გადაწყვეტილება № 26626/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 26626/2/2026
31 მარტი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----12.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26626/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2025 წლის №041-72 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.01.2026 წლის №652 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 187 809.85 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 113 334.42
დღგ - 21 843.04
მოგების გადასახადი - 26 842.12
საშემოსავლო გადასახადი - 64 649.26
ჯარიმა - 60 643.90
საურავი - 13 831.53
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.05.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 7 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის დებულებებით და ფულადი სახსრების გაანგარიშების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმების მიერ, შესამოწმებელ პერიოდებში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 ნოემბრის №25071 ბრძანება და №041-72 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.01.2026 წლის №652 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც ნაწილობრივ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარდგენილ არგუმენტთან, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადახდილ თანხებზე შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მტკიცებულებები არ წარუდგენია არც შემოწმების პროცესში და არც დავის განხილვის ეტაპზე. ამასთან, საჩივრების ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია არგუმენტების შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ, თუმცა, გადასახადის გადამხდელს შესაბამისი დოკუმენტები/მტკიცებულებები არ წარუდგენია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დაეკისრა 187 810 ლარი, მათ შორის გადასახადი 113 334 ლარი. ამ გადასახდელის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილი ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის გამო, დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. წარდგენილ საჩივარში განმარტებული იყო, რომ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას თითქმის ყველა პროექტზე გამოყენებული იყო კონტრაქტორი მეწარმე ფიზიკური პირები, მათ მიერ შესრულებული ყველა სამუშაო დადასტურებულია შესაბამისი მიღებაჩაბარების აქტებით.
მთელი ეს პერიოდი მინდობილი იყო პირზე, რომელიც ეხმარებოდა პროცესის წარმართვაში და საჩივრის მომზადება-წარდგენაში, აღმოჩნდა, რომ არ მომხდარა არც დროულად და არც სრულად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა.
ორიგინალის სახით წარმოადგენს სრულ დოკუმენტაციას, რომელიც უტყუარად ადასტურებს ინფორმაციას მიღებული მომსახურებების შესახებ, ითხოვს მათ გათვალისწინებას და შესაბამისად, ფაქტიური მონაცემების საფუძველზე, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესაბამისად, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდებში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, შედეგად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადახდილ თანხებზე შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით, საყურადღებოა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში დაფიქსირებული გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მტკიცებულებები არ წარუდგენია არც შემოწმების პროცესში და არც დავის განხილვის ეტაპზე. ამასთან, საჩივრების ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია არგუმენტების შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ, თუმცა, შესაბამისი დოკუმენტები/მტკიცებულებები არ წარუდგენია.
მომჩივანი არ ეთანხმება სადავო დარიცხვას და აღნიშნავს, რომ გადასახდელის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილი ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის გამო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. განმარტავს, რომ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას თითქმის ყველა პროექტზე გამოყენებული იყო კონტრაქტორი მეწარმე ფიზიკური პირები და რომ მათ მიერ შესრულებული ყველა სამუშაო დადასტურებულია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით. მინდობილი იყო პირზე, რომელიც ეხმარებოდა პროცესის წარმართვაში და საჩივრის მომზადება-წარდგენაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ მომხდარა არც დროულად და არც სრულად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა. აღნიშნავს, რომ წარმოადგენს სრულ დოკუმენტაციას, რომელიც უტყუარად ადასტურებს ინფორმაციას მიღებული მომსახურებების შესახებ, ითხოვს მათ გათვალისწინებას და შესაბამისად, ფაქტიური მონაცემების საფუძველზე, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშებას, მაგრამ, საჩივარზე არ არის თანდართული რაიმე მტკიცებულება, რაც აღნიშნულს დაადასტურებდა, ხოლო ხსენებული შინაარსით გაუგებარია რა კონკრეტულ მტკიცებულებებს გულისხმობს მომჩივანი.
მომჩივანმა, 2026 წლის 17 თებერვალს (რეგ. №------), წარმოდგენილ საჩივარზე დამატებით, წარმოადგინა მომსახურების ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომელიც გაგზავნილ საჩივარზე (16.02.2026 წლის №----- წერილი) დამატებით, 18.02.2026 წლის №----- წერილით გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტს და ეთხოვა, მომჩივნის მიერ დამატებით წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციაზე წარმოედგინა ინფორმაცია/დასკვნა კერძოდ, ხელშეკრულებები წარდგენილი იყო თუ არა დავის რომელიმე ეტაპზე, მათი დროულად წარდგენის შემთხვევაში, აღნიშნული გავლენას მოახდენდა თუ არა შემოწმებით დარიცხულ თანხებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი გაუთვალისწინებლობის კონკრეტულ მიზეზებზე.
აუდიტის დეპარტამენტი 19.02.2026 წლის №------ წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში მომჩივნის არგუმენტებზე და წარმოდგენილ მტკიცებულებებზე აღნიშნავს შემდეგს:
კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ კომპანიის ანგარიშიდან საქვეანგარიშო დანიშნულებით ხდებოდა თანხების გატანა, დანიშნულებაში დივიდენდის მითითებით, რომელზეც საგადასახადო ანგარიშგება არ განხორციელებულა. ფულადი სახსრების გაანგარიშების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდებში დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილული იქნა დირქტორზე ხელფასის სახით განაცემად და აგროსილი თანხა დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის №22708 ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე (მომსახურების ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები) აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში აღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამჟამად წარმოდგენილი დოკუმენტაცია ექვემდებარება დამატებით შესწავლას და იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებების ნამდვილობა/მომსახურების გაწევის ფაქტი დადასტურდება ხელშეკრულებების მეორე მხარეების მხრიდან, გათვალისწინებულ იქნება ფულის მოძრაობაში ხარჯის ნაწილში, რაც შეამცირებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ საგადასახადო ვალდებულებებს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც აღნიშნა, რომ გარკვეული სამუშაოები იყო შესრულებული და მტკიცებულებები არსებობდა, მაგრამ ვისი უპასუხისმგებლობის გამო არ მოხდა შემმოწმებლისათვის მიწოდება გაუგებარია, არსებობს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება სამუშაოების შესრულება, მომსახურება და რა თქმა უნდა ფულადი რესურსებიც იქნებოდა გაცემული, მაგალითად სადაზღვევო მომსახურებისათვის გადახდები, ანგარიშსწორება ბანკიდან და ა.შ., თუ გათვალისწინებული იქნა ყველა ის, რაც ფულის სახით არის გაწეული და ფულად ნაშთში იქნება გათვალისწინებული, მაშინ ის თანხა რაც დარიცხულია აღარ გამოვა, შემცირდება.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების პერიოდში მტკიცებულებები არ იქნა წარდგენილი, ამიტომ საგადასახადო ვალდებულება გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, რაც შეეხება ამჟამად წარმოდგენილ დოკუმენტაციას, აღნიშნული საჭიროებს დამატებით შესწავლას.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ზემოთ დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დავის ეტაპზე წარმოდგენილი და დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.01.2026 წლის №652 ბრძანება;
3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დავის ეტაპზე წარმოდგენილი და დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო საკითხის ნაწილში შემოწმებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2025 წლის №041-72 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.01.2026 წლის №652 ბრძანება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით. ფულადი სახსრების გაანგარიშების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული სამუშაოების ანალიზის შედეგად, გამოწერილი მიღება-ჩაბარების აქტების, მიღებული ავანსებისა და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნულ ოპერაციებზე გადამხდელს საგადასახადო ანგარიშგება სრულყოფილად არ განუხორციელებია. შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა, დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ზემოთ დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დავის ეტაპზე წარმოდგენილი და დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5,9);101(1);154(1);