ბრძანება N 3314
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3314
25 თებერვალი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2024 წლის 12 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „------“ (ს/ნ -------) ყოფილი დირექტორის ფ/პ------- (პ/ნ --------) 2024 წლის 12 დეკემბრის №206346/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №006-259 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. განმარტავს, რომ 2023 წლის 1 აპრილის სამმხრივი ხელშეკრულებით, რომლითაც აღიარებს ქვეკონტრაქტორის სამუშაოების შესრულებას, არ ნიშნავს იმას, რომ შპს „-------“ მიერ გადახდილი თანხა - 6 300 755,11 ლარი, უშუალოდ გადამხდელმა მიიღო. აცხადებს, რომ შპს „--------“ ანგარიშსწორებას ახორციელდება „--------“-სთან და ხსენებული თანხა გადარიცხულია ---------. განმარტავს, რომ თავად - კომპანია -------საც უნდა მიეღო აღნიშნული ოპერაციით მოგება, რის გამოც „ქვეკონტრაქტორს“ ერთი-ერთში ვერ ექნებოდა მომსახურების თანხა მიღებული. მიუთითებს, რომ შპს „---------“ სრულად არ აქვს ანაზღაურებული თანხა -------- კომპანიისთვის და სხვაობა შეადგენს დაახლოებით 500 000 აშშ დოლარს. აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს სამოქალაქო დავა შპს „-------“ და „---------“-ს შორის. გადამხდელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ცვლის გადამხდელის მიერ მიღებული დასაბეგრი მომსახურების თანხის ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 აპრილის №7661 ბრძანების საფუძველზე შპს „-------- (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის 11 მარტიდან 2024 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდებში შპს „--------“ (ს/ნ ---------) მიერ შპს „-------“ (ს/ნ -------) გაწეული მომსახურების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 4 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №13341 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-259 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 661 708 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 936 071 ლარი, ჯარიმა 1 404 108 ლარი და საურავი 321 529 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელმა შპს „-------" (ს/ნ -------) გაუწია მომსახურება, რომლის ღირებულებამ შეადგენდა 6 300 755,11 ლარი. თავდაპირველად სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულება დაიდო შპს „-------“ და „--------“-ს შორის (------- კომპანია, რომლის დირექტორი ------- (-------) არის შპს „---------“ დამფუძნებელი). 2023 წლის 1 აპრილის სამმხრივი ხელშეკრულებით შპს „----------“ აღიარებს, რომ „ქვეკონტარქტორის“ სამუშაოები რეალურად შეასრულა „მიმწოდებელმა“ (თავად). აღნიშნული მომსახურების გაწევა დასტურდება შესაბამის პროექტზე არსებული ფორმა 2-ებით და შპს „-----------“ და სასტუმრო „---------“ შორის არსებული მიღება-ჩაბარებებით. ასევე, ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ყველა ვალდებულება, უფლება და პასუხისმგებლობა სამუშაოების შესრულებასთან აღებული აქვს შპს „-----------“. შემოწმების პროცესში ანალიტიკურ დეპარტამენტში შპს „-----------“ მიერ წარდგენილი წერილებით ირკვევა, რომ კომპანიას არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შესაბამის შესრულებულ სამუშაოებზე და არ აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შემოწმებით, შპს „----------“ დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად:
1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
2. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ საბოლოო მომხმარებლისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევისას, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ მყიდველის მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშფაქტურის გაუცემლობა იწვევს პირის დაჯარიმებას დასაბეგრი ოპერაციის მიხედვით დღგ-ის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს
საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელმა შპს „-------“ (ს/ნ --------) გაუწია მომსახურება. 2023 წლის 1 აპრილის სამმხრივი ხელშეკრულებით შპს „-------“ აღიარებს, რომ „------“ სამუშაოები რეალურად შეასრულა თავად. აღნიშნული მომსახურების გაწევა დასტურდება შესაბამის პროექტზე არსებული ფორმა 2-ებით და შპს „-------“ და სასტუმრო „--------“ შორის არსებული მიღება-ჩაბარებებით. ასევე, ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ყველა ვალდებულება, უფლება და პასუხისმგებლობა სამუშაოების შესრულებასთან აღებული აქვს შპს „----------“. ამასთან, დგინდება, რომ კომპანიას არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შესაბამის შესრულებულ სამუშაოებზე და არ აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, შპს „-------“ მიერ გადახდილი თანხა უშუალოდ გადამხდელს არ მიუღია. კერძოდ, აცხადებს, რომ 2023 წლის 1 აპრილის სამმხრივი ხელშეკრულებით, რომლითაც აღიარებს ქვეკონტრაქტორის სამუშაოების შესრულებას, არ ნიშნავს იმას, რომ შპს „--------“ მიერ გადახდილი თანხა - 6 300 755,11 ლარი უშუალოდ გადამხდელმა მიიღო, შესაბამისად არ მომხდარა აღნიშნული თანხის ოდენობის მომსახურების გაწევა. განმარტავს, რომ შპს „--------“ ანგარიშსწორებას ახორციელდება „-------“-სთან და ხსენებული თანხა გადარიცხულია ---------. აღნიშნავს, რომ თავად ------- კომპანიასაც უნდა მიეღო აღნიშნული ოპერაციით მოგება, რის გამოც „ქვეკონტრაქტორს“ ერთი-ერთში ვერ ექნებოდა მომსახურების თანხა მიღებული. ასევე, მიუთითებს, რომ შპს „----------“ სრულად არ აქვს ანაზღაურებული თანხა ----------- კომპანიისთვის და სხვაობა შეადგენს დაახლოებით 500 000 აშშ დოლარს. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს სამოქალაქო დავა შპს „------------“ და „---------“-ს შორის. გადამხდელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ცვლის გადამხდელის მიერ მიღებული დასაბეგრი მომსახურების თანხის ოდენობას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლა/გამოკვლევას, კერძოდ, გაგადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. შპს „-------“ (ს/ნ --------) ყოფილი დირექტორის ფ/პ -------- (პ/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა სხვა შპს-ს გაუწია მომსახურება. მომჩივანი აღიარებს, რომ „ქვეკონტარქტორის“ სამუშაოები რეალურად შეასრულა თავად. აღნიშნული მომსახურების გაწევა დასტურდება შესაბამის პროექტზე არსებული ფორმა 2-ებით და შპს-ებს შორის არსებული მიღება-ჩაბარებებით. ასევე, ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ყველა ვალდებულება, უფლება და პასუხისმგებლობა სამუშაოების შესრულებასთან აღებული აქვს მომჩივანს. ამასთან, დგინდება, რომ კომპანიას არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შესაბამის შესრულებულ სამუშაოებზე და არ აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
შემოწმებით,დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლა/გამოკვლევას, კერძოდ, გაგადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158(1);159(1);163(1,2);164(1);168(1);180;282(2);275(2);