ბრძანება N 14334

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.06.2023
№ დოკუმენტი 14334
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 14334

21.06.2023

შპს „-----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------------)

2023 წლის 18 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ -----------) №78209/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №006-581 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას. მიუთითებს, რომ საწარმო ახდენდა სარეალიზაციო საქონლის დაყოფას დასაბეგრ და არადასაბეგრ კატეგორიებად და შესაბამისად ხდებოდა რეალიზაციების დღგ-ით დაბეგვრა, რაც ფიქსირდება წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში და გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში. ითხოვს წარედგინოს დეტალური გაანგარიშება და მათი მონაწილეობით მოხდეს საკითხის შესწავლა.

2. არ ეთანხმება საქონლის რეალიზაციასა და N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით განსაზღვრულ ხარჯს შორის სხვაობის თანხის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. აცხადებს, რომ თითოეული კვების ობიექტი და რესტორანი ითხოვდა განსაკუთრებით მაღალხარისხიან ახალ და გადარჩეულ პროდუქციას, რის გამოც ფასნამატი მერყეობდა 8%-დან მაქსიმუმ 15%-მდე. არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოყენებულ 33.33%-იანი ფასნამატის გამოყენებას. აცხადებს, რომ ძირითადად შესყიდვა ხდებოდა შესყიდვის აქტების საფუძველზე. ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა წარმოადგინოს შესყიდვის აქტები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება ხარჯები. იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება აღნიშნული პოზიციის გათვალისწინება, ითხოვს ფასნამატი განსაზღვრულ იქნეს მსგავსი პროფილის სხვა საწარმოს მონაცემების გამოყენებით და არა N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით. მიუთითებს ასევე, რომ შემოწმების მიერ არ არის გათვალიწინებული დებიტორული დავალიანების თანხები. ითხოვს რეალიზაციასა და ხარჯს შორის სხვაობა ჩაითვალოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ვლისის №19130 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 12 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 20 დეკემბრის №32092 ბრძანება და 21 დეკემბრის №006-581 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 388 711 ლარი, მათ შორის: გადასახადი 199 548 ლარი, ჯარიმა 101 112 ლარი, საურავი 88 051 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სურსათითა და სხვადასხვა პროდუქტებით სარესტორნო ქსელების მომარაგება. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის წარმოდგენილი ინფორმაციის, დეკლარირებული მონაცემებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმების შედეგად დადგენილ ბრუნვას შორის, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანაგარიშ-ფაქტურები, რომლებშიც დასაბეგრი საქონელი, რომელიც არ წარმოადგენს ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს (შაქარი; ბრინჯი; ზეთი და ა.შ.) შეყვანილი აქვს ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული საქონლის ბრუნვაში, რის შედეგადაც შემცირებულია 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა დღგით დასაბეგრი ბრუნვები, კერძოდ, 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 310 054 ლარით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმებით განისაზღვრა გადამხდელის ფულადი ნაკადების მოძრაობა. ანალიზისას შემოწმება დაეყრდნო დეკლარირებული მონაცემების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, ასევე გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებს. შემოწმების დროს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო ასევე შესყიდვის აქტების რეესტრები. შემოწმების მიერ მოხდა შესყიდვის აქტების რეესტრში მითითებულ ფიზიკურ პირებთან დაკავშირება და ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა, საიდანაც დადგინდა, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირებს შპს ,,-----------’’ არ მიუწოდებიათ შესყიდვის აქტში მითითებული რაოდენობის საქონელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე და 136-ე მუხლების გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელს არ ჰქონდა სრულყოფილად წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, იმ ნაწილში, სადაც არ დგინდებოდა დოკუმენტური ხარჯის გაწევა, შემოწმებამ გამოიყენა N0256 სიტუაციური სახელმძღვანელო. შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის წარმოდგენილი ინფორმაციის, დეკლარირებული მონაცემებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზით გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმების შედეგად დადგენილ ბრუნვას შორის, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანაგარიშ-ფაქტურები, რომლებშიც დასაბეგრი საქონელი, რომელიც არ წარმოადგენს ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს შეყვანილი აქვს ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული საქონლის ბრუნვაში, რის შედეგადაც შემცირებულია 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა და საწარმოს განესაზღვრა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულება. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების დროს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო შესყიდვის აქტების რეესტრები. შემოწმების მიერ მოხდა შესყიდვის აქტების რეესტრში მითითებულ ფიზიკურ პირებთან დაკავშირება და ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა, საიდანაც დადგინდა, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირებს შპს ,,------------’’ არ მიუწოდებიათ შესყიდვის აქტში მითითებული რაოდენობის საქონელი. იმ ნაწილში, სადაც არ დგინდებოდა დოკუმენტური ხარჯის გაწევა, შემოწმებამ გამოიყენა N0256 სიტუაციური სახელმძღვანელო. შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საწარმოს განესაზღვრა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულება. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“ (ს/ნ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას.ითხოვს წარედგინოს დეტალური გაანგარიშება და მათი მონაწილეობით მოხდეს საკითხის შესწავლა.

2.არ ეთანხმება საქონლის რეალიზაციასა და N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით განსაზღვრულ ხარჯს შორის სხვაობის თანხის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.ითხოვს რეალიზაციასა და ხარჯს შორის სხვაობა ჩაითვალოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სურსათითა და სხვადასხვა პროდუქტებით სარესტორნო ქსელების მომარაგება. შემოწმებისას, გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმების შედეგად დადგენილ ბრუნვას შორის,შემოწმების შედეგად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, კერძოდ, 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა.საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

შემოწმებით განისაზღვრა გადამხდელის ფულადი ნაკადების მოძრაობა. შემოწმების მიერ მოხდა შესყიდვის აქტების რეესტრში მითითებულ ფიზიკურ პირებთან დაკავშირება და ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა, საიდანაც დადგინდა, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირებს მომჩივანისთვის არ მიუწოდებიათ შესყიდვის აქტში მითითებული რაოდენობის საქონელი. შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და აღნიშნული დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

161(1ა);171(1);159(1ა);168(1);73(5);61(3);101(1);154(1ა);

 

N0256 სიტუაციური სახელმძღვანელო