ბრძანება N 2945

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.02.2026
№ დოკუმენტი 2945
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2945

11 თებერვალი 2026

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(ფაქტ. მის.: „--------“)

2025 წლის 25 დეკემბრის და 2026 წლის 22 იანვრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23, 29 იანვარს და 5 თებერვალს გამართულ სხდომებზე (ოქმები: №6, №8, №11) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) 2025 წლის 25 დეკემბრის №99609/1/2025 და 2026 წლის 22 იანვრის №100184/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ნოემბრის №006-463 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1.მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად აუდირებული ფასნამატის გამოყენებას. აცხადებს, რომ კომპანია ეწევა საბითუმო რეალიზაციას, რა დროსაც იწერებოდა სასაქონლო ზედნადებები. გარდა ამისა, მიუთითებს, რომ კომპანია საქმიანობს იჯარით აღებულ ფართში ,სადაც ფიზიკური მიმართვიანობა არ არსებობს და შემსყიდველები არიან მეწარმე სუბიექტები. აღნიშნავს, რომ საქონლის იმპორტისას საბაჟო დეკლარაციებში ხდება პროდუქციის დასახელებებზე შესაბამისი კოდების მინიჭებაც და რეალიზაციისას აღნიშნული კოდი მიეთითება სასაქონლო ზედნადებშიც, შესაბამისად შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება შესაძლებელია. მომჩივანი აცხადებს, რომ კომპანიის მიერ რეალიზებულ პროდუქციაზე ფასნამატი მერყეობს 8-12%-მდე.

2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის №12953 და 10 ნოემბრის №24746 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 17 ივლისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 11 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 27 ნოემბრის №26099 ბრძანება და ამავე თარიღის №006-463 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 307 576 ლარი, მათ შორის გადასახადი 172 742 ლარი, ჯარიმა 85 723 ლარი და საურავი 49 110 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა იმპორტით შემოტანილი შერეული საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა. შემოტანას ახორციელებდა „--------“-დან და „--------“-დან, ადგილობრივი შეძენა არ უფიქსირდებოდა. კომპანია რეალიზაციას ახორციელებდა როგორც დოკუმენტურად ასევე საცალოდ, აღრიცხვას აწარმოებდა საბუღალტრო პროგრამა „ორისში“. გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულია საკონტროლო-სალარო აპარატი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით დღგ-ით დასაბეგრმა დეკლარირებულმა ბრუნვამ შეადგინა 3 673 930 ლარი, დოკუმენტურმა რეალიზაციამ - 877 037 ლარი, ხოლო საკონტროლო-სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკების ოდენობამ - 504 240 ლარი. გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა ნაშთი 1 876 183 ლარი საბაზრო ღირებულებით. შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები და პროგრამის ექსელის ამონაწერები. კომპანია საქონლის ჩამოწერას ახორციელებდა ერთიანად (დასახელებებით ჩაშლილი არ ჰქონია), შესაბამისად საქონლის იდენტიფიცირება და დაკავშირება ვერ მოხერხდა. შემოწმების მიერ შედარდა საბანკო ანგარიშის ამონაწერები და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. უცხოელი მომწოდებლებისთვის გადახდილი თანხები იდენტურია. გადასახადის გადამხდელმა ინვენტარიზაციის მასალებში არ განსაზღვრა საქონლის თვითღირებულებები. საბანკო ამონაწერში არ ფიქსირდებოდა რეალიზაციის შედეგად ჩარიცხული თანხები. კომპანია გასცემდა და ადეკლარირებდა ხელფასებს. გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, მას მიეცა გონივრული ვადა დოკუმენტაციის წარმოსადგენად, თუმცა არ წარმოადგინა, რის შედეგადაც შემოწმების მიერ დაჯარიმდა. კომპანიის ბუღალტერმა განაცხადა, რომ აღარ მუშაობს კომპანიაში და ვერ წარმოადგენდა მოთხოვნილ დოკუმენტაციას. ბუღალტერის ხელთ არსებული ბრუნვითი უწყისები (რომელიც შემოწმების დაწყებიდან 5 თვის შემდეგ წარმოადგინა) არ ედრებოდა არც საბანკო ამონაწერებს და არც გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს. ამდენად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საბაჟო შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები. აღნიშნულის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 5 ჯგუფი, რომელზეც გავრცელდა მსგავს სმფ-ზე დადგენილი აუდირებული ფასნამატი (საშუალო 27%). აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, რაც გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე,საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა იმპორტით შემოტანილი შერეული საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა. კომპანია რეალიზაციას ახორციელებდა როგორც დოკუმენტურად ასევე საცალოდ და აღრიცხვას აწარმოებდა საბუღალტრო პროგრამა „ორისში“. გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სმფების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა ნაშთი 1 876 183 ლარი საბაზრო ღირებულებით. შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები და პროგრამის ექსელის ამონაწერები, თუმცა კომპანია საქონლის ჩამოწერას ახორციელებდა ერთიანად და დასახელებებით ჩაშლილი არ ჰქონია, შესაბამისად საქონლის იდენტიფიცირება და დაკავშირება ვერ მოხერხდა. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელმა ინვენტარიზაციის მასალებში არ განსაზღვრა საქონლის თვითღირებულებები. საბანკო ამონაწერში არ ფიქსირდებოდა რეალიზაციის შედეგად ჩარიცხული თანხები. გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, მას მიეცა გონივრული ვადა დოკუმენტაციის წარმოსადგენად, თუმცა არ წარმოადგინა. კომპანიის ბუღალტერმა განაცხადა, რომ აღარ მუშაობს კომპანიაში და ვერ წარმოადგენდა მოთხოვნილ დოკუმენტაციას. ბუღალტერის ხელთ არსებული ბრუნვითი უწყისები, რისი წარმოდგენაც მოახერხა არ ედრებოდა არც საბანკო ამონაწერებს და არც გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს. ამდენად, შემოწმებამ პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საბაჟო შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები. აღნიშნულის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 5 ჯგუფი, რომელზეც გავრცელდა მსგავს სმფ-ზე დადგენილი აუდირებული ფასნამატი (საშუალო 27%). აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, რაც გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, გადამხდელის რეალიზებულ პროდუქციაზე იგივე ტერიტორიაზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატის გამოყენება.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საკითხის 2026 წლის 29 იანვრის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე განხილვისას გადასახადის გადამხდელს მიეცა დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა, საკითხის განხილვა გადაიდო 1 კვირის ვადით, თუმცა დღეის მდგომარეობით, მათ შორის, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად აუდირებული ფასნამატის გამოყენებას.

2.მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა იმპორტით შემოტანილი შერეული საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა.დღგ-ით დასაბეგრმა დეკლარირებულმა ბრუნვამ შეადგინა 3 673 930 ლარი, დოკუმენტურმა რეალიზაციამ - 877 037 ლარი, ხოლო საკონტროლო-სალარო აპარატზე ამორტყმული ჩეკების ოდენობამ - 504 240 ლარი. გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა ნაშთი 1 876 183 ლარი საბაზრო ღირებულებით.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 5 ჯგუფი, რომელზეც გავრცელდა მსგავს სმფ-ზე დადგენილი აუდირებული ფასნამატი.აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები, რაც გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. სსკ-ის 158-ე, 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),163,164,275.