ბრძანება N 22804

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18.09.2023
№ დოკუმენტი 22804
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22804

18 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ ------)

(მის.: ---------)

2023 წლის 19 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა ი/მ -----ს (ს/ნ -----) 2023 წლის 19 აგვისტოს №83153/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივლისის №002-166 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება ხანძრის შედეგად განადგურებული საქონლის რეალიზებულად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ 2023 წლის 13 მარტს ობიექტზე მოხდა ხანძარი, ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტში ხანძრისგან განადგურებული სმფ-ები რეალიზაციაშია ჩათვლილი. მიუთითებს, რომ წარმოდგენილი აქვს სახანძრო სამსახურის ცნობა და პოლიციის ცნობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6543 და 2023 წლის 16 ივნისის №13666 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------ს (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 23 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 20 ივლისის №17710 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2023 წლის 21 ივლისის №002-166 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 63 547 ლარი, მათ შორის, გადასახადი 36 024 ლარი, ჯარიმა 25 849 ლარი, საურავი 1 674 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

ი/მ -----ს ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა სიგარეტებით. ასევე, საბითუმო ვაჭრობას ახორციელებს სასურსათო და ჰიგიენური საშუალებებით ქ. ------ში -----ს ქ. N---ში. სარეალიზაციო საქონლის შეძენას ახდენდა ადგილობრივ ბაზარზე. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს გააჩნდა მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე წარდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები, ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ახსნა-განმარტება, ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების შესახებ. მეწარმეს არ გააჩნდა ბუღალტრული პროგრამა ან სხვა სახის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, სადაც აღრიცხული იქნებოდა განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები. შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, საგადასახადო დეკლარაციები და სხვა). ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, შემოწმების მიერ საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შემოწმებით შეძენილი საქონელი სახეობების მიხედვით დაიყო ჯგუფებად. შეძენილი საქონლის გარკვეული ნაწილი რეალიზებული იყო დოკუმენტურად, შესაბამისად, დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრისათვის დაკავშირდა შეძენის და მიწოდების ზედნადებებში არსებული იდენტური საქონლის რეალიზაციის და უახლოესი შეძენის ფასები. შესამოწმებელი პერიოდის თითოეულ საანგარიშო წელზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საწყისი და საბოლოო სმფ-ების ნაშთის, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების ღირებულების მიხედვით განისაზღვრა თითოეული წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გათვალისწინებით დადგინდა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (თითოეული ჯგუფის იმ დასახელების საქონელზე, რომლის გარკვეული ნაწილის რეალიზაცია მოხდა დოკუმენტურად, ასევე იმ საქონელზეც, რომლის რეალიზაცია დოკუმენტურად არ მომხდარა). შემოწმების მიერ დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისათვის სმფ-ების ჯგუფებში არსებულ საქონელზე, რაზეც არსებობდა დოკუმენტური რეალიზაცია აღნიშნული საქონლის საცალო რეალიზაციაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო ისეთი დასახელების საქონელზე, რაზეც არ არსებობდა დოკუმენტური რეალიზაცია გამოყენებული იქნა შესაბამისი ჯგუფის საშუალო შეწონილი ფასნამატი. შემოწმებამ დაითვალა გადასახადის გადამხდელის დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც შეუდარდა მეწარმის მიერ დღგ-ის დეკლარირებულ მონაცემებს. გამოვლენილი სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის საანგარიშო პერიოდების თითოეული თვის დეკლარირებული ბრუნვის შესაბამისი წლის მთლიანი ბრუნვის წილის პროპორციულად დაემატა თითოეული თვის ბრუნვას და დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელს 2022 წლის თებერვლის თვეში შპს „-----გან“ შეძენილი ჰქონდა 143 455 ლარის ღირებულების თამბაქოს ნაწარმი, რაზეც საქონლის მომწოდებლის მიერ არ იყო გამოწერილი შესაბამისი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა. შემოწმების პროცესში, 2023 წლის ივნისის თვეში აღნიშნულ ოპერაციაზე შპს „------ს“ მიერ გამოწერილ იქნა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა------). შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის თანხის ჩათვლა გადასახადის გადამხდელისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, შემოწმების მიერ სმფ-ების დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებით შესამოწმებელი პერიოდის თითოეული საანგარიშო წლის მიხედვით დათვლილ იქნა მეწარმის მიღებული შემოსავალი, ასევე გათვალისწინებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. შემოწმებით დადგენილი სხვაობით გაიზარდა 2020, 2021 და 2022 წლების ერთობლივი შემოსავალი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით აღწერილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ გააჩნდა ბუღალტრული პროგრამა ან სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რის გამოც შემოწმების მიერ შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შედეგად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა პირის საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ, სმფ-ების ჯგუფებში არსებულ საქონელზე, რაზეც არსებობდა დოკუმენტური რეალიზაცია დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, ხოლო ისეთი დასახელების საქონელზე, რაზეც არ არსებობდა დოკუმენტური რეალიზაცია შესაბამისი ჯგუფის საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენება და დამატებითი შემოსავლისა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, მის სავაჭრო ობიექტში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურებულ საქონელთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის 61 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 ნაწილში აღნიშნული პირობების გაუთვალისწინებლად ჩამოწეროს დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი, ავარია ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით განადგურდა/დაიკარგა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები) ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

ამასთან, დაუძლეველი ძალის (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი, ავარია ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით განადგურდა/დაიკარგა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები) ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის წესი განისაზღვრება „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 3716 მუხლით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, 2023 წლის 13 მარტს მის სავაჭრო ობიექტზე გაჩნდა ხანძარი და განადგურდა სმფ-ები.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს, სავაჭრო ობიექტში გაჩენილ ხანძართან და განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ------ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სავაჭრო ობიექტში გაჩენილ ხანძართან და განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება ხანძრის შედეგად განადგურებული საქონლის რეალიზებულად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ 2023 წლის 13 მარტს ობიექტზე მოხდა ხანძარი, ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტში ხანძრისგან განადგურებული სმფ-ები რეალიზაციაშია ჩათვლილი. მიუთითებს, რომ წარმოდგენილი აქვს სახანძრო სამსახურის ცნობა და პოლიციის ცნობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა სიგარეტებით. ასევე, საბითუმო ვაჭრობას ახორციელებს სასურსათო და ჰიგიენური საშუალებებით. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ვერ დადგინდა დაბეგვრის ობიექტი, შემოწმების მიერ საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმებამ დაითვალა გადასახადის გადამხდელის დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც შეუდარდა მეწარმის მიერ დღგ-ის დეკლარირებულ მონაცემებს. გამოვლენილი სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის საანგარიშო პერიოდების თითოეული თვის დეკლარირებული ბრუნვის შესაბამისი წლის მთლიანი ბრუნვის წილის პროპორციულად დაემატა თითოეული თვის ბრუნვას და დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელს 2022 წლის თებერვლის თვეში შეძენილი ჰქონდა 143 455 ლარის ღირებულების თამბაქოს ნაწარმი, რაზეც საქონლის მომწოდებლის მიერ არ იყო გამოწერილი შესაბამისი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა. შემოწმების პროცესში, 2023 წლის ივნისის თვეში აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილ იქნა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის თანხის ჩათვლა გადასახადის გადამხდელისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, შემოწმების მიერ სმფ-ების დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებით შესამოწმებელი პერიოდის თითოეული საანგარიშო წლის მიხედვით დათვლილ იქნა მეწარმის მიღებული შემოსავალი, ასევე გათვალისწინებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. შემოწმებით დადგენილი სხვაობით გაიზარდა 2020, 2021 და 2022 წლების ერთობლივი შემოსავალი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს, სავაჭრო ობიექტში გაჩენილ ხანძართან და განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(1), 61(3), 43(4), 49(1"ე"), 73(5"ა"), 158(1), 159(1"ა"), 163(1)(2), 164(1), 80(1), 100(1)(3"ბ"), 102(1"ა"), 105(1)(2), 145(61).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 994 ბრძანება.