ბრძანება N 18302

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.08.2026
№ დოკუმენტი 18302
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18302

13 აგვისტო 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 14 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 31 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2026 წლის 14 ივლისის №103439/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 ივნისის №---- კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირება. შედეგად, სადავო გარემოებები იგივეა, გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის საფუძველზე დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას. აცხადებს, რომ სრულად აქვთ აღრიცხული საქონლის მიღება-რეალიზაციები. ამისთვის აქვთ 2 პროგრამა. მიუთითებს, რომ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და შემდეგ მათ ეჭვქვეშ დააყენეს ლობიოს და კაკლის ფასნამატები. ამასთან, განმარტავს, რომ პერიოდულად შემოწმების პერიოდში დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვები მეტია ვიდრე პროგრამული. აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ ბუღალტერს უკან დაბრუნების შედეგად გამოწვეული დღგ-ის ბრუნვის კორექტირება არ აქვს ასახული დღგ-ის დეკლარაციაში. შესაბამისად, კომპანიას დაბეგრილი აქვს 7,053 ლარით მეტი, რისი დღგ შეადგენს 1 269.54 ლარს. მომჩივანი საშემოსავლო გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ დარიცხვა განხორციელდა მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადისგან გამომდინარე და ამ საკითხზე მოყვანილი არგუმენტების შესაბამისად უნდა განხორციელდეს დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის სრულად შემცირება. ითხოვს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის, სანქციის) შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 12 აგვისტოს №18184 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 21 ივლისის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების და ფასნამატით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია/რეპორტები ცხრილის სახით ბუღალტრული პროგრამ(ებ)იდან და გაშიფრული ინფორმაცია/ცხრილი საქონლის სახეობების მიხედვით მათი შეძენების, თვითღირებულების და ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერების/გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების მ.შ. სანქციის კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 12 აგვისტოს №18184 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 29 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 8 ივნისის №007-137 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლით დადგინდა, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, ასევე, ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით. შედეგად, შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს შემდეგ არგუმენტებზე:

შპს „------“ სრულად და სწორად აწარმოებს საბუღალტრო ჩანაწერებს 2 პროგრამაში, სუპერფინში და 1C-ში;

გადამხდელს გაგზავნილი აქვს რეალიზაციის რეპორტი, სადაც ჩაშლილად, პროდუქციის მიხედვით ნათლად და სწორად ჩანს ყველა პროდუქტის გასაყიდი ღირებულება, თვითღირებულება და რენტაბელობა;

ზემოაღნიშნული რეპორტით დგინდება, რომ შემოწმების პერიოდში რეალიზებულია 696 542 კგ ლობიო, გასაყიდი ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 1 735 777 ლარს, მისი თვითღირებულება 1 668 131 ლარს, ხოლო საერთო მოგება ლობიოს რეალიზაციით 67 646 ლარს. ანალოგიურის დადგენაა შესაძლებელი კაკლის ნაწილშიც: შემოწმების პერიოდში რეალიზებულია 8 935 კგ კაკალი, გასაყიდი ღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს

84 641 ლარს, მისი თვითღირებულება 81 021 ლარს, ხოლო საერთო მოგება 3 620 ლარს;

გადამხდელი მიიჩნევს, რომ აუდიტორმა იხელმძღვანელა ხარვეზიანი რეპორტით, არ მოხდა რეპორტში მითითებული ღირებულებიდან დღგ-ის ამოღება, რამაც მისი მხრიდან გამოიწვია ეჭვი, რომ ლობიოს და კაკლის რეალიზაცია ხდებოდა მუდმივად მინუსიანი ფასნამატით;

მიუხედავად არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის დათვლის არამართლზომიერებისა, არაპირდაპირი კალკულაციაც ხარვეზებითაა განხორციელებული. კერძოდ, ლობიოს ფასი საკმაოდ ცვალებადია ბაზარზე (აღნიშნული მარტივად დასტურდება შეძენის დოკუმენტებითაც) და იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგებოდა არაპირდაპირი კალკულაციის ნამდვილი საჭიროება, აუდიტორს უნდა ეხელმძღვანელა ყოველთვიური ფასების სტატისტიკით და არა მაქსიმალური გასაყიდი ფასის ძველ გაყიდვებზე გავრცელებით. მაგალითად, კომპანიის მიერ 2024 წლის იანვარი-მაისის პერიოდში გასაყიდი ფასი დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 1.4 ლარს კილოგრამზე. ზაფხულის პერიოდში ფასმა მიაღწია 4.4 ლარსაც, ხოლო შემოწმების ბოლო პერიოდში ჩამოვიდა 3 ლარამდე. ხსენებულ პერიოდში შესყიდვის ფასი შეადგენდა 1.1 ლარს, რომელიც მომენტალურად გასამმაგდა გარკვეულ პერიოდებში;

გადამხდელი მცირე მინუსიანი მარჟით ყიდდა ლობიოს მხოლოდ 1 თვის (06.06.2024-09.07.2024) მანძილზე. -----, საიდანაც გადამხდელს შემოაქვს სარეალიზაციო პროდუქცია, ლობიოს მოსავლის აღება ხდება წელიწადში ორჯერ, დეკემბერის და ივნისის ბოლოს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში რეალიზებული ლობიო წარმოადგენდა დეკემბრის ძველ პარტიას, რაც გამოიხატებოდა მის დაბალ ხარისხში. მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში მიღებული პარტიები შეიცავდა მტვერს და ქვებს. სწორედ ამ მიზეზით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-5 პუნქტის წესების დაცვით, გადამხელმა მოახდინა აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია თვითღირებულებაზე ოდნავ ნაკლებ ფასად. (203 211 ლარის პროდუქცია რეალიზებულ იქნა 199 584 ლარად) აღსანიშნავია, რომ შემოწმების პერიოდში ჯამში რეალიზებულია 696 542 კგ ლობიო და მინუსიანი ფასნამატით მხოლოდ 56,075 კგ;

მიუთითებს, რომ კაკლის და ლობიოს თვითღირებულებები ამჟამად სწორად არის პროგრამაში, და ამის დადგენა შეიძლება საბაჟო დოკუმენტაციებთან შედარებით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 12 აგვისტოს №18184 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული, შესაბამისად, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესაწავლას, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების და ფასნამატით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ინფორმაცია/რეპორტები ცხრილის სახით ბუღალტრული პროგრამ(ებ)იდან და გაშიფრული ინფორმაცია/ცხრილი საქონლის სახეობების მიხედვით მათი შეძენების, თვითღირებულების და ფასნამატის შესახებ, რომლითაც შესაძლებელი იქნება დაიდენტიფიცირდეს თითოეული საქონლის შეძენა/რეალიზაციის ოპერაციები),დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერების/გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების მ.შ. სანქციის კორექტირება (შემცირება);

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----“ (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების და ფასნამატით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ინფორმაცია/რეპორტები ცხრილის სახით ბუღალტრული პროგრამ(ებ)იდან და გაშიფრული ინფორმაცია/ცხრილი საქონლის სახეობების მიხედვით მათი შეძენების, თვითღირებულების და ფასნამატის შესახებ, რომლითაც შესაძლებელი იქნება დაიდენტიფიცირდეს თითოეული საქონლის შეძენა/რეალიზაციის ოპერაციები);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერების/გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების მ.შ. სანქციის კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნულის საფუძველზე დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გადამხდელის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების და ფასნამატის დაზუსტება. ბრძანების აღსრულებისას აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა გადაანგარიშების დასკვნა, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები არ შემცირებულა, რის საფუძველზეც გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლითაც შესაძლებელი იქნება დაიდენტიფიცირდეს თითოეული საქონლის შეძენა/რეალიზაციის ოპერაციები);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:159;163;164;73(9);101;154;