ბრძანება N 24818

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 11.11.2025
№ დოკუმენტი 24818
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24818

11 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,--------ის“ (ს/ნ----------)

(მის.:----------------------------)

2025 წლის 3 და 6 ნოემბრის

საჩივრების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 6 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №92) განიხილა შპს ,,--------ის“ (ს/ნ----------) 2025 წლის 3 ნოემბრის №----/1/2025 და 6 ნოემბრის №----/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №021-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო. ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებს, რომ შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი იმყოფებოდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ (წარმოდგენილი აქვს საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია), შესაბამისად, შემოწმების პროცესისთვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია მათ მიერ წარდგენილი არ ყოფილა. აღნიშნავს, რომ შემოწმება დაიწყო 2022 წლის 29 დეკემბერს, ხოლო დირექტორი და დამფუძნებელი 2022 წლის ოქტომბრიდან არ იმყოფებიან საქართველოში, არ განუხორციელებია RS.GE-ის პორტალზე წვდომა, რისი გადამოწმებაც შესაძლებელია IP მისამართების შემოწმებით. კომპანიის RS პორტალის მართვას ახორციელებდა მხოლოდ ბუღალტერი, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებდა საკუთარ პროფესიულ ვალდებულებებს — დროულად ტვირთავდა დეკლარაციებსა და პირველად საგადასახადო დოკუმენტებს. სწორედ მის მიერ მოხდა შემოწმების დაწყების ბრძანების, საგადასახადო შემოწმების აქტისა და საგადასახადო მოთხოვნის გაცნობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბუღალტერს არ გააჩნდა უფლებამოსილება კომპანიის დირექტორის სახელით განეხორციელებინა სამართლებრივი მოქმედება, მათ შორის, საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრება. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 13 აპრილს გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა ვერ იქნა გასაჩივრებული კანონმდებლობით დადგენილ 30 დღიან ვადაში. შედეგად, კომპანიის მიერ აქტით დარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა აღიარებულ საგადასახადო დავალიანებად. ასევე, შემოსავლების სამსახურმა გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი და მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის ვალდებულების ცრუმაგიერ პირად დირექტორის და დირექტორის დის აღიარების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის დირექტორისათვის, ქალბატონ -----თვის, ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2025 წლის 10 ოქტომბერს მის დას ჩაბარდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც ------ა და -----ა აღიარებულნი იყვნენ შპს ,,-----ის“ ცრუმაგიერ პირებად. სწორად ამ შუამდგომლობის ჩაბარების შემდგომ გახდა ცნობილი კომპანიის დირექტორისთვის საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ, რის შემდეგაც დირექტორმა მოახდინა იურისტთან დაკავშირება და მისცა წარმომადგენლობის უფლებამოსილება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი ნორმით და დასაშვებად მიიჩნიოს დავის პროცესის დაწყება 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ახლად გამოვლენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე. ასევე, ითხოვს გათვალისწინებულ იქნას, რომ კანონმდებლობით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევა არ იყო გამოწვეული კომპანიის დაუდევრობით ან უყურადღებობით. აღნიშნული შემთხვევა წარმოიშვა დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორული) გარემოებების შედეგად.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №021-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საჩივრებში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის დაწყების საფუძველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის გათვალისწინებით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის საქმეზე წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები და არგუმენტები, რაც დავის დაწყების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №021-18 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს ,,----ის“ მის მიმართ შედგენილ 2023 წლის 30 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტს, 2023 წლის 12 აპრილის №8225 ბრძანებასა და 2023 წლის 13 აპრილის №021-18 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 19 აპრილს.

შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2025 წლის 3 და 6 ნოემბერს.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრების ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს ,,---ის“ (ს/ნ -------) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №021-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ,,---ის“ (ს/ნ -------) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №021-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს ,,---ის“ (ს/ნ -------) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 აპრილის №021-18 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ მომჩვანის მიმართ შედგენილ 2023 წლის 30 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტს, 2023 წლის 12 აპრილის №8225 ბრძანებასა და 2023 წლის 13 აპრილის №021-18 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 19 აპრილს.შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2025 წლის 3 და 6 ნოემბერს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის №021-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ხოლო,მომჩივანის საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის №021-18 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(1.6.7.10); 301( „ე“);