ბრძანება N 5172

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.03.2024
№ დოკუმენტი 5172
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5172

11 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 20 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 თებერვლის (ოქმი №20) სხდომაზე განიხილა შპს ,,----------“ (ს/ნ ----------) №87867/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 თებერვლის №006-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

პირი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ არ იცოდა სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულების შესახებ. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 თებერვლის №006-11 საგადასახადო მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №1097 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 30 იანვარს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის პირველი თებერვლის №1808 ბრძანება და ორი თებერვლის №006-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 23 417 ლარი, მათ შორის გადასახადი 13 623 ლარი, ჯარიმა 6 811 ლარი და საურავი 2 983 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს „----------"-ს (ს/ნ -----------) საკუთრებაში მიწა არ უფიქსირდება, თუმცა საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით აღებულ, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე 2017 წლის 20 ივნისიდან (------------). აღნიშნული უძრავი ქონება მდებარეობს --------------.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის და 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით აღებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2017 წლის 20 ივნისიდან, რაზეც არ არის შესრულებული მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება. შედეგად, შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს ,,----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

პირი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციები. გადამხდელს დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:204(2);205(2);