გადაწყვეტილება №19750/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19750/2/2023
27 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------- 22.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19750/2/2023).
დავის საგანი:
ექსპორტზე გატანილი საქონლის ღირებულების გამოქვითვებში ასახვა სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და კომპანიის მიერ წარდგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობის ჩათვლა გაცემულ დივიდენდად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2022 წლის №007-345 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.05.2023 წლის №9410 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 178 671 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 109 549
დღგ - 1 330
მოგების გადასახადი -82 433
საშემოსავლო გადასახადი - 25 786
ჯარიმა - 54 374
საურავი - 14 748
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ნავთობის ბიტუმის და კატალიზატორების შეძენა/რეალიზაცია. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში --------დან იმპორტირებული აქვს კომბოსტო.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 29.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:
გადამხდელს 2019 წლის საანგარიშო პერიოდში შეძენილი აქვს ნავთობის ბიტუმი, რომელიც მის მიერ სრულად იქნა რეალიზებული 2019 წლის საანგარიშო პერიოდში. ნავთობის ბიტუმზე საშუალო ფასნამატმა წლის ჭრილში შეადგინა 3% (თვეების ჭრილში ფასნამატი მერყეობდა 2%-6% ფარგლებში). 2020 წლიდან საწარმო ახორციელებს „კატალიზატორების“ შეძენას ფიზიკური პირებისგან, ხოლო შემდგომ ექსპორტის გზით გააქვს -------. შემოწმების პროცესში წარდგენილი ახსნა-განმარტებით, გადამხდელის მიერ წლების მიხედვით კატალიზატორები შეძენილია სულ 2020 წელს 581.61 კგ. 604 334 ლარად, 2021 წელს 667.3 კგ. 748 220 ლარად და 2022 წელს 660.3 კგ. 850 090 ლარად. შემოწმების პროცესში წარდგენილია შესყიდვის აქტები მხოლოდ ნაწილზე, რომელიც არ აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს. შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები შერჩევით გადამოწმებულია მეორე მხარესთან და შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები არ დადასტურდა (გამოვლინდა სხვაობები შესყიდვის ფასსა და რაოდენობებს შორის). აღსანიშნავია, რომ 3.06.2021 წლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინების საფუძველზე დადგენილია, რომ კომპანიის დირექტორმა 2020 წელს ქ. ------- გამოყენების მიზნით დაამზადა და გამოიყენა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარადგინა, ექვს ფიზიკურ პირთან შედგენილი ავტომობილის ამორტიზებული მაყუჩის კერამიკული ფილტრების ე.წ. კატალიზატორების ყალბი შესყიდვის აქტები. შესაბამისად, ექსპორტზე გატანილი საქონლის გამოქვითვებში ასახვის მიზნებისათვის შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელოს №0256-ის მიხედვით.
შემოწმების პროცესში დამუშავებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, საბაჟო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი/მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები და სხვა ხელთ არსებული დოკუმენტები. კომპანიას 1.04.2022 წლის მდგომარეობით, არ გააჩნია სმფ-ის ნაშთი, დებიტორული და კრედიტორული დავალიანება და აღნიშნულის შესწავლის შედეგად განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. კომპანიის მიერ წარდგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა გაცემულ დივიდენდად. შესაბამისად, შემოწმებით დადგენილი თანხა დაბეგრილია საგადასახადო კოდექსის 97-ე და 130-ე მუხლების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა მოგების, საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 16.12.2022 წლის №31740 ბრძანება და ამავე თარიღის №007- 345 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 9.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.05.2023 წლის №9410 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმო ახორციელებს კატალიზატორების შეძენას ფიზიკური პირებისგან და შემდგომ მის ექსპორტს -------. შემოწმების პროცესში წარდგენილი შესყიდვის აქტები არ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს. შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემების მეორე მხარესთან შერჩევით გადამოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობები შესყიდვის ფასსა და რაოდენობებს შორის. ამასთან, სასამართლო განჩინების საფუძველზე დადგენილია კომპანიის დირექტორის მიერ კატალიზატორების შესყიდვის ყალბი აქტების დამზადება-გამოყენების ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კატალიზატორის შესაძენად გაწეული ხარჯების განსაზღვრის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელოს №0256-ის მიხედვით.
გადამხდელის მიერ წარდგენილი, შემოსავლების სამსახურის სისტემაში და ხელთ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის საფუძველზე განისაზღვრა ფულის ნაშთი. გადამხდელის მიერ წარდგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა, ასევე შემოწმების მიერ ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად გაანგარიშებულ ფულის ნაშთსა და გადამხდელის მიერ წარდგენილ სალაროს ნაშთსა შორის სხვაობის საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2020 წელს კომპანიის მიერ არასწორად იქნა შედგენილი ექვსი შესყიდვის აქტი, რომლის მიხედვითაც კომპანიას დაერიცხა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა სრულად იქნა გადახდილი. თუმცა აღსანიშნავია, რომ რეალურად მიღებული იყო „კატალიზატორები“, რომლებიც სრულად გატანილია ექსპორტზე. კომპანიის დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ შედგენილი იქნა არა ინდივიდუალური, არამედ ჯამური შესყიდვის აქტები. აღნიშნულის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ სრულყოფილად იქნა მოწესრიგებული „კატალიზატორების“ მიღებასთან დაკავშირებული შესყიდვის აქტის დოკუმენტაცია. კერძოდ: „კატალიზატორის“ ჩამბარებელ ყველა ფიზიკურ პირთან გაფორმებულია ინდივიდუალური შესყიდვის აქტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს. კერძოდ: შესყიდვის აქტებში დეტალურად არის გაწერილი მიღებული „კატალიზატორის“ რაოდენობა და ღირებულება, ასევე, სრულყოფილად არის დაფიქსირებული ჩამბარებელი პირის რეკვიზიტები, სახელი, გვარი, პირადი ნომერი. ასევე, აბსოლუტურად ყველა შესყიდვის აქტს თან ახლავს ფიზიკური პირის პირადობის მოწმობის ასლი და შესყიდვის აქტზე დაფიქსირებულია მისი ხელმოწერა. ასევე, ყველა ფიზიკური პირი კომპანიის მიერ გაფრთხილებულია იმის შესახებ, რომ შესაძლებელი იქნებოდა შემოსავლების სამსახურის მიერ მათთან გადამოწმებული ყოფილიყო „კატალიზატორის“ ჩაბარებასთან დაკავშირებული ოპერაცია.
კომპანია ახორციელებს შესყიდული „კატალიზატორების“ ექსპორტს, არ ხდება ადგილობრივი რეალიზაცია, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეძენილ პროდუქციაზე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღრიცხვა. ასევე, კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას ჩაატაროს ექსპერტიზა ნებისმიერ შესყიდვის აქტთან დაკავშირებით და დაადასტუროს ჩამბარებელი პირის ხელმოწერის ნამდვილობა. ასევე, კომპანიის საშუალო ფასნამატი შეადგენს 8-10%-ს, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს ბაზარზე არსებულ ფასნამატთან, აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს შეუძლია გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია სხვა მსგავსი კომპანიებისგან. კომპანიის ხელმძღვანელობა მზად არის შემმოწმებლებთან ერთად სათითაოდ დეტალურად გაიაროს ნებისმიერი შესყიდვის აქტი და მოთხოვნის შემთხვევაში წარადგინოს ნებისმიერი სახის დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად დაადასტურებს შესყიდული საქონლის რაოდენობას და ღირებულებას. ასევე, სრულყოფილად მოხდება ჩამბარებელი პირის იდენტიფიკაცია.
ასევე, შემმოწმებლების მიერ ფულის მოძრაობის ხარჯვით ნაწილში არ არის გათვალისწინებული პალადიუმის აპარატის შეძენასთან დაკავშირებული თანხა 20 450 ევროს ექვივალენტის ლარის ოდენობით. მზად არის წარმოადგინოს აღნიშნული ხარჯის დამადასტურებელი სრული დოკუმენტაცია.
მიაჩნია, რომ წარდგენილი ან/და მოთხოვნის შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს და არ არსებობს №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დააკორექტიროს ფულის მოძრაობის ამსახველი ცხრილი, ხარჯებში გაითვალისწინონ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული თანხები და ასევე, პალადიუმის აპარატის შეძენასთან დაკავშირებული თანხა. შესაბამისად, განხორციელდეს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება და გამოცემული იქნას ახალი საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ წარდგენილი ან/და მოთხოვნის შემთხვევაში დამატებით წარსადგენი (რომელ ფიზიკურ პირზეც მოითხოვს საგადასახადო ორგანო) დოკუმენტაცია, შესყიდვის აქტები, სრულად აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს და არ არსებობს №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენების საფუძველი. ასევე, კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას ჩაატაროს ექსპერტიზა ნებისმიერ შესყიდვის აქტთან დაკავშირებით და დაადასტუროს ჩამბარებელი პირის ხელმოწერის ნამდვილობა. აღნიშნულის საფუძველზე ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დააკორექტიროს ფულის მოძრაობის ამსახველი ცხრილი, ხარჯებში გაითვალისწინოს შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული თანხები და ასევე, პალადიუმის აპარატის შეძენასთან დაკავშირებული თანხა (20 450 ევროს ექვივალენტი ლარის ოდენობით), რადგან დანადგარი არსებობს და შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი, თუნდაც ფოტო სურათები. ასევე, განმარტა რომ გამორჩენილი იყო ბალანსზე მისი აღრიცხვა.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელმა შესყიდვის აქტები სრულყოფილად ვერ წარადგინა და წარდგენილია მხოლოდ ნაწილი, რაზეც განმარტა რომ დოკუმენტაციის ნაწილი სხვაგან აქვს ან საგამოძიებო სამსახურის მიერ არის ამოღებული. აღნიშნულის შედეგად მოხდა ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვა საგამოძიებო სამსახურისგან და წარდგენილ (ძირითადად 2022 წლის დათარიღებულ) შესყიდვის აქტებში მითითებული ფიზიკური პირებისგან (შერჩევით), რომლებმაც განაცხადეს რომ მითითებული საქონლის ღირებულება ან/და რაოდენობა არ ჩაუბარებიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შეუძლებელი იყო ხარჯის დოკუმენტებზე დაყრდნობა, ექსპორტზე გატანილი საქონლის გამოქვითვებში ასახვის მიზნებისათვის შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელოს №0256-ის მიხედვით და გასათვალისწინებელი ხარჯი განსაზღვრა შემოსავლიდან (75%-ის ოდენობით). რაც შეეხება პალადიუმის აპარატის შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯს, მომჩივანმა დავის ეტაპზე და არა შემოწმების მიმდინარეობისას განმარტა, რომ ფიზიკური პირისგან შეიძინა აღნიშნული დანადგარი და ნაღდი ანგარიშსწორებით ხელზე გადაუხადა ღირებულება. ამასთან, დავის ეტაპზე ხარჯის გაწევის დოკუმენტი არ წარმოუდგენია, ვერ დგინდება ვისგან, როდის, რა თანხად შეიძინა (თუ არის შეძენილი) აღნიშნული აპარატი.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, მომჩივანი ვერ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ექსპორტზე გატანილი საქონლის ღირებულების გამოქვითვებში ასახვა სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და კომპანიის მიერ წარდგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობის ჩათვლა გაცემულ დივიდენდად.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ნავთობის ბიტუმის და კატალიზატორების შეძენა/რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების პროცესში წარდგენილია შესყიდვის აქტები მხოლოდ ნაწილზე, რომელიც არ აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნებს. შესაბამისად, ექსპორტზე გატანილი საქონლის გამოქვითვებში ასახვის მიზნებისათვის შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული სიტუაციური სახელმძღვანელოს №0256-ის მიხედვით. შესწავლის შედეგად განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. კომპანიის მიერ წარდგენილ სალაროს ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა გაცემულ დივიდენდად. შესაბამისად, შემოწმებით დადგენილი თანხა დაბეგრილია საგადასახადო კოდექსის 97-ე და 130-ე მუხლების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა მოგების, საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით.
აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.05.2023 წლის №9410 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, მომჩივანი ვერ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 61(3), 73(4)(5"ა")(9"ბ"), 97(1"ა"), 981(1), 130(1), 154(1"ზ"), 105(1)(2), 72(1).