ბრძანება N 25466
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25466
05 ნოემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ააიპ „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2026 წლის პირველი აგვისტოს
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 13 აგვისტოს და 29 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები №73; №98) განიხილა ააიპ „---ის“ (ს/ნ ---) №103819/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №006-288 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
2. საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 10 ივნისის №12749 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ააიპ „--- ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი ივლისის №14857 ბრძანება და 2 ივლისის №006-288 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 246 307 ლარი:
მათ შორის:
დღგ - 169 214
ჯარიმა - 47 823
საურავი - 29 270
საკითხი №1.
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „---“ (ს/ნ ---) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის პირველ თებერვალს. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს შენობებზე გრაფიკული ნახატების განთავსება. შემოწმების მიერ დამუშავებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, სახელმწიფო შესყიდვები, რომელთა შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 26 ოქტომბერს, შესაბამისად, აიპ „---ს“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით არ მიუმართავს. „---ს“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი აცხადებს, რომ --- წარმოადგენს საერთაშორისო კულტურულ და სახელოვნებო პლატფორმას, რომელიც ახორციელებს მასშტაბური ფასადური მხატვრობის (--- ის), ურბანული ხელოვნებისა და საზოგადოებრივი სივრცეების მხატვრული განვითარების პროექტებს, ძირითადად მუნიციპალიტეტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. უმეტეს შემთხვევებში პროექტები ხორციელდება მუნიციპალიტეტების კულტურული პროგრამების ფარგლებში, იშვიათ შემთხვევაში კი - იგივე მიზნით, ტენდერის მეშვეობით.
პროგრამული/მუნიციპალური კულტურული დაფინანსებიდან მიღებული თანხები არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ მომსახურებას, რადგან საჯარო ორგანო მოქმედებს არა როგორც კომერციული მომსახურების შემსყიდველი, არამედ როგორც კულტურული პოლიტიკის მხარდამჭერი. პროექტის შედეგი ემსახურება საზოგადოებრივ და კულტურულ მიზანს და არა დამფინანსებლის ინდივიდუალურ კომერციულ ან ეკონომიკურ ინტერესს. ის გარემოება, რომ სახელმწიფო სტრუქტურა დაფინანსების გაცემისას განსაზღვრავს პროექტის მიზანს, ვადებს, ხარჯთაღრიცხვას, ანგარიშგების წესს, დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას ან აუთვისებელი/არამიზნობრივად გახარჯული თანხის დაბრუნების წესს, არ ნიშნავს, რომ დაფინანსების მიმღები სახელმწიფოს მომსახურებას უწევს. ასეთი პირობები წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, გამჭვირვალე და კანონმდებლობის შესაბამისი ხარჯვის კონტროლის მექანიზმს. სახელმწიფო ორგანო საჯარო სახსრებს ვერ გასცემს უპირობოდ; შესაბამისად, ბუნებრივია, რომ დაფინანსება მიბმულია კონკრეტული კულტურული პროექტის განხორციელებაზე და მისი მიზნობრივი ხარჯვის დადასტურებაზე. ასევე, სამინისტროს ან სხვა სახელმწიფო სტრუქტურის, როგორც ფინანსური მხარდამჭერის, მითითება პროექტთან დაკავშირებულ საინფორმაციო მასალებში არ უნდა იქნეს ავტომატურად კვალიფიცირებული როგორც სარეკლამო მომსახურება. ასეთი მითითება მიზნად ისახავს დაფინანსების წყაროს გამჭვირვალედ წარმოჩენას და საჯარო კულტურული პროექტის ფინანსური მხარდამჭერის იდენტიფიცირებას. იგი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სარეკლამო მომსახურებას, რომლის სანაცვლოდაც --- იღებს ანაზღაურებას. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით მიღებული თანხები განსხვავდება პროგრამული დაფინანსებისგან. როდესაც ხელშეკრულებაში გამოყენებულია შესყიდვის სტრუქტურა — „შემსყიდველი“, „მიმწოდებელი“, „ტექნიკური დავალება“, „ხელშეკრულების ღირებულება“, „მომსახურება“ — და საჯარო ორგანო კონკრეტულ მომსახურებას ყიდულობს, ასეთი ოპერაცია კი წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ მომსახურებას. დღგ-ის ზღვარი უნდა გადაანგარიშდეს მხოლოდ კონკრეტული მომსახურებით, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვით დადასტურებული ოპერაციებით. კომპანიას აქვს ასევე კერძო კომპანიებისგან მიღებული სპონსორული დახმარების თანხები, რომელიც ასევე არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თანხას, ვინაიდან, ამ კერძო სპონსორებიდან მიღებული თანხები მათთან იბეგრება მოგების გადასახადით, ხოლო ამ სპონსორობის თანხებში დღგ-ის კომპონენტი გათვალიწინებული არაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს თანხები არ იქნებოდა სპონსორული დახმარების სახით მიღებული დაფინანსება, მაშინ სპონსორები მოგვთხოვდნენ მომსახურებაზე სათანადო ინვოისების, ან შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების წარდგენას მათგან მიღებული თანხების ანგარიშში, ხოლო ყველა ასეთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მხოლოდ სპონსორულ დახმარების მიღებას ერთი კონკრეტული არაკომერციული პროექტის დასაფინანსებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას. ამასთან, აცხადებს, რომ არსებობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველი.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს შენობებზე გრაფიკული ნახატების განთავსება.
შემოწმების მიერ დამუშავებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, სახელმწიფო შესყიდვები, რომელთა შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 26 ოქტომბერს, შესაბამისად, აიპ „---ს“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს შემოწმების ფარგლებში არსებული ხელშეკრულებები/დოკუმენტები და თუ დადასტურდება, რომ ხელშეკრულებები გაფორმებულია პროექტის დაფინანსების მიზნით, დაფინანსება წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე კულტურული საქმიანობის მხარდაჭერას ან კომერციული აქტივობის ხელშეწყობას (ხელშეკრულებები არ არის გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად), მიღებული ანაზღაურება (სუბსიდია/დაფინანსება) არ განიხილოს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საკითხი №2.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი, ითხოვს გადაანგარიშების პირობებში დარჩენილი ჯარიმების და საურავების თანხების პატიებას, ვინაიდან ა(ა)იპ არაა შექმნილი მოგების მიღების მიზნით, არ გააჩნია არავითარი მოგება, არავითარი თავისუფალი ფულადი სახსრები ან ქონება, რის გამოც ვერ შეძლებს ჯარიმა-საურავის თანხის დაფარვას.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე პირის სანქციისგან გათავისუფლების მიზანშეწონილობის განმსაზღვრელი კომისიის სხდომის ოქმის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №006-288 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ააიპ „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს შემოწმების ფარგლებში არსებული ხელშეკრულებები/დოკუმენტები და თუ დადასტურდება, რომ ხელშეკრულებები გაფორმებულია პროექტის დაფინანსების მიზნით, დაფინანსება წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე კულტურული საქმიანობის მხარდაჭერას ან კომერციული აქტივობის ხელშეწყობას (ხელშეკრულებები არ არის გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად), მიღებული ანაზღაურება (სუბსიდია/დაფინანსება) არ განიხილოს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. ააიპ „---“ (ს/ნ ---) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269- მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №006-288 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
2. საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის პირველ თებერვალს. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს შენობებზე გრაფიკული ნახატების განთავსება. შემოწმების მიერ დამუშავებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, სახელმწიფო შესყიდვები, რომელთა შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 26 ოქტომბერს, შესაბამისად, აიპ-ს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით არ მიუმართავს. პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს შემოწმების ფარგლებში არსებული ხელშეკრულებები/დოკუმენტები და თუ დადასტურდება, რომ ხელშეკრულებები გაფორმებულია პროექტის დაფინანსების მიზნით, დაფინანსება წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე კულტურული საქმიანობის მხარდაჭერას ან კომერციული აქტივობის ხელშეწყობას (ხელშეკრულებები არ არის გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად), მიღებული ანაზღაურება (სუბსიდია/დაფინანსება) არ განიხილოს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, პირი გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165 (1,2); 159 (1,ბ); 163 (1,2); 164 (1); 269 (7).