ბრძანება N 26937

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.12.2024
№ დოკუმენტი 26937
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26937

23 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2024 წლის 28 და 29 ოქტომბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 ნოემბრის და 12 დეკემბრის სხდომებზე (ოქმი №119; ოქმი №130) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) 2024 წლის 28 ოქტომბრის №178530/21, 29 ოქტომბრის №24211/2/2024 და №92599/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ოქტომბრის №002-190 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს. აცხადებს, რომ --------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 აპრილის განჩინებით საწარმოს მიმართ გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმისწარმოება რეაბილიტაციის რეჟიმით, რომლის დროსაც კომპანია იმყოფება სპეციალურ რეჟიმში და არსებული ვალდებულებების (მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების) დაანგარიშება-გადახდის წესი განისაზღვრება რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონის მიხედვით. აღნიშნული საქმისწარმოებისას დგინდება გახსნის პერიოდამდე არსებული ვალდებულებები, მათი მოცულობა და ვალების გასტუმრების მეთოდი. გადამხდელი მიუთითებს, რომ სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში კონკრეტულად მიეთითა, რომ საწარმოს გააჩნდა შემოსავლების სამსახურის მიმართ დაუზუსტებელი საგადასახადო დავალიანება, აღნიშნული კი გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ 2021-2024 წლებში კომპანია ფაქტობრივად გასცემდა ხელფასს, თუმცა მისი ზუსტი ოდენობის მითითება ყოველთვიურ დეკლარაციაში არ ხდებოდა, შესაბამისად, ყველა კრედიტორისთვის და შემოსავლების სამსახურისთვის იმთავითვე ცნობილი იყო საწარმოს მიერ გამოთვლილი საგადასახადო დავალიანების არსებობის თაობაზე.

გადამხდელი აცხადებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ვალდებული იყო წარედგინა საკუთარი ვალდებულებების არსებობის თაობაზე ინფორმაცია გადახდისუუნარობის საქმისწარმოების გახსნიდან 30 დღის განმავლობაში, თუმცა მას აღნიშნული ქმედება არ განუხორციელებია და წარმოების არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია საკუთარი ინფორმაცია არსებული ვალდებულებების თაობაზე. ამასთან, მოცემულ საქმისწარმოებაზე ზედამხედველმა კრედიტორთა რეესტრი სასამართლოს წარუდგინა 2024 წლის 31 მაისს, შესაბამისად, 10 დღის მანძილზე შემოსავლების სამსახურს შეეძლო გაესაჩივრებინა აღნიშნული რეესტრი და წარედგინა თავისი პოზიცია საგადასახადო ვალდებულებების არსებობის თაობაზე, თუმცა ქმედების განუხორციელებლობით იგი დაეთანხმა კრედიტორთა რეესტრში მითითებული ვალდებულების ოდენობას.

გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანოს არ გააჩნდა უფლებამოსილება გამოეცა სადავო ბრძანებები, 2024 წლის 2 აპრილის შემდგომ უნდა შეჩერებულიყო ყოველგვარი საქმისწარმოება (არსებობის შემთხვევაში), ხოლო ახალი წარმოების დაწყების უფლება მათ არ გააჩნდათ. აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში ცალსახაა, რომ საგადასახადო მოთხოვნის გამოცემა და კომპანიისთვის თანხის დაკისრების თაობაზე აღსრულებადი აქტის გამოცემა მოვალის ქონებრივი მდგომარეობის მიმართ მიმართული ქმედებაა, შესაბამისად, ამგვარი აქტის გამოცემა არის გადახდისუუნარობის წინააღმდეგ მიმართული, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საგადასახადო მოთხოვნისა და შესაბამისი ბრძანებების გამოცემა საჭიროებს სათანადო წესით უფლებების დაცვას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივლისის №17122 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------“ (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის პირველ ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 3 ოქტომბრის №21688 ბრძანება და ამავე თარიღის №002-190 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 8 325 992 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 538 246 ლარი, ჯარიმა 2 297 310 ლარი და საურავი 1 490 436 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საავადმყოფო საქმიანობები და სამედიცინო მომსახურების გაწევა. გადამხდელი აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამის საშუალებით კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადამხდელი იმყოფება გაკოტრების რეჟიმში 2024 წლის 2 აპრილიდან. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება თანამშრომლებზე ხელფასების გაცემა და არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება თანამშრომლებზე ხელფასების გაცემა, რომელთან დაკავშირებითაც არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რის საფუძველზეც პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო წარედგინა საკუთარი ვალდებულებების არსებობის თაობაზე ინფორმაცია გადახდისუუნარობის საქმისწარმოების გახსნიდან 30 დღის განმავლობაში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, კრედიტორს, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად შეტყობინება არ გაეგზავნა, უფლება აქვს, მოთხოვნა წარადგინოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების თაობაზე შეტყობიდან 30 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 1 წლისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე შეტყობინება კრედიტორს ეგზავნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის (შემდგომ − ელექტრონული სისტემა) გარდა, „-----------“ ვებგვერდზედაც ქვეყნდება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სხვა შეტყობინებისთვის საკმარისია ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ --------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 აპრილის განჩინებით საწარმოს მიმართ გაიხსნა გადახდისუუნარობის საქმისწარმოება რეაბილიტაციის რეჟიმით, ხოლო №--------- საგადასახადო მოთხოვნა გამოიცა 2024 წლის 3 ოქტომბერს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით არ გაუგზავნა შეტყობინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების თაობაზე, შესაბამისად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იყო რეაბილიტაციის რეჟიმის განხსნის თაობაზე განჩინების გამოტანიდან 1 წლის განმავლობაში წარედგინა მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს.

გადამხდელი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საავადმყოფო საქმიანობები და სამედიცინო მომსახურების გაწევა. გადამხდელი აღრიცხვას აწარმოებს საბუღალტრო პროგრამის საშუალებით კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადამხდელი იმყოფება გაკოტრების რეჟიმში 2024 წლის 2 აპრილიდან. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება თანამშრომლებზე ხელფასების გაცემა და არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

შემოწმების მიერ განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:101(1);154(1);14(1);