გადაწყვეტილება №23991/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.11.2024
№ დოკუმენტი 23991/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 23991/2/2024

27 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------24.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23991/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;

2. შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხის ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №007-171 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.9.2024 წლის №19739 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 193 283,36 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 111 062

დღგ - 81 743

საშემოსავლო გადასახადი - 29 319

ჯარიმა - 55 219

საურავი - 27 002,36

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა წვრილმანი საყოფაცხოვრებო საქონლის შესყიდვა (იმპორტის გზით/ადგილობრივ ბაზარზე) და იჯარით აღებულ ფართში რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 29 ივნისიდან 2024 წლის პირველ მარტამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 21 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 4 ივლისის №15855 ბრძანება და 5 ივლისის №007-171 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.09.2024 წლის №19739 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით

ფაქტების აღწერა

გადამხდელს შემოწმების პერიოდში არ წარუდგენია ბუღალტრული პროგრამა და არ აწარმოებდა სმფ-ების ჩამოწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №11543 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და გადამხდელს დაუდგინდა სმფ-ების 162 198 ლარის ფაქტობრივი ნაშთი (სარეალიზაციო ფასის მიხედვით).

ინვენტარიზაციის შედეგად, კომპანიას სმფ-ის დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოუვლინდა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ების ურთიერთშეპირისპირებით დადგინდა რეალიზებული სმფ-ების თვითღირებულება (საწყის ნაშთს+შეძენები-საბოლოო ნაშთი), რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (26%) და განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ. ასევე, მომჩივანს შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, კომპანიას გაეზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა 428 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე,შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია. ამასთან, შეძენილ სმფ-ებსა და შემოწმების მიერ დადგენილ საბოლოო სმფ-ების სხვაობაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქტის და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების მიერ მიღებული განკარგვადი თანხა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნულ დარიცხვას არ ეთანხმება შემდეგი გარემოებების გამო:

1. ვინაიდან შემოწმების აქტში არის ძალიან არსებითი უზუსტობები: კერძოდ შემოწმების აქტში გარკვევით წერია, რომ „ინვენტარიზაციის შედეგად, კომპანიას სმფ-ის დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოუვლინდა“. ამ ჩანაწერის მიხედვით სულ ტყუილად დაარიცხეს თანხები.

2. ინვენტარიზაციის დროს აღრიცხეს საქონლის 68 დასახელება და აღრიცხეს გასაყიდი ფასებით, შემდეგ გასაყიდი ფასების ჯამიდან გამოაკლეს დღგ, შემდეგ ფასნამატის პროცენტი და მიიღეს თვითღირებულება. მომჩივანმა აიღო ინვენტარიზაციაში ნახსენები დასახელებებიდან 30 დასახელება, მიუყენა შესყიდვის დოკუმენტებიდან თვითღირებულებები და 68 დასახელებიდან მხოლოდ 30-ში მიიღო არსებითი სხვაობა კერძოდ, თვითღირებულებაში მიიღო სხვაობა 6 867 ლარი, ხოლო გასაყიდი ფასებით 10 210 ლარი. ეს სხვაობა მიუთითებს აგრეთვე იმას რომ აუდიტორებს არც ფასნამატის პროცენტი არ ჰქონიათ სწორად გაანგარიშებული.

3.შემოწმების დროს მოითხოვა შემმოწმებელმა დებიტორულ კრედიტორული დავალიანებები, რაც რა თქმა უნდა მიაწოდეს, მაგრამ ერთ ორგანიზაციასთან დებიტორული დავალიანება უსამართლოდ არ ჩაუთვალეს, ეს იყო შპს „-----------“, რომელთანაც მათ გააჩნიათ დებიტორული დავალიანება 55 204 ლარის ოდენობით. აღნიშნული ინფორმაცია თავის დროზე ხომ მიაწოდეს აუდიტორებს, მაგრამ ამავე დროს რამდენიმე დღის წინ კიდევ მოითხოვეს აღნიშნული ინფორმაცია და კიდევ ერთხელ მიაწოდეს.

აუდიტორებმა გადმოაგზავნეს ცხრილი სადაც მათ ნაანგარიშევი ჰქონდათ ნაღდი ფულის მოძრაობა და ნაშთზე დაარიცხეს 29 319 ლარი საშემოსავლო გადასახადი, ხოლო როგორც კი იმ გაანგარიშებაში ჩართეს შპს „----------“ მათი დებიტორული დავალიანება საშემოსავლო გადასახადში დასარიცხი თანხა შეიცვალა და გახდა 15 518 ლარი.

 

2. შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხის ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

პირველი საკითხის გათვალისწინებით, შემოწმების პროცესში განხორციელდა კომპანიაში არსებული ფულადი რესურსების მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგად მიღებული განკარგვადი თანხა 117 276 ლარი აიგროსა, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე,შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია. ამასთან, შეძენილ სმფ-ებსა და შემოწმების მიერ დადგენილ საბოლოო სმფ-ების სხვაობაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქტის და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების მიერ მიღებული განკარგვადი თანხა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.9.2024 წლის №19739 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების

სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;

2. შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხის ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია. ამასთან, შეძენილ სმფ-ებსა და შემოწმების მიერ დადგენილ საბოლოო სმფ-ების სხვაობაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქტის და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმების მიერ მიღებული განკარგვადი თანხა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;302(6); 304(1)