ბრძანება N 3619

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.02.2023
№ დოკუმენტი 3619
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3619

27.02.2023

შპს „-------“ (ს/ნ ------)

(მის.: ქ. ----------------)

2023 წლის 21 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ --)№78281/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №021-136 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვას. მიუთითებს, რომ ვინაიდან ორგანიზაცია გეგმავს ახალი პროექტის დაწყებასა და მიღებული თანხების რეინვესტირებას, მოხდა ნაღდი ფულის სხვადასხვა ვალუტაში კონვერტირება და დამფუძნებლის სახლში შენახვა, რადგან ოფისი და დაცული სალარო არ გააჩნიათ. სალაროს ნაშთები იცვლებოდა თვეების მიხედვით სხვადასხვა მიზნებიდან გამომდინარე (სესხის სრულად დაფარვა, კაპიტალის შემცირება და მიმდინარე ხარჯების ნაღდი ფულით დაფარვა) და შემოწმების მომენტისათვის საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი თან ჰქონდა, ვინაიდან არ მომხდარა მისი სესხად გაცემა.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ანგარიშიდან გაცემული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. გადამხდელი განმარტავს, რომ 2018 წელს მოხდა დივიდენდის გაცემა. ვინაიდან საფინანსო ინსტიტუტებთან და პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობისას სასურველი იყო არ მომხდარიყო ორგანიზაციის კაპიტალის შემცირება, აგრეთვე, მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ ორგანიზაციიდან თანხის გაცემა არ მომხდარიყო კაპიტალის შემცირების გზით სესხის სრულად დაფარვამდე, შესაბამისად, კაპიტალის შემცირება მოხდა 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის დეკემბერში. ითხოვს არ მოხდეს 2018 წელს განხორციელებული ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა კაპიტალის შემცირებად და 2020 - 2021 წლებში კაპიტალის შემცირების ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა, ვინაიდან ბუღალტრულ ჩანაწერებში არსებული მონაცემები სრულად ასახავს რეალურად განხორციელებულ ოპერაციებს.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ნაღდი ფულის დანაკლისის გაცემულ ხელფასად განხილვას. გადამხდელის განმარტებით, 2022 წლის 9 ივნისს განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის განსაზღვრა, რომლის საფუძველზეც შედგენილ ოქმში სალაროს ნაშთად დაფიქსირდა 0 ლარი. თუმცა აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ პირი იყო ორი საწარმოს დირექტორი და ვერ ახერხებდა იმ მომენტისათვის ორი საწარმოს თანხის გამიჯვნას, ბუღალტრის საქართველოში არყოფნის გამო. გადამხდელი აცხადებს, რომ ამ მომენტისათვის საწარმოს ნაღდი ფულის სახით სახეზე იყო 148 500 აშშ დოლარი, 17 290 ევრო და 209 500 ლარი რომელიც ინახებოდა დამფუძნებლის ბინაში და ეს ინფორმაცია აღნიშნულია შემოწმების ოქმზე თანდართულ ფაილში. შესაბამისად, გადამხდელი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს ზემოთ აღნიშნული თანხის სალაროს ნაშთად ჩათვლა და დარიცხული გადასახადების გაუქმება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის №18345 და 15 ნოემბრის №28707 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2022 წლის 9 ივნისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 15 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 23 დეკემბრის №32640 ბრძანება და ამავე თარიღის №021-136 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 856 829 ლარი, მათ შორის, გადასახადი 383 508 ლარი, ჯარიმა 353 919 ლარი, საურავი 119 402 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული აქვს სალაროს ნაშთი, რომელიც აღემატება სალაროს გონივრულ ფულად ნაშთს. გონივრულ ფულად ნაშთად მიიჩნევა კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10% დამატებული ამავე კალანდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხები განიხილება არაგონივრულ ნაშთად. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დაბეგვრის მიზნებისათვის, არაგონივრული ნაშთი, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში კვალიფიცირდება, როგორც საწარმოს დირექტორზე გაცემული უპროცენტო სესხი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს იზრდება ან მცირდება (ითვლება შესაბამისი პირის მიერ შესაბამის სალაროდან გატანილად ან სალაროში დაბრუნებულად) ამავე კალენდარული თვის/თვეების არაგონივრული ნაშთის შესაბამისად. ამდენად, უპროცენტო სესხად კვალიფიცირებულ არაგონივრულ ნაშთთან დაკავშირებით, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის და 101- ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი, აგრეთვე, ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

2. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელი სალაროს ანგარიშიდან (1110) კომპანიის დამფუძნებლებზე გასცემს თანხებს შინაარსით „კაპიტალის შემცირება“. შემოწმებით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, საბუღალტრო მონაცემები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა და საბანკო ამონაწერები. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ თანხების გატანა სალაროდან არ შეესაბამება მის შინაარსს. ამასთან, კომპანიას 2016 წლიდან დღემდე არ უფიქსირდება გაცემული/დეკლარირებული დივიდენდი, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში ხელფასის სახით განაცემი შეადგენს 27 200 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, შემოწმებით სალაროდან გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით ამავე კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. აგრეთვე, საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

3. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივნისის №14341 ბრძანების საფუძველზე, 2022 წლის 9 ივნისს განხორციელდა შპს „------“ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფული ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით, რაზედაც შევსებული იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. დამატებით შპს „--------ს“ დირექტორის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი იქნა ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნავს რომ საწარმოს იმ პერიოდისათვის არ გააჩნდა მოქმედი სალარო და კომპანიის სახელზე არსებული თანხები ჰქონდა ერთერთი პარტნიორის საცხოვრებელ მისამართზე შენახული (ქ. №-------), სადაც მან წარმოადგინა 148 500 დოლარი, 17 290 ევრო და 209 500 ლარი. აღნიშნული თანხის ნაწილი მისივე განმარტებით წარმოადგენდა კიდევ სხვა საწარმოს კუთვნილებას რომლის გამიჯვნასაც ვერ ახერხებდა ბუღალტრის საქართველოში არყოფნის გამო. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მეირ სალაროში ნაღდი ფულის ფაქტობრივ ნაშთად დაფიქსირებულია 0 (ნული) ლარი. შემოწმების მიერ სალაროში ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთი შედარებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ საბუღალტრო აღრიცხვაში დაფიქსირებულ ნაშთთან და გამოვლენილი სხაობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა ამავე კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმებით გამოვლინდა გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული სალაროს ნაშთი, რომელიც აღემატება სალაროს გონივრულ ნაშთს. შესაბამისად, დაბეგვრის მიზნებისათვის სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა შესაბამისად.

აგრეთვე, დადგენილია, რომ საწარმოში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგადაც შედგენილ ოქმში სალაროს ნაშთად 0 ლარი დაფიქსირდა. შესაბამისად, შემოწმებით განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთის გადასახადის გადამხდელის მიერ საბუღალტრო აღრიცხვაში დაფიქსირებულ ნაშთთან შედარება და გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გაცემულ უპროცენტო სესხთან დაკავშირებით, გადამხდელის განმარტებით მიღებული თანხების რეინვესტირებისა და ახალი პროექტების დაწყების მიზნით ხდებოდა ნაღდი ფულის სხვადასხვა ვალუტაში კონვერტირება და დამფუძნებლის სახლში შენახვა. ხოლო სალაროს ნაშთები იცვლებოდა თვეების მიხედვით სხვადასხვა მიზნებიდან გამომდინარე (სესხის სრულად დაფარვა, კაპიტალის შემცირება და მიმდინარე ხარჯების ნაღდი ფულით დაფარვა), თუმცა შემოწმების მომენტისათვის ორგანიზაციას სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი თან ჰქონდა. რაც შეეხება, ფაქტობრივად გამოვლენილ და ბუღალტრულ ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, გადამხდელი მიუთითებს, რომ შედგენილ ოქმში სალაროს ნაშთად 0 ლარი დაფიქსირდა იმ ფაქტის გამო, რომ დამფუძნებელი ვერ ახერხებდა ორი საწარმოს კუთვნილი თანხების გამიჯვნას, რაზეც ოქმს ერთვის დანართი და აღნიშნულია ნაღდი ფულის სახით არსებული თანხების ოდენობა. აგრეთვე, გადამხდელის განმარტებით, ამ ეტაპზე გამიჯნულია საწარმოთა კუთვნილი თანხები და გამოვლენილი ნაღდი ფული სრულად ეკუთვნის შპს „---------ს“.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, აგრეთვე იმ ფაქტზე, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულია ინფორმაცია სალაროს ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის ჩატარებისას გამოვლენილი ფულადი სახსრების ოდენობასთან დაკავშირებით კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 9 ივნისს განხორციელდა შპს „---------ს“ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვირს პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფული ნაშთი განისაზღვრა 0 (ნული) ლარის ოდენობით და შევსებული იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ამასთან, შემოწმების აქტის თანახმად, შპს „------------ს“ დირექტორის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი იქნა ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნავს რომ საწარმოს იმ პერიოდისათვის არ გააჩნდა მოქმედი სალარო და კომპანიის სახელზე არსებული თანხები ჰქონდა ერთ-ერთი პარტნიორის საცხოვრებელ მისამართზე შენახული (ქ. №----), სადაც მან წარმოადგინა 148 500 დოლარი, 17 290 ევრო და 209 500 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მასალებით და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, სალაროს არაგონივრული ნაშთის, აგრეთვე ფაქტობრივად გამოვლენილ და ბუღალტრულ ფულად ნაშთებს შორის სხვაობის გაანგარიშებისას გაითვალისწინოს ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი (შესაბამის ახსნა-განმარტებაში ასახული) ფაქტობრივი ფულის ნაშთი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელი კომპანიის დამფუძნებელზე ახორციელებდა თანხების გაცემას „კაპიტალის შემცირების“ შინაარსით. რასთან დაკავშირებითაც დადგინდა, რომ თანხების გატანა სალაროდან არ შეესაბამება მის შინაარსს და აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე და მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

საქმეში არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მ.შ. კაპიტალზე მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, სალაროს არაგონივრული ნაშთის, აგრეთვე ფაქტობრივად გამოვლენილ და ბუღალტრულ ფულად ნაშთებს შორის სხვაობის გაანგარიშებისას გაითვალისწინოს ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი (შესაბამის ახსნა-განმარტებაში ასახული) ფაქტობრივი ფულის ნაშთი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მ.შ. კაპიტალზე მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.