ბრძანება N 9719
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9719
25 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 8 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №88958/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მარტის №083-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შედეგად დადგენილი ფასნამატის ოდენობას. ითხოვს დარიცხვის მეთოდი შეიცვალოს უფრო ლოიალური მეთოდით, ვინაიდან, კომპანიას რეალურად არ აქვს ის ფასნამატი, რომლითაც შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა. ინვენტარიზაციის აქტში ასახული ფასები არ ასახავს რეალობას, რადგან ინვენტარიზაციის დროს საქონლის დათვლისა და ფასების მიწოდებისას რამდენიმე ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათ მიერ მითითებული სარეალიზაციო ფასი არ შეესაბამება სინამდვილეს და არ იძლევა რეალურ სურათს პროდუქციის ფასნამატზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ნოემბრის №29760 და 2024 წლის 5 მარტის №4907 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 10 სექტემბრიდან 2023 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის - 2023 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 27 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 29 მარტის №6885 ბრძანება და ამავე თარიღის №083-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 296 018 ლარი, მათ შორის გადასახადი 180 104 ლარი, ჯარიმა 89 757 ლარი და საურავი 26 157 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
● გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სურსათით და შერეული საქონლით ვაჭრობა. შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 280 485 ლარს.
საწარმოს დირექტორის წერილობითი განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, რადგან საწარმოს არ უფიქსირდება საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია, საქონლის ფასნამატი გაანგარიშებული იქნა „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (გამოყენებული იქნა „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“ - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია).
გაანგარიშებული იქნა საქონლის ჯგუფების/კატეგორიების ფასნამატი, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით (ინვენტარიზაციის დროს არსებულ საქონლის ფაქტობრივ ნაშთზე, რომელზეც დაფიქსირებული იყო საბაზრო სარეალიზაციო ფასი, დაკავშირებული იქნა შესაბამისი საქონლის უახლოესი შეძენის ფასი). შედეგად შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაყოფილი იქნა ჯგუფებად/კატეგორიებად და თითოეულ ჯგუფზე/კატეგორიაზე გავრცელებული იქნა ზემოაღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატი, ხოლო საქონლის იმ ჯგუფზე/კატეგორიაზე, რომლის ფასნამატების იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა, გავრცელებული იქნა იდენტიფიცირებული კონკრეტული ჯგუფების შესაბამისად დადგენილი საშუალო ფასნამატი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაანგარიშებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი, რაც შეადგენს 1 996 334 ლარს (დღგ-ის გარეშე). შედეგად სხვაობა 715 849 ლარი (დღგ-ის გარეშე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით, კომპანიას ასევე განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
● შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პირველად დოკუმენტაციაზე, შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალზე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (ზედნადები/ანგარიშ-ფაქტურა), საბანკო ამონაწერებზე, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციაზე და „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებაზე დაყრდნობით განგარიშებული იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა, შედეგად დადგინდა არაგონივრული ნაღდი ფულის ნაშთი 215 000 ლარის ოდენობით.
შემოწმების შედეგად, საწარმოს უფლებამოსილი პირის განმარტების საფუძველზე არაგონივრული ნაღდი ფულის ნაშთი განხილული იქნა შესაბამის პერიოდში საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. გაცემული თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 98-ე, 981 და 130-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა, როგორც მოგების გადასახადით, ასევე საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, რომლის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შპს „-------“ შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია სასაქონლომატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გამოყენება.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შედეგად დადგენილი ფასნამატის ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სურსათით და შერეული საქონლით ვაჭრობა. საწარმოს დირექტორის წერილობითი განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით.
შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაყოფილი იქნა ჯგუფებად/კატეგორიებად და თითოეულ ჯგუფზე/კატეგორიაზე გავრცელებული იქნა ზემოაღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატი, ხოლო საქონლის იმ ჯგუფზე/კატეგორიაზე, რომლის ფასნამატების იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა, გავრცელებული იქნა იდენტიფიცირებული კონკრეტული ჯგუფების შესაბამისად დადგენილი საშუალო ფასნამატი.
შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პირველად დოკუმენტაციაზე, შემოწმების შედეგად განგარიშებული იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა, შედეგად დადგინდა არაგონივრული ნაღდი ფულის ნაშთი.
შემოწმების შედეგად, არაგონივრული ნაღდი ფულის ნაშთი განხილული იქნა შესაბამის პერიოდში საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 981(1); 130; 159;