გადაწყვეტილება №20994/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.02.2024
№ დოკუმენტი 20994/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20994/2/2023

09 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 5.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20994/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით (ხილ-ბოსტნით და სურსათით ვაჭრობის ნაწილში);

2. საერთაშორისო გადაზიდვების შედეგად მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №081-157 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.09.2023 წლის №23584 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 246 670 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 149 282

დღგ - 51 111

საშემოსავლო გადასახადი - 97 541

ქონების გადასახადი - 630

ჯარიმა - 81 427

საურავი - 15 961

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს მალფუჭებადი საქონლის (ხილ-ბოსტნეული) იმპორტი, ადგილობრივი შეძენა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, ასევე სურსათით ვაჭრობა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 4.12.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 28.07.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №18945 ბრძანება და 3.08.2023 წლის №081-157 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 15.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.09.2023 წლის №23584 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით (ხილ-ბოსტნით და სურსათით ვაჭრობის ნაწილში)

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 211 240 ლარს (დღგ-ის გარეშე). საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად შემოწმების შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები როგორც ხილ-ბოსტნის ნაწილში, ასევე სურსათით ვაჭრობაში განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: ხილ-ბოსტნეულის ნაწილში შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებულია, საქონლის სახეობების მიხედვით, დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად (მომდევნო თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების გათვალისწინებით) კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით, ხოლო იმ პერიოდში, როცა არ ფიქსირდებოდა საქონლის სარეალიზაციო ფასი გავრცელებულია კონკრეტული საქონლის სარეალიზაციო ფასნამატი. აღნიშნულის შედეგად დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი, ხოლო სურსათით ვაჭრობის ნაწილში გამოყენებულია მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ობიექტის აუდირებული ფასნამატი 15% (აღნიშნული ემთხვევა საწარმოს დირექტორის მიერ წარდგენილ განმარტებაში დაფიქსირებულ ფასნამატს).

შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად განისაზღვრა 495 185 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა 283 945 ლარი (დღგ-ის გარეშე) 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების შედეგად, ხილ-ბოსტნით და სურსათით ვაჭრობის ნაწილში დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 322 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარუდგენია. შესაბამისად, შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, ფულის ნაშთი 322 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილია გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შესაბამისად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია. შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ არის წარდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ 3 222 000 ლარის ოდენობის შემოსავალი კომპანია არ ჰქონდა, შესაბამისად, არ ეთანხმება არსებულ დარიცხვებს, ვინაიდან კომპანია ახდენდა საერთაშორისო გადაზიდვებს და უხდიდა მძღოლებს თანხას. ასევე, კომპანიას გაწეული აქვს სხვა ხარჯები, რის გამოც კომპანიას მინიმალური მოგება ჰქონდა. სატრანსპორტო საშუალებაც ნასესხები ფულით იყო შესყიდული და მის პროცენტებს ძლივს ფარავდა. რაც შეხება, ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობას ახდენდა მცირე რაოდენებით და ისიც ნაგავსაყრელზე იყრებოდა.

ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით საკითხი დაბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს გადასაანგარიშებლად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს ვინაიდან, კომპანიას გაწეული აქვს ხარჯი (მძღოლებს უხდიდა თანხას, ასევე, ნასესხები თანხით შეძენილი აქვს სატრანსპორტო საშუალებები და იხდის პროცენტის თანხას) და 3 222 000 ლარის შემოსავალი ვერ ექნებოდა. რაც შეხება, ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობას ახდენდა მცირე რაოდენობით და ისიც ნაგავსაყრელზე იყრებოდა. ითხოვს, აღნიშნულის გათვალისწინებით საკითხი დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს გადასაანგარიშებლად.

აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №101672-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში მითითებულია, რომ საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული, შედეგად შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით.

შემოწმების შედეგად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში დადგენილი სხვაობა 283 945 ლარი (დღგ-ის გარეშე) დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, დადგენილ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 322 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას არ გააჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი. ამასთან, გამოვლენილი ფულის ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება არ წარუდგენია. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილია გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების, მხარეთა არგუმენტების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტის დამადასტურებელ დოკუმენტს/მტკიცებულებას, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იყო გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამდენად, ამ ნაწილში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საერთაშორისო გადაზიდვების შედეგად მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯის ოდენობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს 2022 წლის ივნისში შეძენილი აქვს სატვირთო ავტომობილი და მისაბმელი, რომლის საშუალებითაც შესამოწმებელ პერიოდში ახორციელებდა საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურებას.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და მესამე მხარეებისგან მიღებული ინფორმაციის, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა შესამოწმებელ პერიოდში საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურებით მიღებული შემოსავლების ნაწილი, ხოლო იმ მიმართულებაზე, სადაც გადამხდელს არ უფიქსირდება საბანკო ჩარიცხვით მიღებული შემოსავალი, თუმცა იდენტიფიცირდება გადაზიდვის მიმართულება, გამოყენებულია შემოწმებით დადგენილი გადაზიდვების საშუალო ფასი.

აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგინდა საერთაშორისო გადაზიდვების შედეგად მიღებული შემოსავლების ოდენობა, რომელიც შეადგენს 128 094 ლარს, ასევე შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული იმ ხარჯების ოდენობა, რომელიც უკავშირდება აღნიშნულ გადაზიდვებს, კერძოდ: გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე გაანგარიშდა გადაზიდვასთან დაკავშირებული სამივლინებო ხარჯები და ხელფასის სახით გადახდილი თანხების რაოდენობა. საწარმოს დირექტორის განმარტებით მივლინების ხარჯი შეადგენდა 15 დოლარს, ხოლო დაქირავებული მძღოლისათვის ხდებოდა ხელფასის სახით 1 კილომეტრზე 10 ცენტის ანაზღაურება, რომლითაც დადგენილია შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნულ გადაზიდვებზე მძღოლისთვის გადახდილი ხელფასი.

საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების შედეგად გადაზიდვის მომსახურების ნაწილში გამოვლენილი ფულის ნაშთი (მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა) 53 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილია გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, გადამხდელს შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მძღოლისთვის გადახდილი ხელფასი არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით, შედეგად გადაზიდვის მომსახურების მიმართულებების და გავლილი მანძილის გათვალისწინებით გაანგარიშდა მძღოლზე გადახდილი ხელფასის ოდენობა, რაც შეადგენს 15 165 ლარს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არგუმენტს მოიცავს პირველი დავის საგანი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

არგუმენტს მოიცავს პირველი დავის საგანი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

მომჩივანი განმარტავს, კომპანია ახორციელებდა საერთაშორისო გადაზიდვებს, მძღოლებს უხდიდა თანხას. ასევე, კომპანიას გაწეული აქვს სხვა ხარჯები, რის გამოც კომპანიას მინიმალური მოგება ჰქონდა. სატრანსპორტო საშუალებაც ნასესხები ფულით იყო შეძენილი და მის პროცენტებს ძლივს ფარავდა. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით საკითხი დაბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს გადასაანგარიშებლად.

შემმოწმებელი დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს, მესამე მხარეებისგან მიღებულ ინფორმაციას, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებს და დაადგინა შესამოწმებელ პერიოდში საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურებით მიღებული შემოსავლები, ასევე შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული იმ ხარჯების ოდენობა, რომელიც უკავშირდება აღნიშნულ გადაზიდვებს, კერძოდ: სამივლინებო და ხელფასის ხარჯები (რომელიც არ იყო დაბეგრილი).

საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას არ გააჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი. ზემოთ აღნიშნულის შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილია გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, მძღოლისთვის გადახდილი ხელფასი დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით.

ზემოთ აღნიშნულის და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგებს, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ნაწილში მართებულად არის განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები. ამდენად, არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით (ხილ-ბოსტნით და სურსათით ვაჭრობის ნაწილში);

2. საერთაშორისო გადაზიდვების შედეგად მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს მალფუჭებადი საქონლის (ხილ-ბოსტნეული) იმპორტი, ადგილობრივი შეძენა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, ასევე სურსათით ვაჭრობა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 15.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 26.09.2023 წლის №23584 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგებს, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ნაწილში მართებულად არის განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები. ამდენად, არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154; 105; 159;