერაციის დაწყება დასრულებაზე კონტროლი, წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში მონაცემები აღრიცხულია არასრულყოფილად და მიაჩნევს, რომ ვინაიდან საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის (მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული კომპანიის დოკუმენტური ფასნამატების) გამოყენებით, მართლზომიერად განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

მომჩივანი ვერ უთითებს თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.