გადაწყვეტილება №22318/2/2024
📄 სრული ტექსტი
№22318/2/2024
09 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2024 და 13.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 20.02.2024, 11.04.2024 და 7.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №22318/2/2024, №22847/2/2024, №23226/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დადგენილი ფასნამატი და შემოწმების შედეგად გაანგარიშებული შემოსავლის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით;
2. დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2023 წლის №024-72 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32963 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 192 463.89 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 100 019
დღგ - 54 781
საშემოსავლო გადასახადი - 44 005
ქონების გადასახადი - 1 233
ჯარიმა - 50 063
საურავი - 42 381.89
პროცედურული გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ჩინეთიდან იმპორტირებული ფეხსაცმლით ვაჭრობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის და დადგენილების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 7.08.2023 წლის №19290, 15.08.2023 წლის №20173 და 28.09.2023 წლის №23884 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 22.08.2023 წლის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №25074 ბრძანება და 11.10.2023 წლის №024-72 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 10.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.12.2023 წლის №32963 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დადგენილი ფასნამატი და შემოწმების შედეგად გაანგარიშებული შემოსავლის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
პირველადი დოკუმენტების ანალიზით გადამხდელს 2021 წლის შემდეგ საქმიანობა არ უფიქსირდებოდა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.08.2023 წლის №20705 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ობიექტზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რა დროსაც გამოვლინდა საქონლის ნაშთი (ჩუსტი 17 856 ცალი, ბოტასი 65 ცალი). გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ამდენად, გადასახადის გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ინვენტარიზაციით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გათვალისწინებით.
მეწარმეს უფიქსირდებოდა საქონლის შეძენა როგორც იმპორტის გზით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმების შედეგად დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა კატეგორიების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატის საფუძველზე, ხოლო დარჩენილი საქონელი ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად. საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირის მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოვლენილი ფასნამატები საქონლის კატეგორიებისა და საანგარიშო პერიოდების მიხედვით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
აგრეთვე, დამატებით დაბეგვრას დაექვემდებარა შემოწმების შედეგად გაანგარიშებული შემოსავლები ინვენტარიზაციით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გათვალისწინებით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ამდენად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე და გადასახადის გადამხდელის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ინვენტარიზაციით გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის გათვალისწინებით. შემოწმების მიერ, დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებით შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, ხოლო საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირის მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოვლენილი ფასნამატები საქონლის კატეგორიებისა და საანგარიშო პერიოდების მიხედვით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. აგრეთვე, შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლები ინვენტარიზაციით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გათვალისწინებით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებულ მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე, განსაზღვრულ ფასნამატს, კატეგორიულად არ ეთანხმება ვინაიდან შემმოწმებელს დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გამოყენებული აქვს სხვა მსგავსი საქმიანობის მქონე პირების აუდირებული ფასნამატები, საქონლის კატეგორიების მიხედვით. არ ეთანხმება სხვისი ფასნამატის გავრცელებას იმპორტირებულ და შემდგომ რეალიზებულ საქონელზე, ვინაიდან შემმოწმებლის მიერ დადგენილია მის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი 22%. შემოწმების შედეგად დოკუმენტების გარეშე საქონლის რეალიზაციაზე გავრცელდა 36%-დან 66%-მდე ფასნამატი. წარმოუდგენელია მსგავსი ფასნამატი, ვინაიდან ძირითადად ახორციელებს საბითუმო რეალიზაციას, რასაც ცხადყოფს ის ფაქტი, რომ 517 993 ლარის თვითღირებულების საქონელი რეალიზებულია მის მიერ 2020 წლის მაისიდან 2021 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით, რაც დეკლარირებულია დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვებში.
დღემდე უცნობი რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა მისი იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ჰყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია. ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არარის დადგენილი, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
ასევე, შემოწმებით არ არის დასაბუთებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, იმ პირობებში, როცა საქონელი გაყიდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, საქონლის ჩამოწერას ახორციელებს დღის ჭრილში, შესაბამისად აღრიცხვა აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწესრიგებული. აქედან გამომდინარე, შემმოწმებელს არ ჰქონდა უფლება არაპირდაპირი მეთოდებით განესაზღვრა მისი შემოსავალი. ასევე, გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე მისი დოკუმენტალური ფასნამატი, რომელიც ბუნებრივია უფრო სწორია ვიდრე სხვა კომპანიის ფასნამატი. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
საშემოსავლო გადასახადში ასევე, გაუგებარია თუ რატომ ჩათვალა შემმოწმებელმა, რომ 304 339 ლარის რეალიზაციის პირობებში (რასაც დღგ-ის გადასახადში დადგინდა), მხოლოდ 84 312 ლარი იყო გადამხდელის ხარჯი. შემმოწმებელს დოკუმენტალური რეალიზებული პროდუქციის ანალიზი რომ გაეკეთებინა ბუნებრივია სულ სხვა შედეგამდე მივიდოდა.
მომჩივანი მომართავს საბჭოს ახალ გარემოებათა აღმოჩენის გამო დაზუსტებული საჩივრით და აღნიშნული არგუმენტების და მტკიცებულებების გათვალისწინებით ითხოვს დოკუმენტების გარეშე რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გავრცელდეს შემმოწმებლის მიერ დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი 22%.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მომჩივანი კატეგორიულად არ ეთანხმება მსგავსი საქმიანობის მქონე პირის მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოვლენილი ფასნამატის გავრცელებას იმპორტირებულ და შემდგომ რეალიზებულ საქონელზე. ითხოვს დოკუმენტების გარეშე რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გავრცელდეს შემმოწმებლის მიერ დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი 22%. ასევე, შემოწმებით არ არის დასაბუთებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, იმ პირობებში, როცა საქონელი გაყიდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, საქონლის ჩამოწერას ახორციელებს დღის ჭრილში, შესაბამისად აღრიცხვა აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწესრიგებული.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემმოწმებლისთვის არ წარუდგენია სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რისთვისაც გადამხდელი დაჯარიმებულია საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით. მომჩივნის მიერ ხსენებულ არგუმენტზე, თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციასთან დაკავშირებით, არ იდენტიფიცირდება რა სახის, ოდენობის, ღირებულების საქონლის რეალიზაცია განახორციელა, შესაბამისად, არ ყოფილა გათვალისწინებული. ამდენად, გადამხდელის შემოსავლების და ხარჯების დათვლა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ინვენტარიზაციით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გათვალისწინებით. შემოწმების შედეგად განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება კატეგორიების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატის საფუძველზე და დარჩენილი საქონელი ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად, რაზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირის მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოვლენილი ფასნამატები საქონლის კატეგორიებისა და საანგარიშო პერიოდების მიხედვით. აგრეთვე, დამატებით დაბეგვრას დაექვემდებარა შემოწმების შედეგად გაანგარიშებული შემოსავლები ინვენტარიზაციით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიანი რეალიზაციის დაახლოებით 10-15%-ის ფარგლებში მერყეობდა.
აღნიშნული გარემოებებიდან, მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა 50 063 ლარის ოდენობით მათ შორის, საშემოსავლო გადასახადში 22 003 ლარი, დღგ-ში 27 210 ლარი და ქონების გადასახადში 850 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
აღნიშნული საკითხი შემოსავლების სამსახურში არ გასაჩივრებულა.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული (50 063 ლარი) ჯარიმისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭო ვერ იმსჯელებს მომჩივნის მოთხოვნაზე ვინაიდან, იგი სადავოს არ წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურში 10.11.2023 წელს წარდგენილი საჩივრით. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე, განსაზღვრულ ფასნამატს.
2.გადამხდელი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
1.მეწარმეს უფიქსირდებოდა საქონლის შეძენა როგორც იმპორტის გზით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმების შედეგად დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება განისაზღვრა კატეგორიების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატის საფუძველზე, ხოლო დარჩენილი საქონელი ჩაითვალა საცალოდ რეალიზებულად. საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირის მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოვლენილი ფასნამატები საქონლის კატეგორიებისა და საანგარიშო პერიოდების მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.აგრეთვე, დამატებით დაბეგვრას დაექვემდებარა შემოწმების შედეგად გაანგარიშებული შემოსავლები ინვენტარიზაციით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის გათვალისწინებით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
2.შემოწმების შედეგად მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭო ვერ იმსჯელებს მომჩივნის მოთხოვნაზე ვინაიდან, იგი სადავოს არ წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურში 10.11.2023 წელს წარდგენილი საჩივრით. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),100,102,105,159,163,164,269(7),302.