ბრძანება N 24911
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24911
30 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.:---) 2026 წლის 23 ოქტომბრის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №97) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2026 წლის 23 ოქტომბრის №105212/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 ოქტომბრის №081-202 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო მოთხოვნით შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 ივლისის №17286 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2024 წლის ივნისის, 2025 წლის ივნისისა და 2026 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდების ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 5 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 6 ოქტომბრის №22020 ბრძანება და ამავე თარიღის №081-202 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 45 485 ლარი:
მათ შორის:
დღგ - 28 494
ჯარიმა- 14 247
საურავი-2 744
სადავო საკითხი:
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით: შპს „---“ გადასახადისა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 20 დეკემბრიდან, ქალაქ ---ში. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სადეზინფექციო და სადეზინსექციო მომსახურების გაწევა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სესტემიდან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გაყიდვები უფიქსირდება მხოლოდ საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, რომლებიც არ არის დეკლარირებული და საერთო თანხა შეადგენს 158 612 ლარს (დღგ-ის გარეშე). შესაბამისად, პირს შემცირებულ ბრუნვაზე, ჩათვლის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. მისთვის გაუგებარია, რომელი სამეურნეო ოპერაციები დაედო საფუძვლად დარიცხვას და რომელი მტკიცებულებებით დასტურდება აღნიშნული. მიუთითებს, რომ არ მიეცა საკუთარი პოზიციის სრულფასოვანი დაცვის შესაძლებლობა. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის საფუძველზე, ითხოვს, საკითხის განხილვას სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპის საფუძველზე და დარიცხული გადასახადისა და შეფარდებული ჯარიმის გაუქმებას.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გაყიდვები უფიქსირდებოდა მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც არ იყო დეკლარირებული. შესაბამისად, პირს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა სანქცია. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, რომლის მიხედვითაც შემოწმების ფარგლებში არ მიეცა საკუთარი პოზიციის სრულფასოვანი დაცვის შესაძლებლობა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ შპს „---ს“ წარმომადგენელი ჩართული იყო შემოწმების პროცესში, მას ეცნობა დარიცხვის შინაარსის შესახებ და განსხვავებული პოზიცია არ წარუდგენია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები/სანქცია არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და სანქციის შეფარდება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სადეზინფექციო და სადეზინსექციო მომსახურების გაწევა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემიდან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გაყიდვები უფიქსირდება მხოლოდ საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, რომლებიც არ არის დეკლარირებული და საერთო თანხა შეადგენს 158 612 ლარს (დღგ-ის გარეშე). შესაბამისად, პირს შემცირებულ ბრუნვაზე, ჩათვლის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და სანქციის შეფარდება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1); 163 (1,2); 164 (1).