ბრძანება N 23156

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.09.2023
№ დოკუმენტი 23156
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23156

20 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის: -------, -------)

2023 წლის 18 იანვრის და 30 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №78172/1/2023 და №81370/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №002-237 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ზოგიერთ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გავრცელებულ აუდირებულ ფასნამატს, კერძოდ აღნიშნავს, რომ თამბაქოს რეალიზაციაზე არ არის გავრცელებული დოკუმენტური ფასნამატი. ასევე, თითოეულ გამოწერილ ზედნადებში შედის სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება, რომელიც მიწოდებული პროდუქციის ღირებულებაზეა გადანაწილებული. პირი აცხადებს, რომ საღამოს საათებში მზა კერძების რეალიზაციას ახდენს ფასდაკლებით, შემოწმების მიერ კი ფასდაკლება გათვალისწინებულია მხოლოდ 2021 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეებში.

მომჩივანი ითხოვს მოყვანილი არგუმენტების და მტკიცებულებების გათვალისწინებით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6323 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 14 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 20 დეკემბრის №31989 ბრძანება და ამავე თარიღის №002-237 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 415 241 ლარი, მათ შორის, გადასახადი 219 919 ლარი, ჯარიმა 109 807 ლარი და საურავი 85 515 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

საწარმოს -------, ------- იჯარით აქვს აღებული კომერციული ფართი, სადაც განთავსებული აქვს როგორც მარკეტი ასევე ახორციელებს სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტის (პიცა, კერძები, ხაჭაპური და ა.შ) დამზადებას. კომპანია რეალიზაციას ახორციელებს როგორც ადგილზე, ასევე აქვს მიტანის სერვისი (მიტანის სერვისს განახორციელებენ იურიდიული კომპანიები). შემოწმების მიმდინარეობისას საწარმომ წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „FMG" და ასევე ,,ექსელში“ შედგენილი წარმოებული პროდუქციის კალკულაციები, ასევე სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთები. წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ არასრულად იყო აღრიცხული წარმოებულ პროდუქციაზე გახარჯული ნედლეული, ასევე სმფ-ების ჩამოწერა ხდებოდა ყოველთვიურად. ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. წარმოდგენილი დოკუმენტაციით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის დამუშავების შედეგად, განხორციელდა საქონლის მოძრაობის ანალიზი, რომლის შედეგად გამოვლინდა რომ კომპანიას უფიქსირდება ფქვილის ნაშთი, რომლის წარმოებაში გამოყენება ვერ დასტურდება. შემოწმების მიერ აღნიშნული ნედლეული ჩათვლილ იქნა ნახევრადფენოვანი ცომის წარმოებაში, (შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა აუდირებული კალკულაცია, 1 კგ ფქვილიდან - 1.8 კგ მისაღები ნახევრადფენოვანი ცომი), ხოლო სარეალიზაციო ღირებულებად გამოყენებულ იქნა კომპანიის მიერ დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასი. ასევე დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქციაზე (კატეგორიების მიხედვით) გამოყენებულ იქნა საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციის არარსებობის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი. ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ზრდა, რომელიც შემოწმების მიერ გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ს ბრუნვის პროპორციულად. ამასთან დამატებით მიღებული შემოსავალი შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა სალაროს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, რომელიც შემცირებულია საწარმოს ვალდებულებით ანგარიშვალდებული პირის მიმართ და კომპანიის საწესდებო კაპიტალით, ზემოაღნიშნული შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირს დაერიცხა დღგ. და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ არასრულად იყო აღრიცხული წარმოებულ პროდუქციაზე გახარჯული ნედლეული, ასევე სმფ-ების ჩამოწერა ხდებოდა ყოველთვიურად. ვინაიდან პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქციაზე (კატეგორიების მიხედვით) გამოყენებულ იქნა საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციის არარსებობის შემთხვევაში აუდირებული ფასნამატი. რაც შეეხება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციაზე გავრცელებულ ფასნამატს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში თამბაქოს ძალიან მცირე ნაწილი ჰქონდა რეალიზებული დოკუმენტურად და რეალიზებულ თამბაქოზე გავრცელებული ფასნამატი ემთხვევა აუდირებულ ფასნამატს, ხოლო სხვა საკვების რეალიზაციაზე გამოწერილ ზედნადებებში არ ფიქსირდება რაიმე სახის ინფორმაცია გაწეული ტრანსპორტირების ხარჯების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა პირის საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ფასნამატი სწორად არის გაანგარიშებული.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს იჯარით აქვს აღებული კომერციული ფართი, სადაც განთავსებული აქვს როგორც მარკეტი ასევე ახორციელებს სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტის (პიცა, კერძები, ხაჭაპური და ა.შ) დამზადებას. კომპანია რეალიზაციას ახორციელებს როგორც ადგილზე, ასევე აქვს მიტანის სერვისი (მიტანის სერვისს განახორციელებენ იურიდიული კომპანიები). ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. სარეალიზაციო ღირებულებად გამოყენებულ იქნა კომპანიის მიერ დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასი. ასევე დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ პროდუქციაზე (კატეგორიების მიხედვით) გამოყენებულ იქნა საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო დოკუმენტური რეალიზაციის არარსებობის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი. ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ზრდა. დამატებით მიღებული შემოსავალი შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა სალაროს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

პირს დაერიცხა დღგ. და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101; 154; 159; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახაო კოდექსი - 161