გადაწყვეტილება №27821/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27821/2/2026
30 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 29.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 20.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27821/2/2026).
დავის საგანი:
იმპორტირებული საქონლის რეალიზებულად განხილვა და მასზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასის გავრცელება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 7 აპრილის N 083-13 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 19 ივნისის N 13595 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 285 940.96 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 169 683 ლარი;
დღგ - 64 149 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - 105 534 ლარი;
ჯარიმა - 88 471 ლარი;
საურავი - 27 786.96 ლარი;.
ფაქტების აღწერა:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 3 იანვარს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2022 წლის 20 დეკემბრიდან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 თებერვლის N 4054 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს იმპორტირებული აქვს კარტოფილი, მარწყვი, გარგარი და ალუბალი. კომპანიას არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. დოკუმენტურად რეალიზებული აქვს მხოლოდ კარტოფილი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, პერიოდის დასაწყისის სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, შესყიდული სასაქონლო - მატერიალური მარაგების, დოკუმენტური რეალიზაციისა და საბოლოო სასაქონლო - მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, დაკორექტირდა/გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების მიხედვით. კერძოდ, კარტოფილზე გამოყენებულ იქნა მისი დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასი, ხოლო რაც შეეხება მარწყვს, გარგარსა და ალუბალს, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების დოკუმენტური ფასები პერიოდების მიხედვით. ამასთან, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის N 22708 ბრძანებით დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების N 5 დანართის საფუძველზე, შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი კორექტირებული ბრუნვის, გაწეული ხარჯების, ბიუჯეტში გადახდილი/დაბრუნებული თანხების მიხედვით, გამოვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე - ----- (პ/ნ ----- ) გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. საგადასახადო კოდექსის 43-ე, 49-ე, 73-ე და 159-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. აგრეთვე, საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივანს გაეზარდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 7 აპრილის N 7933 ბრძანება და N 083-13 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 285 940.96 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 25 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 19 ივნისის N 13595 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების დოკუმენტური ფასების გავრცელება განხორციელდა მართლზომიერად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ წერილობით ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა მარწყვის ფოტო/ვიდეო მასალა, რომლითაც არ იდენტიფიცირდებოდა არც გაფუჭებული მარწყვის ოდენობა და არც ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული ავტომანქანის ნომერი. რაც შეეხება გარგარსა და ალუბალს, საჩივარში მითითებულია, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდა კონკრეტულ ფიზიკურ პირებზე 2 ლარად, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის წერილობითი განმარტებით, მითითებულ ფიზიკურ პირებს არ უფიქსირდებათ სამეწარმეო საქმიანობა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით ვერ დადასტურდა საჩივარში აღნიშნული გარემოება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არც შემოწმების და მათ შორის არც დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
კომპანიის მიერ სარეალიზაციოდ შემოტანილი იქნა მარწყვი, რომელიც მისი შემოტანის წესების დარღვევის და მაცივრის ტემპერატურული ცვლილების შედეგად მთლიანად განადგურდა (დალპა). შესაბამისად, ის სარეალიზაციოდ არ გამოიყენებოდა, ამიტომ მოხდა მათი გადაყრა (მტკიცებულება: 1. საჭიროების შემთხვევაში საქმის განმხილველ ორგანოებს, ასევე ამ საქმის სასამართლოში გადასვლის შემთხვევაში, მიაწვდის ამ მარწყვის შემომტანი მძღოლის და იმ დამხმარე პირების ჩვენებებს, რომელთა დახმარებითაც იქნა დამპალი მარწყვი გადაყრილი. 2. შემოტანილი დამპალი მარწყვის ამსახველი ვიდეო).
რაც შეეხება ალუბალს და გარგარს, ეს პროდუქცია შემოტანილი იქნა საწარმოს მიერ სარეალიზაციოდ, თუმცა შემოტანილი პროდუქციის უხარისხობის გამო, კომპანიამ ის ჩააბარა მიზერულ ფასად, რის შედეგადაც საწარმომ განიცადა მხოლოდ ზარალი. ამ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად ყავს მოწმეები, ვინც არიან ამ ფაქტების მონაწილეები და უშუალო ფიგურანტები. როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერ ფაქტს და გარემოებას ადასტურებს მხარეები სასამართლოში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით.
კომპანიის მიერ იმპორტირებული მარწყვი სრულად განადგურდა, რადგან ის სარეალიზაციოდ არ ვარგოდა და დამპალი იყო. ეს პროდუქცია იქნა გადაყრილი, რაშიც ----- დახმარება გაუწიეს ----- პ/ნ -----, ----- - პ/ნ -----, ----- - პ/ნ ------ და ----- - პ/ნ ----- (მტკიცებულება: შემოტანილი დამპალი მარწყვის ამსახველი ფოტომასალა, აღნიშნულ ფაქტს ასევე დაადასტურებენ ზემოთ ჩამოთვლილი მოწმეები).
საწარმოს მიერ იმპორტირებული გარგარი და ალუბალი, მისი ხარისხის უვარგისობის გამო, ჩაბარდა სხვადასხვა რეალიზატორებს მიზერულ ფასად, რის შედეგადაც კომპანიამ განიცადა მხოლოდ ზარალი. კერძოდ, მათი რეალიზაცია მოხდა 2 (ორ) ლარად. გარგარი და ალუბალი ზემოთხსენებულ ფასად ჩაიბარეს: ----- (მტკიცებულება: მოწმეები - -----).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიის მიმართ დარიცხული თანხა, რომელიც გაანგარიშებულია მოგების თვალსაზრისით, არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას. გადასახადის გადამხდელმა განიცადა პირიქით ზარალი მალფუჭებადი პროდუქციის სრულად განადგურების შემთხვევაში (მარწყვი), ასევე ვერ მიიღო შემოსავალი და განიცადა პირიქით ზარალი, რადგან გარგარი და ალუბალი მის მიერ რეალიზებული იქნა მიზერულ ფასად. ამდენად, კომპანიის მიმართ დარიცხული საბიუჯეტო დავალიანება არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას და ის უნდა გაუქმდეს უსაფუძვლობის გამო.
ჩამოთვლილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, უსაფუძვლობის გამო, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიას იმპორტირებული აქვს კარტოფილი, მარწყვი, გარგარი და ალუბალი. გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. დოკუმენტურად რეალიზებული აქვს მხოლოდ კარტოფილი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, პერიოდის დასაწყისის სმფ-ების, შესყიდული სასაქონლო - მატერიალური მარაგების, დოკუმენტური რეალიზაციისა და საბოლოო სასაქონლო - მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, დაკორექტირდა/გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების მიხედვით. კერძოდ, კარტოფილზე გამოყენებულ იქნა მისი დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასი. რაც შეეხება მარწყვს, გარგარს და ალუბალს, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული პირების დოკუმენტური ფასები პერიოდების მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხება დღგ. ამასთან, შემოსავლების სამსახურის უფროსის 08.07.2019 წლის N 22708 ბრძანებით დამტკიცებული, ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, მეთოდური მითითებების დანართი N 5-ის საფუძველზე, შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი კორექტირებული ბრუნვის, გაწეული ხარჯების, ბიუჯეტში გადახდილი/დაბრუნებული თანხების მიხედვით, კომპანიას გამოუვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვლება შესაბამისი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
კომპანიის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სარეალიზაციოდ შემოტანილი იქნა მარწყვი, რომელიც მისი შემოტანის წესების დარღვევის და მაცივრის ტემპერატურული ცვლილების შედეგად მთლიანად განადგურდა (დალპა). რაც შეეხება ალუბალს და გარგარს, შემოტანილი პროდუქციის უხარისხობის გამო, კომპანიამ ის ჩააბარა მიზერულ ფასად, რის შედეგადაც საწარმომ განიცადა მხოლოდ ზარალი.
მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ გადაგზავნილი იქნა ფოტო/ვიდეო მასალა მარწყვზე, რომლის არც ავტომობილის ნომერი იდენტიფიცირდებოდა და არც გაფუჭებული მარწყვის ოდენობა. რაც შეეხება გარგარს და ალუბალს, წარმოდგენილი საჩივრის მიხედვით, მათი რეალიზაცია მოხდა ოთხ ფიზიკურ პირზე, რომელთაც არ უფიქსირდებათ სამეწარმეო საქმიანობა. მათგან ნაწილი რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად, მაგრამ პირადი მოხმარების საქონლის გარდა სხვა საქონლის შეძენა - რეალიზაცია არ უფიქსირდება.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
იმპორტირებული საქონლის რეალიზებულად განხილვა და მასზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასის გავრცელება.
ფაქტობრივი გარემოებები:
კომპანიის საგადასახადო შემოწმების შედეგად, არასრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვის გამო, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. რის საფუძველზეც კომპანიას დაერიცხა დამატებითი გადასახადები და ჯარიმა. გადაწყვეტილება გასაჩივრდა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დავა გაგრძელდა შესაბამის ორგანოში.
გადაწყვეტილება:
დგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275; 101; 154; 73(5,,ა"); 73(9 ,,ბ"); 163(2); 164(1);.