ბრძანება N 4353
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4353
28 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------ის“ (ს/ნ ----------------)
(ფაქტ. მის.: --------------------------;
იურ. მის.: ---------------------------)
2024 წლის 22 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ ----------------) 2024 წლის 22 იანვრის №86961/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №261-30 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადების გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. მიუთითებს, რომ არასწორად მოხდა მიღებული საკომპენსაციო თანხის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვა. განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა 2018-2019 წლების დებიტორულ დავალიანებას, რაც ანაზღაურებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში.
2. არ ეთანხმება კაპიტალის შემცირების საფუძვლით გაცემული თანხის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ სრულად არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/არგუმენტაცია, კერძოდ, პარტნიორის კრების ოქმი, რომლითაც მოხდა კაპიტალის გაზრდა. აღნიშნავს, რომ კომპანიას იმ პერიოდში ახალი დაწყებული ჰქონდა საქმიანობა და კაპიტალის გაზრდის საჭიროება დადგა. განმარტავს, რომ 2019-2020 წლებში აწარმოებდნენ მოლაპარაკებას მცირე ზომის ექსკავატორ დამტვირთველის შეძენაზე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და ხდებოდა გარკვეული თანხების მობილიზაცია საწარმოს კაპიტალში, თუმცა აღნიშნული ექსკავატორის შეძენა ვეღარ მოხერხდა ფასების მატების გამო და ანალოგიური ტექნიკა შეძენილ იქნა საქართველოში 2021 წელს.
3. არ ეთანხმება ავტომობილის საინვოისო ღირებულების 25%-ის დირექტორის ხელფასად ჩათვლას. მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ სრულად ანაზღაურებულ იქნა საინვოისო ღირებულება და ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება. 4. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივნისის №12582 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------ის“ (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველი მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 11 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №33012 ბრძანება და ამავე თარიღის №261-30 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 118 505 ლარი, მათ შორის, გადასახადი 55 923 ლარი, ჯარიმა 29 046 ლარი და საურავი 33 536 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „---------ის“ (ს/ნ ----------------) დაფუძნებისა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2018 წლის 19 ივლისი. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს დამკვეთის მიმართვის საფუძველზე ინერტული მასალების გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე, საწარმო ეწევა ინერტული მასალის შეძენა-რეალიზაციასაც. ამასთან, საწარმოს საკუთრებაშია ექსკავატორი, რომლითაც მომსახურებას უწევს სხვადასხვა საგზაო და სამშენებლო კომპანიებს ინერტული მასალების დატვირთვის დროს. ასევე, საწარმო ახორციელებს ინერტული მასალების კარიერებში მისასვლელი გზების მოწყობის სამუშაოებს. გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“ შეიცავს არსებით ხარვეზებს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, საწარმოს კუთვნილი ავტომანქანები (------, ------, ------) (სახელმწიფო ნომერი: -----, -----, -----, ----, ----), რომლითაც იგი ახორციელებს საქმიანობას, ფიქსირდება სხვა პირებს შორის განხორციელებულ ოპერაციებზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში (აღნიშნული ოპერაციები არ არის აღრიცხული გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ ჩანაწერებში). შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციებზე დაყრდნობით, აღნიშნული სატვირთო მომსახურების გადაზიდვის ღირებულებები განისაზღვრა თავად გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული რეისების ღირებულებიდან (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებულია მ 3 -ის ღირებულებები - მინიმალური 10 ლარი). გადასახადის გადამხდელი ნაწილობრივ ეთანხმება ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან, აცხადებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში არ განხორციელებულა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა. დანარჩენ შემთხვევაში აცხადებს, რომ ავტომობილები იჯარით ჰქონდა გაცემული და მოიჯარე იყენებდა მესამე მხარეებთან გადაზიდვებში. შემოწმებისას გათვალისწინებული იქნა აღნიშნული გარემოებაც და გადამოწმებული იქნა მესამე მხარეების მიერ გამოწერილი ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები, ასევე გათვალისწინებული იქნა მესამე მხარეებისგან გადმოგზავნილი ინფორმაციაც. დასაბეგრ ბრუნვაში არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული გადაზიდვები. ასევე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშებაში მონაწილეობს საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხები, რომელზეც არ არის გამოწერილი დოკუმენტი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 2021 წლამდე მოქმედი 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისში“ კაპიტალის ანგარიშის (5150) საწყის ნაშთად დაფიქსირებულია 119 078.42 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მოეთხოვა წარმოედგინა თანხის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც მათი მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალურ ვებგვერდზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები არ ემთხვევა პროგრამა „ორისში“ დაფიქსირებულ მონაცემებს. შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 , 51-ე, 70-ე, 72-ე, 73-ე და 101-ე მუხლებით. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა შეისწავლოს, გაანალიზოს და გააკონტროლოს გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე. ამ მიზნით, იგი უფლებამოსილია ნებისმიერ (მათ შორის ხანდაზმულ) პერიოდზე ჩაატაროს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები ან/და გადასახადის გადამხდელისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, თუ გამოიკვეთა, რომ პირს არამართლზომიერად აქვს გაზრდილი/შემცირებული საწყისი ბუღალტრული ნაშთები (მათ შორის, ფინანსური მოგების/ზარალის საწყისი ნაშთები), საგადასახადო ორგანო უნდა დაეყრდნოს სწორ ნაშთებს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვროს პირის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. ვინაიდან შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი არ იყო სრულყოფილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია ფინანსური აღრიცხვის შესახებ, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისში“ დაფიქსირებულია 2019 წლის პირველი იანვრიდან მონაცემები. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს „1410“-ის ანგარიშზე 2019 წლის საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულია შემდეგი დებიტორები, შპს „-----“ - 1 263 ლარი, შპს „-----ი“ - 38 489.10 ლარი, შპს „------სი“ - 36 247 ლარი, მაგრამ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით აღნიშნულ კომპანიებზე მომსახურების გაწევის ფაქტი არ ფიქსირდება, ამასთან, ამ პერიოდისათვის გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება, ასევე ავტომობილების შეძენა, რომლითაც მომსახურებას გასწევდა. შპს „------ის“ მიერ წარმოდგენილია ცნობა საწყისი დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ, რომელიც შეადგენს 0-ს. ასევე, დგინდება, რომ სალაროს ანგარიშზე „1110“ ხელოვნურად დასმულია 60 000 ლარი, 2019 წლის პირველი იანვრის საწყის ნაშთად, ხოლო ამის შემდგომ სალაროდან გადახდილია ავტომობილის ხარჯი, რომელზეც გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ურთიერთშედარების აქტი. ასევე, შესამოწმებელი პერიოდში ხდება კრედიტორული დავალიანების დაფარვა, ხოლო ბუღალტრული ბალანსის გასწორების მიზნით ხელოვნურად არის დასმული კაპიტალის ანგარიშზე 148 655.54 ლარი. შესაბამისად, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა საჭიროება კაპიტალში შემოეტანა აღნიშნული თანხა (119 078.42 ლარი). შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში, ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული კაპიტალის შემცირება დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემული ხელფასად. შემოწმების პროცესში ასევე გაანგარიშებული იქნა შესამოწმებელი პერიოდის 1110 სალაროს ანგარიშის მოძრაობა. აღნიშნულ ნაწილში გადამხდელს დამატებითი ვალდებულება არ განესაზღვრა.
3. გადასახადის გადამხდელს პოლონეთიდან შემოყვანილი ჰყავს ავტომობილი -------ო, რომელზეც არ იქნა წარმოდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულებით გადახდილი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი 25% ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა შეიცავს არსებით ხარვეზებს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, საწარმოს კუთვნილი ავტომანქანები, რომლითაც იგი ახორციელებს საქმიანობას, ფიქსირდება სხვა პირებს შორის განხორციელებულ ოპერაციებზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში, ხოლო აღნიშნული ოპერაციები არ არის აღრიცხული გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ ბუღალტრულ ჩანაწერებში. შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, სატვირთო მომსახურების გადაზიდვის ღირებულებები განისაზღვრა თავად გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული რეისების ღირებულებიდან. ასევე, დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვაში შემოწმებამ გაითვალისწინა საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხები, რომლებიც დოკუმენტურად დადასტურებული არ იყო. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საწარმოს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სხვა პირებს შორის განხორციელებულ ოპერაციებზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში საწარმოს კუთვნილი ავტომანქანებით განხორციელებულ რეისებზე სატვირთო მომსახურების გადაზიდვის ღირებულებების, გადამხდელის მიერ განხორციელებული რეისების ღირებულებიდან გამომდინარე, განსაზღვრა, ასევე საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით ირკვევა, რომ:
. საწარმოს კაპიტალის საწყის ნაშთად დაფიქსირებულია 119 078.42 ლარი. შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელს მოეთხოვა აღნიშნული თანხის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაციების წარმოდგენა, რომელიც არ წარდგენილა. გადასახადის გადამხდელს მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულია დებიტორები, მაგრამ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მითითებულ კომპანიებზე მომსახურების გაწევის ფაქტი არ ფიქსირდება. ამასთან, ამ პერიოდისათვის გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება, ასევე ავტომობილების შეძენა, რომლითაც მომსახურებას გაწევდა. შპს „------ის“ მიერ წარმოდგენილია ცნობა საწყისი დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ, რომელიც შეადგენს 0-ს. ასევე, დგინდება, რომ სალაროს ანგარიშზე ხელოვნურად დასმულია 60 000 ლარი, ხოლო ამის შემდგომ სალაროდან გადახდილია ავტომობილის ხარჯი. ბუღალტრული ბალანსის გასწორების მიზნით ხელოვნურად არის დასმული კაპიტალის ანგარიშზე 148 655.54 ლარი. შედეგად, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საწარმოს კაპიტალის გაზრდის საჭიროება არ ჰქონდა. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული კაპიტალის შემცირება დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემული ხელფასად.
. გადასახადის გადამხდელს პოლონეთიდან შემოყვანილი ჰყავს ავტომობილი -----ო, რომელზეც არ იქნა წარდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების გადახდილი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი 25% ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ კაპიტალის შემცირების საფუძვლით გაცემული თანხებისა და ავტომობილის საინვოისო ღირებულების 25%-ის დირექტორის ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადების გადამხდელი არ ეთანხმება:
1.შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.
2.კაპიტალის შემცირების საფუძვლით გაცემული თანხის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
3.ავტომობილის საინვოისო ღირებულების 25%-ის დირექტორის ხელფასად ჩათვლას.
4.გადასახადის გადამხდელი ითხოვს,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №12582 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველი მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33012 ბრძანება და №261-30 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა 118 505 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით
1.გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“ შეიცავს არსებით ხარვეზებს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, საწარმოს კუთვნილი ავტომანქანები , რომლითაც იგი ახორციელებს საქმიანობას, ფიქსირდება სხვა პირებს შორის განხორციელებულ ოპერაციებზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციებზე დაყრდნობით, აღნიშნული სატვირთო მომსახურების გადაზიდვის ღირებულებები განისაზღვრა თავად გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული რეისების ღირებულებიდან .
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში არ განხორციელებულა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა. დანარჩენ შემთხვევაში აცხადებს, რომ ავტომობილები იჯარით ჰქონდა გაცემული და მოიჯარე იყენებდა მესამე მხარეებთან გადაზიდვებში. შემოწმებისას გათვალისწინებული იქნა აღნიშნული გარემოებაც და გადამოწმებული იქნა მესამე მხარეების მიერ გამოწერილი ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები, ასევე გათვალისწინებული იქნა მესამე მხარეებისგან გადმოგზავნილი ინფორმაციაც. დასაბეგრ ბრუნვაში არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული გადაზიდვები. ასევე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშებაში მონაწილეობს საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხები, რომელზეც არ არის გამოწერილი დოკუმენტი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 2021 წლამდე მოქმედი 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი 159-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2.საწარმოს კაპიტალის საწყის ნაშთად დაფიქსირებულია 119 078.42 ლარი. შემოწმების პერიოდში გადასახადის გადამხდელს მოეთხოვა აღნიშნული თანხის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაციების წარმოდგენა, რომელიც არ წარდგენილა. გადასახადის გადამხდელს მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებულია დებიტორები, მაგრამ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მითითებულ კომპანიებზე მომსახურების გაწევის ფაქტი არ ფიქსირდება. ამასთან, ამ პერიოდისათვის გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება, ასევე ავტომობილების შეძენა, რომლითაც მომსახურებას გაწევდა. მომჩივანის მიერ წარმოდგენილია ცნობა საწყისი დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ, რომელიც შეადგენს 0-ს. ასევე, დგინდება, რომ სალაროს ანგარიშზე ხელოვნურად დასმულია 60 000 ლარი, ხოლო ამის შემდგომ სალაროდან გადახდილია ავტომობილის ხარჯი. ბუღალტრული ბალანსის გასწორების მიზნით ხელოვნურად არის დასმული კაპიტალის ანგარიშზე 148 655.54 ლარი. შედეგად, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს საწარმოს კაპიტალის გაზრდის საჭიროება არ ჰქონდა. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული კაპიტალის შემცირება დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემული ხელფასად.
3.გადასახადის გადამხდელს პოლონეთიდან შემოყვანილი ჰყავს ავტომობილი , რომელზეც არ იქნა წარდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების გადახდილი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი 25% ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმებამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 , 51-ე, 70-ე, 72-ე, 73-ე , 101-ე მუხლებით მომჩივანს დაარიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი სამივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9„ბ“; 101(1); 154(1„ა“); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 269(7);