ბრძანება N 19179

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.08.2025
№ დოკუმენტი 19179
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19179

27 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 29 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 და 27 აგვისტოს სხდომებზე (ოქმები №69; №71) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 29 ივლისის №97175/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №007-150 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისთვის. ამასთან, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები, თუმცა უცნობი რომელი კომპანიის ბრუნვები შეფასდა და რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობის იდენტური. აღნიშნავს, რომ გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი, ვინაიდან, შესამოწმებელ პერიოდზე კომპანიას რეალიზებული აქვს 190 224 ლარის საქონელი დოკუმენტურად, ამასთან, არასწორად გაანგარიშებულმა ფასნამატმა დამატებით განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 მაისის №9430 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 9 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 4 ივლისის №15195 ბრძანება და ამავე თარიღის №007-150 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 359 822 ლარი, მათ შორის გადასახადი 184 305 ლარი, ჯარიმა 91 388 ლარი და საურავი 84 128 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ------- სამზარეულოს ტექნიკით, ფეხსაცმლით და ჭურჭლით ვაჭრობა. საქონლის შეძენას ახდენს ------- და ცალკეულ შემთხვევაში ------- იმპორტის სახით. დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული შემოსავლის 10% შეადგენს, დოკუმენტურად მიწოდებულია ძირითადად ფეხსაცმელი. 2023 წლიდან არ უფიქსირდება იმპორტი, ხოლო შემოსავლის დეკლარირება 2023 წლის თებერვლიდან აღარ უფიქსირდება. შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხდა. ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მაისის №10386 ბრძანებით დაინიშნა საკონტროლო შესყიდვა, წარმოდგენილი მასალებით გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს - 958 365 ლარს.

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შემოწმების მიერ პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით, ამასთან, ჩაითვალა, რომ კომპანიას საწყისი და საბოლოო საქონლის ნაშთი არ ერიცხება. დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური შეძენები. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა შეძენილი საქონლის ღირებულებით, რაც დაიყო ჯგუფებად, კერძოდ: სამზარეულოს ტექნიკა, ჭურჭელი და ფეხსაცმელი, ჯგუფების მიხედვით გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და სხვაობაზე განსაზღვრული ჯგუფების მიხედვით გავრცელდა იგივე ტერიტორიული ერთეულის გათვალისწინებით იგივე საქმიანობის განმახორციელებელი პირის შესაბამისი ჯგუფის აუდირებული ფასნამატი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა, რაც შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად.

ამასთან, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ფულის ნაშთი, კერძოდ, მიჩნეულ იქნა, რომ კომპანიას დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთები არ ერიცხება, შემოწმებით დადგენილი შემოსავლების, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით, გაანგარიშდა სალაროში ფულის განკარგვადი ნაშთი. ამასთან, გადამხდელთან 2025 წლის 28 აპრილის №7756 ბრძანებით დაინიშნა სალაროში ნაღდი ფული ინვენტარიზაცია. წარმოდგენილი მასალებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი ვერ დაუკავშირდა გადამხდელს და განისაზღვრა, რომ სალაროში ფულის ნაშთი არ ერიცხება. გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელს 2023 წლიდან საქმიანობა არ უფიქსირდება, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. შესაბამისად, შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ჩაითვალა 2023 წლის იანვრის საანგარიშო თვეში დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 21 აგვისტოს, თუმცა 21 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით გადამხდელმა წარმოადგინა განცხადება სხდომის გადადებასთან დაკავშირებით. ხელმეორედ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 27 აგვისტოს, გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, მიუხედავად ამისა გადამხდელი არ გამოცხადდა სხდომაზე და არც ჩანიშნული საქმის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით წარმოუდგენია განცხადება.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხდა, შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა შეძენილი საქონლის ღირებულებით, რაც დაიყო ჯგუფებად, კერძოდ სამზარეულოს ტექნიკა, ჭურჭელი და ფეხსაცმელი, ჯგუფების მიხედვით გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და სხვაობაზე განსაზღვრული ჯგუფების მიხედვით გავრცელდა იგივე ტერიტორიული ერთეულის გათვალისწინებით იგივე საქმიანობის განმახორციელებელი პირის შესაბამისი ჯგუფის აუდირებული ფასნამატი. ხოლო, დოკუმენტურ ფასნამატზე გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული შემოსავლის 10% შეადგენს, დოკუმენტურად მიწოდებულია ძირითადად ფეხსაცმელი, თუმცა შემოსავლის დოკუმენტებში მითითებულია გაყიდული საქონელი ზოგადი დასახელებით, რაც ხარჯის დოკუმენტებით შეძენილია სხვადასხვა ფასად, შესაბამისად, შემოწმების მიერ ვერ დგინდება კონკრეტულად რა საქონელი გაიყიდა და რა თვითღირებულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით ვერ განისაზღვრა დოკუმენტით რეალიზაციის შემთხვევაში საქონლის ფასნამატი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე ფასნამატის გავრცელებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საბაჟო დეპარტამენტის მიერ ღირებულების აფასება განხორციელდა მხოლოდ 2022 წლის 20 მაისის №5781 დეკლარაციით განხორციელებული იმპორტიდან 9 026 ერთეულ საქონელზე (ჭურჭელზე), თუმცა შემოწმების მიერ ფასნამატის გავრცელება და შემოსავლის გაანგარიშება მოხდა ინვოისში მითითებული ღირებულების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხდა, შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, შესაბამისად, შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა შეძენილი საქონლის ღირებულებით, რაც დაიყო ჯგუფებად, ჯგუფების მიხედვით გამოაკლდა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და სხვაობაზე განსაზღვრული ჯგუფების მიხედვით გავრცელდა იგივე ტერიტორიული ერთეულის გათვალისწინებით იგივე საქმიანობის განმახორციელებელი პირის შესაბამისი ჯგუფის აუდირებული ფასნამატი.

ამასთან, შემოწმების მიერ გაანგარიშდა ფულის ნაშთი, კერძოდ, მიჩნეულ იქნა, რომ კომპანიას დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთები არ ერიცხება, შემოწმებით დადგენილი შემოსავლების, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების, გაცემული ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით, გაანგარიშდა სალაროში ფულის განკარგვადი ნაშთი. გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელს 2023 წლიდან საქმიანობა არ უფიქსირდება, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. შესაბამისად, შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი ჩაითვალა 2023 წლის იანვრის საანგარიშო თვეში დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163