ბრძანება N 13631
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13631
10 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 12, 15 და 16 მაისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა შპს „-----------“-ის (ს/ნ ----------) №89567/1/2024, №536594 და №89680/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 აპრილის №005-44 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს და აცხადებს, რომ კვების ობიექტმა მუშაობა დაიწყო 2023 წლის მარტის თვეში. 2023 წლის მარტიდან 2023 წლის სექტემბრის თვემდე კომპანიის რეალიზაცია შეადგენს ჯამში 304 722 ლარს (დღგ 54 850ლ.), შემოწმების შედეგად ამავე პერიოდზე დარიცხულია 122 324 ლარი (დღგ 22 018ლ.). დარიცხვის გათვალისწინებით კომპანიის ჯამური რეალიზაცია უნდა შეადგენდეს 427 046 ლარს. ამავე პერიოდში საწარმოს მიღებული აქვს 199 927 ლარის საქონელი. შემოწმების შედეგად დარიცხული თანხით სრულად რომ მოხდარიყო მიღებული საქონლის გაყიდვა, ფასნამატი შეადგენს 213%-ს, რაც არ შეესაბამება რეალობას. გადასახადის გადამხდელს საჩივრით წარმოდგენილი აქვს კვების ობიექტის გაყიდვადი პროდუქცია შესაბამისი ფასნამატების და გაყიდვების სიხშირის მითითებით. აცხადებს, რომ არცერთი პროდუქციის ფასნამატი არ არის 162%-ზე მეტი, შესაბამისად, რესტორნის რეალიზაცია მიღებული საქონლიდან ვერ იქნება 213%.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №28639 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“-ის (ს/ნ--------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 4 ოქტომბრიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 29 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 11 აპრილის №8134 ბრძანება და ამავე თარიღის №005-44 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 54 656 ლარი, მათ შორის გადასახადი 33 763 ლარი, ჯარიმა 16 599 ლარი და საურავი 4 294 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
კომპანია დაფუძნებულია 2022 წლის 4 ოქტომბერს. ახორციელებს სარესტორნო მომსახურებას ---------- მდებარე იჯარით აღებულ ფართში. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 304 723 ლარს, ხოლო ბუღალტრულად აღრიცხული შემოსავალი შეადგენს 297 810 ლარს. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, ვერ ხდება საქონლის მოძრაობისა და მზა პროდუქციის წარმოების პროცესის კონტროლი. გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი იქნა ახსნაგანმარტება რესტორნის ყველაზე გაყიდვადი კერძების შესახებ და ასევე, თითოეული კერძის შემთხვევაში პროცენტული წილი გაყიდვების მთლიან სიხშირეში (--------- - 17%, ---------- - 12%, --------- - 16%, ---------- - 16%, --------- - 14%, -------- - 13%, --------- - 12%). ამასთანავე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ზემოაღნიშნული კერძების კალკულაციები და რესტორნის მენიუ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად გაანგარიშებული იქნა ფასნამატები თითოეული ხშირად გაყიდვადი კერძების შემთხვევაში, რაც შეწონილი იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პროცენტულობის მიხედვით გაყიდვების სიხშირეში. შედეგად რესტორნის მიერ დამზადებული კერძების საშუალო ფასნამატმა შეადგინა 96%. შემოწმების მიერ კერძებისთვის საჭირო ნედლეულსა და ინგრედიენტებზე (გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულად დაფიქსირებული ნედლეულის საბოლოო ნაშთის გათვალისწინებით) გავრცელებული იქნა სარესტორნო კერძებზე გაანგარიშებული საშუალო ფასნამატი. ხოლო რესტორანში რეალიზებულ სასმელებთან მიმართებაში, სასმელების ტიპის მიხედვით (გამაგრილებელი სასმელები, --------, --------, ---------, ----------) გაანგარიშებული იქნა ფასნამატები და გავრცელებული იქნა შესაბამისი სახეობისა და კატეგორიის სასმელზე. შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლები მომსახურების 10%-ის დამატებით (426 337 ლარი) განაწილებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. ამასთანავე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული დამატებით გამოვლენილი შემოსავლები, საწარმოს მხრიდან დამფუძნებლების წინაშე არსებული ვალდებულების თანხის (136 000 ლარი) გამოკლებით, განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, ვერ ხდება საქონლის მოძრაობისა და მზა პროდუქციის წარმოების პროცესის კონტროლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმებით რესტორნის მიერ დამზადებული კერძების საშუალო ფასნამატის გაანგარიშების მიზნით, თითოეული ხშირად გაყიდვადი კერძის შემთხვევაში ფასნამატის გაანგარიშება, რაც შეწონილი იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პროცენტულობის მიხედვით გაყიდვების სიხშირეში.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა, აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში რამდენჯერმე წარმოადგინა კერძების დაზუსტებული კალკულაციები და ახსნა-განმარტებები რესტორნის ყველაზე გაყიდვადი კერძებისა და ასევე, თითოეული კერძის შემთხვევაში პროცენტული წილის შესახებ გაყიდვების მთლიან სიხშირეში. დამატებით წარმოდგენილი დაზუსტებული ინფორმაცია ყველა ჯერზე შესწავლილი იქნა შემოწმების მიერ, შედარებულ იქნა მსგავსი საქმიანობის და კატეგორიის აუდირებული კომპანიების მონაცემებთან. შემოწმების შედეგებში გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ის მონაცემები, რაც შინაარსობრივად ლოგიკური და მსგავსი იყო აუდირებული კომპანიების მონაცემებთან.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“-ის (ს/ნ ---------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს. მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანია ახორციელებს სარესტორნო მომსახურებას. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად გაანგარიშებული იქნა ფასნამატები თითოეული ხშირად გაყიდვადი კერძების შემთხვევაში, რაც შეწონილი იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პროცენტულობის მიხედვით გაყიდვების სიხშირეში. შედეგად რესტორნის მიერ დამზადებული კერძების საშუალო ფასნამატმა შეადგინა 96%. შემოწმების მიერ კერძებისთვის საჭირო ნედლეულსა და ინგრედიენტებზე (გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულად დაფიქსირებული ნედლეულის საბოლოო ნაშთის გათვალისწინებით) გავრცელებული იქნა სარესტორნო კერძებზე გაანგარიშებული საშუალო ფასნამატი. ხოლო რესტორანში რეალიზებულ სასმელებთან მიმართებაში, სასმელების ტიპის მიხედვით გაანგარიშებული იქნა ფასნამატები და გავრცელებული იქნა შესაბამისი სახეობისა და კატეგორიის სასმელზე. შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლები მომსახურების 10%-ის დამატებით განაწილებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა. ი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული დამატებით გამოვლენილი შემოსავლები, საწარმოს მხრიდან დამფუძნებლების წინაშე არსებული ვალდებულების თანხის გამოკლებით, განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,9);158(1);159(1);163(1,2);164(1);101(1);154(1);